reportiori.ge - მამუკა არეშიძე: უგულავა ვერ მიხვდა, რამხელა შეცდომა დაუშვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:32
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: უგულავა ვერ მიხვდა, რამხელა შეცდომა დაუშვა
ავტორი:
21 სექტემბერი, 2015. 14:07


ხშირად შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები ჩვენთან ისეთ სახეს იღებს, რომ როგორც პოლიტიკურ ელიტას, ასევე საზოგადოებას უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები რჩება თვალთახედვის მიღმა. ამის კარგი მაგალითია ბოლო კვირაც, როდესაც თბილისის ყოფილი მერის - გიგი უგულავას საქმის სასამართლო გარჩევამ და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მთელი ქართული საინფორმაციო სივრცე დაიპყრო. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია წინასაპატიმრო 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ახალი ბრალდების საფუძველზე პირის საპატიმროში დატოვება. შედეგად, უგულავას 24-საათიანი თავისუფლება ერგო წილად, თუმცა, რიყისა და „თბილსერვისის" საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ის 4 წლითა და 6 თვით კვლავ ციხეში შეაბრუნა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესების ამგვარი განვითარებით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და ბოლოს და ბოლოს, მივიღეთ ისეთი დემოკრატია, როგორითაც ბიძინა ივანიშვილი ევროპის გაოცებას აპირებდა, თუმცა, მეორე ნაწილის აზრით, პოლიტიკური ბრძოლის ეს ეტაპი „ქართულმა ოცნებამ" წააგო. ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:


- მოგეხსენებათ, თეატრალური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული და მთელ ამ პროცესს, როგორც სპექტაკლს, ისე ვუყურებდი. ის, რაც ბოლო დღეებში საქართველოს სასამართლო დარბაზებში ხდებოდა, იყო ფარსი, რომელმაც საქართველოს იმიჯი როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე ჩვენი პარტნიორების თვალში მეტისმეტად შელახა. საქმეში ჩაუხედავი ადამიანებიც კი სვამენ შეკითხვას: საკონსტიტუციო სასამართლომ რომელი კანონი გააუქმა და რაზე თქვა უარი?! იმაზე ხომ არა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო რამდენიმე წლის წინ? ეს ნამდვილად ასეა - მათ საკუთარ წარმატებად მიიჩნიეს იმის გაუქმება, რაც არცთუ დიდი ხნის წინ თვითონ დააკანონეს და ჩემდა გასაოცრად, ეს გაუვიდათ... თუმცა, უგულავა ალბათ ვერ ხვდება, რამხელა შეცდომა დაუშვა. დიახ, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვა, არის ის, რომ მან სიტყვა „აბაროტი" ახსენა. ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდებათ უკან. „აბაროტის" აღება მარტო უგულავას არ შეუძლია.


რაც შეეხება სასამართლოზე ზეწოლის შესახებ გახშირებულ ლაპარაკს... ზეწოლა იყო ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა და ასეთი მასშტაბის ზეწოლა, სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მინახავს. არ ვიცი, განა ნორმალურია, სასამართლო პროცესის პარალელურად, პირდაპირი ეთერით უჩვენებდნენ მიტინგს, სადაც მოსამართლეებსა და სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებს ყველა, ვისაც არ ეზარება?! ეს არ არის ზეწოლა და ერთი მოსამართლის სახლთან გამართული აქცია ზეწოლაა?! „რუსთავი 2"-ის საქციელს რა ჰქვია, აღარ ვიცი. ის საბოლოოდ იქცა პარტიულ ტელევიზიად, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე ასრულებს პარტიული ბოსების დავალებებს.


ეს რაც შეეხება ფარსის იმ ნაწილს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" წარმოგვიდგინა, მაგრამ არსებობს მეორე ნაწილიც - „ქართული ოცნებისა" და ხელისუფლების დადგმული. მათი მოქმედება კრიტიკას ვერ უძლებს. საქმე ის კი არ არის, გიგი უგულავა ციხეში დარჩებოდა თუ არა, არამედ ის, რომ პოლიტიკურ ბრძოლას თავისი კანონები აქვს. როცა პოლიტიკოსობას გადაწყვეტ, მით უფრო - თუ ხელისუფლებაშიც ხვდები, ამ ბრძოლის წესები უნდა იცოდე ან, თუ არ იცი, ისწავლო. თუ ამას ვერ ახერხებ, პოლიტიკაშიც არაფერი გესაქმება. „ქართული ოცნების" იმ წევრებმა, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, გამოავლინეს პოლიტიკური ბრძოლის მეთოდების არცოდნა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ხელისუფლებაში პიარტექნოლოგიების არაფერი გაეგებათ... უგულავას აქამდე მიყვანა როგორ შეიძლებოდა?! შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკუთარი ხელით ითხრიან სამარეს.


რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, მას შემდეგ იმაზეა ლაპარაკი, რომ საბოტაჟია როგორც ძალოვან სტრუქტურებში, ასევე ზოგიერთ სახელისუფლებო რგოლში, მაგრამ ამის აღსაკვეთად არ თუ ვერ დგამენ ნაბიჯებს, არ ვიცი.


„ნაციონალურმა მოძრაობამ" ისე წარმოაჩინა საქმე, თითქოს მთელი ქვეყანა ახლა მათ უჭერს მხარს. ეს მტკნარი სიცრუეა, მაგრამ უბედურება ის არის, რომ საზოგადოება ყველაფერს შორიდან უყურებს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ გულშემატკივრობს. პოლიტიკური პროცესისადმი გაჩნდა ნიჰილიზმი, რაც ძალიან ცუდია. პირდაპირ საარაკოა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ცინიზმი, როცა ისინი ლაპარაკობენ თავისუფალი სასამართლოს პრინციპსა და მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენაზე. რასაც თვითონ აშავებდნენ წლების განმავლობაში, ახლა „ქართულ ოცნებას" აბრალებენ და ფრთაშესხმული ანგელოზებივით გვიკითხავენ მორალს...

 

- თუმცა, ამ პროცესებმა კარგად აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რევანშისთვის ემზადება. როგორც პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, საზოგადოებას უკვე აღარ სჯერა, რომ ამ რევანშისგან „ქართული ოცნება" დაიცავს...


- „ნაციონალური მოძრაობა", რა თქმა უნდა, ემზადება რევანშისთვის, თუმცა, მათი მდგომარეობა მაინც უიმედოა. რაც შეეხება ქალბატონი  ხათუნას ნათქვამს... კი, საზოგადოების ნაწილს ასეთი განწყობა ნამდვილად აქვს, მაგრამ ამ შეფასებებიდან მე სხვა რამ უფრო მენიშნა. ქალბატონმა ხათუნამ განაცხადა - სახელისუფლებო სისტემაში მყოფი ადამიანები, რომელთა პოზიცია მერყევია, აუცილებლად შეხედავენ ამ ყველაფერს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაციას და დაიწყებენ ფიქრს იმაზე, ღირს კი ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, თუკი შეიძლება, ერთ წელიწადში „ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდესო. მე დღეს ხელისუფლებაში მათ მობრუნებაზე ლაპარაკი არასერიოზული მგონია. არჩევნებამდე კიდევ დროა. ეს პოლიტიკური ბრძოლაა, რომლის ერთი რაუნდი ხელისუფლებამ დათმო, თუმცა, გადამწყვეტი ბრძოლა წინ არის

 

- როგორ შეაფასეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ხედავთ თუ არა პოლიტიკურ შემადგენელს მის მოქმედებაში?

 

- ეჭვიც არ მეპარება, რომ პაპუაშვილის უწყებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მე პაპუაშვილსაც და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ნაწილსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ჩვენ ერთად ვიყავით პარლამენტში და შემდეგ გარკვეულ პროცესებშიც ერთად ვმონაწილეობდით. კარგად ვიცი, როგორი ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი პაპუაშვილს. თავის დროზე ისინი მეტყველების პედაგოგთანაც კი ერთად დადიოდნენ... კარგად ვიცი, როგორ გახდა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და როგორ მოინდომა ეს მიხეილ სააკაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთი წევრი (გვარებს არ დავასახელებ) წლების წინ პარლამენტის იმ იურიდიულ კომიტეტში სპეციალისტად მუშაობდა, რომელსაც სააკაშვილი თავმჯდომარეობდა. ჩემს გარდა, კიდევ ბევრმა იცის, როგორ გაუკვალა მათ გზა მიხეილ სააკაშვილმა, როგორ იზრუნა მათ კარიერაზე. ვიმეორებ, საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ტურავას მოქმედებაც პოლიტიკური მოტივით ყოფილიყო განპირობებული. ეს ყველაფერი ფარსი სწორედ იმიტომაც არის, რომ სასამართლოებში მიმდინარე პროცესი იყო შეჯიბრი - ვინ ვის დაასწრებდა.


