ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის განადგურების საქმეში „ნაციონალური მოძრაობის" როლი კოლოსალურია და ეს გასაგებია: ათწლეულების მანძილზე სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო დაწესებულება, რომელსაც საზოგადოებაზე ზემოქმედების უდიდესი ძალა ჰქონდა და მისი სჯეროდათ: 1956 წელს სტალინის შეურაცხყოფა უნივერსიტეტის სტუდენტობამ გააპროტესტა, 1978 წელს ქართული ენის დაცვის მოთავე უნივერსიტეტი იყო, ეროვნული მოძრაობის დასაწყისში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შტაბი უნივერსიტეტში ჰქონდათ, შემთხვევითი არც ის იყო, რომ წლების მანძილზე საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ორი თანამდებობა გახლდათ - მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობა და უნივერსიტეტის რექტორობა! როდის და რატომ დაიწყო უნივერსიტეტის ნგრევა? ვინ იღებდა ამაში მონაწილეობას და რა მივიღეთ საბოლოოდ? - გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გოგი გოგოლაშვილი:
- 2003 წელს ხელისუფლების სათავეში მოსულ „ნაციონალურ მოძრაობას", ფაქტობრივად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიზანში მანამდე ჰქონდა ამოღებული. ისიც კარგად მახსოვს, რომ 2002 წელს ეკა ხოფერიას თოქ-შოუში მე და პარმენ მარგველაშვილის პირისპირ გვესხდნენ დავით უსუფაშვილი და გიგი თევზაძე, რომლებიც პირდაპირ ებრძოდნენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს. დიდი ომი იწყებოდა და ამაში განსაკუთრებით გაზეთი „24 საათი" აქტიურობდა, სადაც ისეთი წერილები იბეჭდებოდა, როგორიცაა „შავი საქმეები თეთრ ტაძარში". ამით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოში უმაღლესი განათლება ყველგან ყვაოდა სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა და გასაგებია - რატომაც: უნივერსიტტის წიაღში ყოველთვის ქართული და მართალი აზრი ყალიბდებოდა, რომელიც ნაციონალებს ძირში უნდა მოესპოთ. ამიტომაც, როგორც კი კრწანისში შევარდნაძემ განაცხადა, გადავდექიო, იმ ღამესვე უნივერსიტეტში ხმაურითა და შეძახილებით მოვარდა „კმარა", ყვიროდნენ, „ახლა უნივერსიტეტის ჯერია!"
- თქვენ ესწრებოდით ამ ამბავს? კონკრეტულად, ვინ იყო მოსული?
- მახსოვს, ესენი იყვნენ თეა თუთბერიძე, გიორგი კანდელაკი, ახლანდელი უფლებადამცველი გოგა ონიანი და სხვები! ამ ღრიალის შემდეგ უკვე როინ მეტრეველს მიადგნენ და „როინა, გამო გარეთო", - უყვიროდნენ. სხვათაშორის, დავინტერესდი „კმარას" ისტორიით და, იცით, რა წერია? - „მოწინააღმდეგეს წინასწარგანზრახვით უნდა მიმართო უცენზურო და აგდებული სახელით, რათა ღირსება მოუსპო და ამით მიზანი უკვე სანახევროდ მიღწეულია". ამ პერიოდისთვის, ზოგადად, ნაციონალები უტევდნენ სამ ძალას, რომლებსაც მანამდე იოლად ვერავინ ერეოდა. ამ ძალების ხელში ჩაგდებით ისინი საზოგადოების მართვის სადავეებს იღებდნენ და ეს მოახერხეს კიდეც!
- რა ძალებს გულისხმობთ?
- ეს იყო მწერალთა კავშირი, უნივერსიტეტი და ეკლესია, აქედან - მწერალთა კავშირი, ფაქტობრივად, დაშალეს, უნივერსიტეტი დაანგრიეს და ეკლესიას დღესაც მწარედ ებრძვიან! როცა ნაციონალებმა „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის პროექტი გამოაქვეყნეს, უნივერსიტეტის დიდმა სამეცნიერო საბჭომ განაცხადა, ამ კანონის მიღება დაუშვებელიაო და ეს არგუმენტებით დაადასტურა. ამან კი, თურმე, სააკაშვილი გააცოფა: საბჭოს სხდომის მეორე დღეს პრეზიდენტი დედისეულ სოფელ ცხრუკვეთში ბრძანდებოდა და იქიდან პირველი შეტევა განახორციელა უნივერსიტეტის პედაგოგებზე. ჯერ „წითელი პროფესურა" გვეძახა და შემდეგ პირველად იხმარა სიტყვა „ჩარეცხილები", რადგანაც გავბედეთ და მინისტრ ლომაიას პროექტი დავუწუნეთ! ორი დღის შემდეგ კი პრეზიდენტი სასწრაფოდ მოვარდა უნივერსიტეტში - მის მოსვლას სხვაგვარად ვერ დავარქმევ - და როინ მეტრეველი აიძულა, გადამდგარიყო.
