reportiori.ge - „არჩევნებისთვის სერიოზულად მოვემზადებით. დავით თევზაძე საზოგადოების სამსახურში ბრუნდება“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:36
პრეს-დაიჯესტი
„არჩევნებისთვის სერიოზულად მოვემზადებით. დავით თევზაძე საზოგადოების სამსახურში ბრუნდება“
ავტორი:
22 სექტემბერი, 2015. 10:56


- ქვეყანა არ ინგრევა, როგორც ნაციონალები აცხადებენ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის! ქვეყნის მმართველობა ძალიან სუსტია! - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოძრაობა „საქართველო მშვიდობისათვის" დამფუძნებელი დავით თევზაძე და ექსკლუზიურად ახმოვანებს ინფორმაციას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ!


- ის, რაც დღეს ხდება, ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლაა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდება. ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ ღირს ნაციონალების მიერ მართულ დემონსტრაციებზე, რომლებიც ხალხის ინტერესების თავგადაკლულ დამცველებად ცდილობენ თავის წარმოჩენას. თუ ყველაფერში ასე კარგად ერკვეოდნენ და წუხდნენ ადამიანების ბედზე, სად იყვნენ 9 წლის მანძილზე.

სამწუხაროდ, მოქმედი მთავრობა ყოველდღიური, წვრილმანი პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული, რასაც შედეგი არ ახლავს.


- რას გულისხმობთ?

 

- ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელიწადს კარგად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას" ქვეყნის განვითარების რეალურად გათვლილი სტრატეგია არ ჰქონდა. ამიტომაც ვერცერთ სფეროს ვერ დამისახელებთ, სადაც საქმე წინ წავიდა. ამბობენ - ვაკეთებთ, მაგრამ არ ვაპიარებთო. როდესაც რაღაცას აკეთებ, იმას პიარი არ სჭირდება, ნებისმიერ შემთხვევაში იგრძნობს ხალხი შედეგს. სექტემბრიდან პენსიონრებს ათი ლარით კი გაეზრდებათ პენსია, მაგრამ იმას აღარავინ ამბობს, იმ ათ ლარად რისი ყიდვა შეეძლო ადამიანს სამი წლის წინათ და რისი ყიდვა შეუძლია დღეს.

უსახური გამოდგა პარლამენტიც. არ ჰყოფნით ინტელექტი, რომ თუნდაც ცუდი კანონები გააკეთილშობილონ. საგარეო პოლიტიკაშიც ინერციით მივდივართ. გადახედეთ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომელიმე მათგანი არის ისეთი ფიგურა, რომელიც შეიძლება ადამიანს დაამახსოვრდეს?!


- დაამახსოვრდება თუ არა ხალხს თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი?

 

- კი, იმიტომ, რომ მეტად უჩვეულო პიროვნებაა და თანაც პირველი მინისტრი-ქალბატონი, თორემ შეცდომებს ისიც უშვებს.


- კერძოდ?

 

- აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან, როგორც მითხრეს, ქალბატონი თინა ძალიან მტკივნეულად განიცდის მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.


- როცა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, განაცხადეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში რჩევებს არ დაიზარებდით და თქვენს გამოცდილებას გაუზიარებდით...

 

- ნამდვილად არ გავექცეოდი მასთან ურთიერთობას, მაგრამ ის ფორმატი, რომელიც აირჩია თავდაცვის ყოფილ მინისტრებთან საურთიერთოდ, არაფრის მომცემია. ამიტომაც ვერ შედგა ჩვენი შეხვედრა. თანაც პრობლემა შიგნით სტრუქტურაშია, გენერალური შტაბიც არ დგას თავის სიმაღლეზე, რათა სტრატეგიული ხასიათის საკითხები მინისტრის წინაშე დააყენოს.


კიდევ ერთხელ ვამბობ, პირადად მე არანაირი პრობლემა არ მაქვს არც ქალბატონი თინას სქესთან, არც პოლიტიკურ ხედვასთან ან მართვის სტილთან, თუმცა, ვეუბნები - იმ გარემოცვით, რომელშიც იმყოფებით, მალე თქვენთვისაც სრულიად მოულოდნელი შედეგის პირისპირ აღმოჩნდებით. სამწუხაროდ, ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დღეს თავდაცვის უწყება დგას, შეიძლება, მთლიანად ქვეყნის პრობლემებად გადაიქცეს. რჩევით კი არაფერს ვურჩევ, აზრი არა აქვს, გარდა ამისა, ვაპირებ, სოციალურ ქსელშიც შევწყვიტო აქტიურობა. ცოტა ხანში სულ სხვა ფორმითა და სტატუსით დავიწყებ საჯარო განცხადებების გაკეთებას. ვეცდები, გარკვეული გავლენა ვიქონიო დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეზე.


- იმის თქმა გსურთ, რომ აქტიურ პოლიტიკაში მოდიხართ?

 

- რამდენიმეთვიანმა საქმიანობამ დამარწმუნა, რომ სამოქალაქო მოძრაობა „საქართველო მშვიდობისათვის" ვერ შეასრულებს იმ ამოცანებს, რაც განზრახული გვქონდა და დადგა დრო, მოძრაობამ პოლიტიკურ სივრცეში გადაინაცვლოს. დროა, პოლიტიკაში გამოჩნდნენ პროფესიონალები. ზედმიწევნით კარგად ვიცი - ვინ ვინ არის და ვის რა ხელეწიფება, ერთი სიტყვით, მშვენივრად ვფლობ იმ არსენალს, რაც პოლიტიკოსს ამ ეტაპზე სჭირდება.


- ვინ იქნება თქვენ გვერდით, რა ნიშის დაკავებას აპირებთ?

 

- ოფიციალურ განცხადებას, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს გავაკეთებთ და დეტალებიც მაშინ გახდება ცნობილი. ერთს კი გეტყვით - არჩევნებისთვის სერიოზულად მოვემზადებით. დავით თევზაძე საზოგადოების სამსახურში ბრუნდება.


- თქვენი ეს განცხადება ნამდვილად ახალი და მოულოდნელი იქნება საზოგადებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე. სხვათაშორის, არცთუ დიდი ხნის წინათ „ასავალ-დასავალისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადეთ - ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დეზერტირობის ტოლფასიაო... დღეს რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

 

- ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაბედული, ვაჟკაცური ნაბიჯი იქნება, თუ პოლიტიკაში დაბრუნდება! მიუხედავად იმისა, რომ მას დღეს მოსახლეობაში ის ნდობა აღარ აქვს, რაც 2012 წელს ჰქონდა, ივანიშვილის ამ ნაბიჯს დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ვითარებაში, როდესაც მისმა ნდობით აღჭურვილმა პირებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს, პოლიტიკაში დაბრუნებას სიმამაცე სჭირდება.

 

 

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016