განსაკუთრებით სასაცილო იყო გიორგი პაპუაშვილის მიერ გადაწყვეტილების წაკითხვის ტემპი - ისე ჩქარობდა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. ამას აკეთებდა იმიტომ, რომ დაესწრო პროკურატურისთვის და უგულავას გათავისუფლების პროცესი დაეჩქარებინა. ისე, ყოჩაღ „ნაციონალური მოძრაობის" პიარტექნოლოგებს, რომლებმაც ბრწყინვალედ შეასრულეს თავიანთი სამუშაო და ყველაფერი გააკეთეს უგულავას პოლიტიკურ მსხვერპლად წარმოსაჩენად. ამ ხელისუფლებას კი, როგორც ჩანს, პიარი ზედმეტი ტვირთი ჰგონია და ეს ძალიან დიდი შეცდომაა.

 

- მიუხედავად სასამართლოს განაჩენისა, შეძლებს კი ამის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს დაუმტკიცოს, რომ უგულავა პოლიტიკური პატიმარი არ არის?


- არ ვიცი, ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით ძალიან პასიურად მუშაობს. უგულავას დამნაშავეობა ლამის მეორეხარისხოვანი გახდა, არადა, სასამართლოს ვერდიქტი, არა მგონია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სიახლე ყოფილიყო, ისედაც კარგად იცოდნენ უგულავას გადაცდომების შესახებ, მაგრამ პროკურატურამ მოახერხა და ესეც საეჭვო გახადა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ მოიგერიებენ უგულავას საქმესთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების შემოტევას და შემოტევა რომ იქნება, ცხადია.


ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ხელისუფლებამ ჩააგდო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოჰაბიტაცია იქცა გაუგებარ პროცესად. უამრავი ადამიანი „ნაციონალური მოძრაობიდან" „ქართულ ოცნებაში" „დაპორტირდა" - ეს იყო და ეს. ადამიანებს დანაშაული ისე ეპატიათ, ბოდიშიც არ მოუხდიათ და მათ უკვე სხვისი დანაშაულის დაფარვა დაიწყეს. ახლახან გამოქვეყნდა სასოწარკვეთილი ჯამბულ გამცემლიძის წერილი, რომელსაც შვილი მოუკლეს და ვერა და ვერ იპოვა სამართალი. არადა, ამ საქმეში ყველაფერი ზედაპირზე დევს. რა გახდა მისი გამოძიება და დასრულება, არ ვიცი...

 

- რას იტყვით განაჩენზე, რომლის მიხედვით, უგულავასთან ერთად ბრალდებული დავით კეზერაშვილი გამართლდა?


- მე არც იურისტი ვარ და არც ამ საქმეში ჩახედული, ამიტომ ამაზე ლაპარაკი გამიჭირდება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უგულავამ გადაფარა თავისი დანაშაულის სიმძიმე, ის იქცა ლამის რომაელ ლეგიონერად, რომელმაც საკუთარი განაჩენი თვითონ გამოაცხადა და თავისი ნებით შევიდა ციხეში...


- ბრძანეთ, ეს ყველაფერი პოლიტიკური სპექტაკლი იყოო, როგორ ფიქრობთ, ვინ იყო რეჟისორი?


- რთულია ასე ერთმნიშვნელოვნად თქმა, მაგრამ ვფიქრობ, მთელ პროცესში საინტერესოდ იკვეთებოდა გიგა ბოკერიას ფიგურა. პიარტექნოლოგიის ნაწილი იყო ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ყველა ლიდერი ერთხმად ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილზე. წარმოაჩენდნენ ისე, თითქოს მხოლოდ მას უპირისპირდებიან და დანარჩენი ხელისუფლება უმნიშვნელოა.