- როგორ აიძულა?
- ეს ძალიან მარტივად ხდებოდა - არ შეასრულებდი მათ მოთხოვნას? რამეს ვერ მოგიგონებდნენ, ვერ დაგაბრალებდნენ თუ რა? ასე ხომ უამრავი გააუბედურეს. ამიტომ ბატონმა როინმა დაწერა განცხადება და გადადგა, თუმცა, მანამდე ლომაიას შეხვედრა ჰქონდა სტუდენტებთან და მათ კახა ლომაია შენობიდან შეძახილებით გაძევეს!
- რატომ მოვიდა უნივერსიტეტში განათლების მაშინდელი მინისტრი?
- საკუთარი იდეების გატარება სურდა და ამისი უფლება აუდიტორიამ არ მისცა. მარიკა ლორთქიფანიძემ და სხვებმაც კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს და დარბაზში ისეთ ამბავი ატყდა, ლომაია დაცვამ უკანა მხრიდან გააპარა, თუმცა, წასვლის წინ გამწარებულმა ხმამაღლა დაიქადნა: „ჯავახიშვილის უნივერსიტეტს ნაჯახით ამოვძირკვავო" და ეს დაპირება ბოლომდე შეასრულა. ეს შეხვედრა გველის ნაკბენივით დაამახსოვრდა და სანამ 2006 წელს რექტორად გიორგი ხუბუა არ მოიყვანა, უნივერსიტეტის შენობას არ გაჰკარებია! ამის შემდეგ უკვე ილიას სახელობის უნივერსიტეტში რექტორად გიგი თევზაძე დაინიშნა, ლომაიამ იქ განაცხადა: „ჩვენ ამით ამბიციურ უნივერსიტეტს ვქმნითო" და ასეც მოხდა: „ილიაუნს" უდიდესი თანხები გამოუყვეს, ხოლო ჯავახიშვილს - დაფინანსება შეუმცირეს.
- მაგრამ მანამდე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწფო უნივერსიტეტის რექტორად რუსუდან ლორთქიფანიძე დანიშნეს.
- რუსუდან ლორთქიფანიძეს უნივერსიტეტი არ ჰქონდა დამთავრებული და ესეც გათვლილი იყო, როცა რექტორად ნიშნავდნენ. ლორთქიფანიძე გახლდათ ტექნიკური უნივერსიტეტის კადრი, სპეციალობით არქიტექტორი, ამიტომ უნივერსიტეტში მოსვლის შემდეგ სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდა, მაგრამ როცა დაინახა, რომ მისი ხელით აპირებდნენ უნივერსიტეტის განადგურებას, ქალბატონმა რუსუდანმა ამაზე უარი თქვა!
- კი მაგრამ, თავიდანვე ვერ ხვდებოდა, სად მოჰყავდათ და რისთვის?
- უარი ვერ თქვა. არადა, ნაციონალების გეგმის მიხედვით, სწორედ მის დროს უნდა ჩატარებულიყო ის კონკურსი, რომლის შედეგად ხალხს ქუჩაში გაყრიდნენ. საქმე ისაა, რომ 2006 წელს გატარდა საყოველთაო საუნივერსიტეტო რეფორმა და თითქმის ყველგან თანამშრომლების რაოდენობა 30 %-ით შემცირდა!
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც?
