ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსის დიმიტრი ბოკერიას განცხადებით, გამგეობის სხდომა არ იყო უფლებამოსილი, დელეგატი დაენიშნა, აღმასკომმა კი ამ კუთხით იმსჯელა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ბოკერიამ საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის შემდეგ განაცხადა, სადაც გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დანიშნული დელეგატის კანონიერების საკითხი წყდებოდა, გურიის რეგიონული ფედერაციის გამგეობის სხდომა უფლებამოსილი არ ყოფილა, რომ დელეგატი დაენიშნა.
„ტრიბუნალის გადაწყვეტილებაზე ვიმსჯელებთ ფედერაციაში, თუ რატომ მიიღო ტრიბუნალმა ასეთი გადაწყვეტილება. ერთი რაზეც ვაპელირებდით, იყო ის, რომ გამგეობის სხდომა არ იყო უფლებამოსილი, დელეგატი დაენიშნა. აღმასკომმა ამ კუთხით იმსჯელა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვთვლით, რომ გურიის ფედერაციის პრეზიდენტს კახა ებრალიძეს შეეძლო დაენიშნა დელეგატი. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გურიიდან დელეგატები ზუსტად ასეთი სახის წერილით მოდიოდნენ ფედერაციაში და ახლა რატომ გახდა სადავო, ვერ ვხვდები", - აღნიშნა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრთა და სფფ-ს მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გოჩა ტყებუჩავას დელეგატობა გაუუქმა.
გადაწყვეტილების თანახმად, უარყოფილ იქნა მოთხოვნა ა(ა)იპ გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად იური ჩხაიძის კანდიდატურის დამტკიცების შესახებ. ასევე გაუქმდა სფფ-ს აღმასკომის 2015 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც, გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად დამტკიცდა გოჩა ტყებუჩავა.