მომავალი არჩევნების თემას რომ დავუბრუნდეთ, მე მაინც მგონია, რომ მოხდება კონსოლიდაცია ისეთი ძალებისა, რომლებიც აქამდე პოლიტიკაში აქტიურები არ იყვნენ და ანგაჟირებულებიც არ არიან. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური იდეის რეიტინგი დღეს საქართველოში ძალიან დაბალია. ეს ცუდია. ვერა და ვერ მოხერხდა საქართველოში სერიოზული პოლიტიკური სივრცის შექმნა. ლამის 30 წელია, რაც პერსონალიებს ვაძლევთ ხმას და არა პოლიტიკურ იდეებს.


- ბევრს ლაპარაკობენ ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზე...

 

- მე მას არც ვგულისხმობდი. ჯერ ერთი, მას არ უთქვამს, რომ მაინცდამაინც ამ არჩევნებისთვის გეგმავს პოლიტიკურად დააქტიურებას. ჩემი აზრით, პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.


- გიორგი მარგველაშვილი ბოლო დროს ძალიან აქტიური იყო. მან ორი განცხადება გააკეთა. ერთხელ ხელისუფლებას მოუწოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუბრკოლებლად აღესრულებინა, მეორედ კი მოსამართლეებს გამოუცხადა თანადგომა. როგორც მოსალოდნელი იყო, მისი განცხადებები მთავრობას არც ახლა მოეწონა...

 

- მარგველაშვილს უკვე ტრადიციად ექცა „ქართული ოცნების" საწინააღმდეგო განცხადებების კეთება, რაც საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელია, რადგან ყველამ კარგად იცის - რომ არა „ქართული ოცნება", გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში - ამ საარჩევნო ციკლში. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მარგველაშვილმა საგარეო მოხმარებისთვის, იდეოლოგიური თვალსაზრისით სწორი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს და მისი გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს. არ იქნებოდა ურიგო, ისიც ეთქვა, რომ უგულავას უდანაშაულობა სარწმუნოდ არ მიაჩნია, მით უფრო, რომ ძველი ხელისუფლების ჩინოსნების დამნაშავეობაზე თუნდაც ტელევიზიით არაერთხელ ულაპარაკია.


ერთ საკითხსაც მინდა მივაქციო მკითხველის ყურადღება და „ნაციონალური მოძრაობის"" დადგმული კიდევ ერთი სპექტაკლი გავიხსენო. ვგულისხმობ მევენახეების თემის აჟიტირებას, რომელიც მაშინვე დაავიწყდათ, როგორც კი უგულავას საქმე გამოჩნდა. ახლა ამ საკითხზე მსჯელობა რომ ჩაცხრება, დარწმუნებული ვარ, ისევ მევენახეებს მიუბრუნდებიან. ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალას აქვს უნარი, ააგოროს კონკრეტული თემა და აიძულოს მედია, ამაზე ილაპარაკოს.


- ამასობაში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თემების მიჩქმალვა ხდება?


- გეთანხმებით. ისეთი რაღაცები ხდება ჩვენს გარშემო, ეს შიდა დაპირისპირებები ბავშვების ჭიდაობად მეჩვენება, თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მეორეხარისხოვანი თემები ფარავს იმ პირველხარისხოვან საკითხებს, რაც საქართველოს უსაფრთხოებას და სუვერენიტეტის დაცვას შეეხება. ძალიან ცუდი ვითარებაა საქართველოს საზღვრის პერიმეტრზე, არადა, მსოფლიომ საქართველოს თემა მიივიწყა, აღარავის აინტერესებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამას ახალ ხელისუფლებას აბრალებენ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის პრობლემაც აღარ არის საინფორმაციო სივრცის მთავარი თემა. მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ ძალთა ჭიდილი, რომელშიც გამარჯვებული ჯერ არ ჩანს. არ არის გამორიცხული, ამ ჭიდილის ეპიცენტრი ცოტა ხანში კავკასია გახდეს. ამ შემთხვევაში ომს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ბევრ სხვა უსიამოვნო მოვლენას კავკასიის რეგიონში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უგულავას თემაზე ამდენი სჯა-ბაასი სასაცილოა. ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში გლობალური პოლიტიკური აზროვნების დეფიციტია, რასაც სხვაგვარად შეგვიძლია, პოლიტიკური სიბეცე დავარქვათ.

 

 

 

ნათია დოლიძე

გაზეთი „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016