- აქ კატასტროფა მოხდა - შემცირება შეეხო პროფესურის 82%-ს! ანუ კონკურსის ჩასატარებლად აკადემიური სექტორის 3500 თანამშრომელზე 700 ადგილი გამოჰყვეს. როგორ გგონიათ, არ იყო ეს უნივერსიტეტის ნგრევა და „ნაჯახით ამოძირკვა"? თან გაითვალისწინეთ, რომ ამ კონკურსში პროტესტის ნიშნად პროფესორების დიდმა ნაწილმა მონაწილეობა არ მივიღეთ და ნაციონალემა იმ 700 კაციდანაც ნახევარი გარედან მოიყვანეს, რითაც, ფაქტობრივად, უნივერსიტეტი მთლიანად შეცვალეს (ხმას უწევს). ასეთი რამ არცერთ უნივერსიტეტში არ მომხდარა, ათასობით თანამშრომელი ქუჩაში აღმოჩნდა. ვიმეორებ, ამ რეპრესიის ჩასატარებლად მოიყვანეს ჩვენთან რუსუდან ლორთქიფანიძე, რომელმაც პირდაპირ განაცხადა: ხალხს არ გავყრიო! ზუსტად 5 თვე მიდიოდა ლორთქიფანიძესა და ლომაიას შორის ჭიდილი და ეს ამბავი რით დამთავრდა, იცით? როცა რექტორი 2006 წლის აპრილში გერმანიაში მივლინებით იყო, ჩამოსვლაც არ აცალეს, ლომაიას ბრძანებით, რუსუდან ლორთქიფანიძის ნაცვლად, უნივერსიტეტში ახალი რექტორი - ხუბუა დაინიშნა. ნიშანდობლივია, რომ არც ის იყო უნივერსიტეტდამთავრებული: გიორგი ხუბუას სოხუმის უნივერსიტეტის დიპლომი უდევს ჯიბეში, ისიც სიმბოლურია, რომ წარდგენის დღეს ახალი რექტორი უნივერსიტეტში უკანა კარიდან შემოვიდა და ამის გამო გურამ შარაძემ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ბატონო გიორგი, თქვენ უნივერსიტეტში ქურდულად შემოხვედით და ამიტომ ქურდი ხართ!" მეორე დღეს გურამ შარაძე ამ სიტყვებისთვის დაიჭირეს და რექტორის შეურაცხყოფისთვის ორკვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს!
ამასობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნგრევა გრძელდებოდა: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტის სამეცნიერო სექტორს ბიუჯეტი მოუხსნა და სამეცნიერო ლაბორატორიები და კაბინეტები ერთი ბრძანებით გაუქმდა! მანამდე არსებული სამეცნიერო კაბინეტიდან წიგნები გარეთ გამოყარეს, ყუთებში ჩააწყვეს და სად წაიღეს, დღესაც კაცმა არ იცის! მთავარი ისაა, რომ სპეციალისტისა და მკვლევარისთვის ეს წიგნები დაიკარგა. ეს მოხდა იმ უნივერსიტეტში, რომელსაც მუდამ ჰქონდა ძალა და რესურსი, რომ ხელისუფლებას დაპირისპირებოდა და ეს სული ჩაახშვეს!
- ვინ იყო გიორგი ხუბუა?
- შემსრულებელი, რომელიც აკეთებდა ყველაფერს, რასაც „ნაცმოძრაობა" შეუკვეთავდა, თანაც - შესანიშნავად! მანამდე ასეთი ფაქტის მოწმე გავხდი: 2005 წლის დასაწყისში ნაციონალებმა მოინდმეს მეცნიერებათა აკადემიის დანგრევა, რომელიც 70 ინსტიტუტს აერთიანებდა. აქ გამოიყენეს პრინციპი - „გათიშე და იბატონე". პროფესურამ აკადემიის დაშლასაც წინააღმდეგობა გაუწია. მახსოვს, მინისტრ ლომაიას სახელმწიფო კანცელარიის შენობაში შევხვდით - შეგახსენებთ, ეს ის დროა, როცა ხუბუა ჯერ უნივერსიტეტის რექტორი არ არის. ლომაიას დავალებით დაგვიწყო ლექციის კითხვა, თუ რა კარგია ცალკე ინსტიტუტად ყოფნა. დარბაზიდან უყვირეს და ძირს ჩამოაგდეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხუბუამ განათლების მინისტრისა და სხვა ნაციონალების გული სულ მალე მაინც მოიგო: სამართლის ინსტიტუტმა, რომლის დირექტორიც თვითონ გახლდათ და ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმმა, რომლის დირექტორიც დავით ლორთქიფანიძე იყო, აკადემიის შემადგენლობა პირველებმა დატოვეს და, რადგანაც პრეცედენტი შეიქმნა, აკადემიამ ნელ-ნელა დაშლა დაიწყო. ახლა რომ ვიხსენებ, უნივერსიტეტში ხუბუა ლომაიამ მოაცალა. ეს ის დროა, როცა „ჩარეცხილთა მოძრაობამ" ძალა მოიკრიბა და მაინც ეწინააღმდეგებოდა ნაციონალებს, რომ უსამართლო კონკურსები არ ჩატარებულიყო. 2006 წელია, ოფიციალურად გვითხრეს, რომ 4 საათზე მინისტრი უნივერსიტეტის ახალ რექტორს წარადგენდა, მაგრამ სანამ ამისთვის ვემზადებოდით, ახალი რექტორი 2 საათით ადრე მოიყვანეს და ნაციონალების მხარდამჭერებით სავსე დარბაზი დაახვედრეს! ასე შემოძვრა ხუბუა უნივერსიტეტში.
