თბილისში, უზნაძის ქუჩაზე არსებულ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს. პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად ასრულებს. ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა, წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის მფარველობისათვის საცხოვრებელი სახლის კუთხეებში მთავარანგელოზ მიქაელის სახელი დააწერონ.
პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს მთავარანგელოზ მიქაელის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. პატრიარქის თქმით, არსებობს ალექსანდრიის პატრიარქის გადმოცემა, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში ჩადის და ფრთებით ადამიანთა სულები ამოყავს.
"ღმერთმა ინებოს, რომ ვინც არის ტანჯულთა სულები, მთავარანგელოზმა მიქაელმა ამოიყვანოს თავისი დიდი წყალობით და სიყვარულით. ალექსანდრიის პატრიარქი ამბობს, რომ მთავარანგელოზმა ადამიანი ხილული და უხილავი მტრებისგან რომ დაიცვას, სახლის კუთხეებში მთავარანგელოზის სახელი უნდა დააწეროს. გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, სახლის კუთხეებში დააწეროთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელი", - აღნიშნა უწმინდესმა.
უწმინდესმა ტაძრის წინამძღოლი მამა ალექსანდრე დააჯილდოვა მეორე ჯვრის ტარების უფლებით, ასევე ტაძრისთვის წმინდა ილია თეზბიტელის ხატი საჩუქრად გადასცა.