ჩვენ სულ ვაპროტესტებდით, რომ რეფორმების გატარებისას მათ მიერვე მიღებული კანონები დაეცვათ, რადგანაც ამ შემთხვევაში ხალხს იოლად ვერ გაყრიდნენ. მანამდე დაშლილად გამოცხადებული დიდი სამეცნიერო საბჭო აღვადგინეთ და 2006 წლის 19 ივნისს შევხვდით ხუბუას, რომელსაც განათლების კანონზე საუბარი მოვთხოვეთ. გვიპასუხა, ერთი დღე მომეცითო. დავთანხმდით, შევედით დარბაზში და ამ დროს მოგვადგა პოლიცია, იქიდან სულ ხელგადაგრეხილები გამოგვყარეს, ამისი კადრები არსებობს. მეორე დღეს ხუბუა აცხადებს, ვილაპარაკოთ, ოღონდ არა კონკურსებზეო. ამაზე უარი ვთქვით და პროფესორების ნაწილი ისევ დარბაზში დაჯდა. ისევ შემოვიდა პოლიცია და ისევ გამოგვრეკეს, ესაა 20 ივნისი. 3 ივლისს კი ვთქვით - თუ ხუბუა დარჩება, ეს უნივერსიტეტის საბოლოო განადგურებას გამოიწვევსო და მიმართვა შევადგინეთ: მისი გადაყენება გვინდოდა, რექტორის მოვალეობა კი ჯემალ მებონიას უნდა შეესრულებინა. ხუბუასთან რომ შევედით, ჩვენს თვალწინ მესამედ გამოიძახა პოლიცია. ისევ დარბაზში ავედით და აქ მოხდა ის საოცრება, რაც დღესაც მძიმედ მახსენდება: შესასვლელი კარი ამოგვიქოლეს, ყველა ფანჯარა დაგვიხურეს, ტუალეტში შესვლა აგვიკრძალეს, დაგვიტოვეს ერთადერთი გასასვლელი, რომლითაც უკან ვერ შემობრუნდებოდი და უჰაეროდ დარჩენილებს ახლობლები წყალს თოკით რომ გვაწვდიდნენ, ხუბუას ბრძანებით, იმ თოკს გვიჭრიდნენ.
- ეს ადამიანი დღეს უნივერსიტეტში როგორ გყავთ?
- (აღელვებული) ეს უცილებლად დაწერეთ, თუ შეიძლება: უნივერსიტეტების ისტორიამ ერთადერთი შემთხვევა იცის, როცა 1939 წელს ფაშისტები კრაკოვის უნივერსიტეტში შევიდნენ! როცა საბერძნეთში არეულობისას სტუდენტებს პოლიცია დაედევნა, სასწავლებლის ეზში შესვლა ვერ გაბედა. იმ საშინელ 9 აპრილის ღამეს რუსი ჯარისკაცები იდგნენ და უნივერსიტეტს არ მიჰკარებიან, სამაგიეროდ, რექტორმა ხუბუამ 3-ჯერ დაარღვია ეს წესი და პოლიციაც მოგვიქსია! და ეს ხუბუა დღევანდელ უნივერსიტეტში გახლავთ პროფესორი და რაღაც ინსტიტუტის დირექტორი, ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი დღესაც მისი კადრებითაა დაკომპლექტებული. არადა, არ დაგავიწყდეთ, ეს ის რექტორია, კაბინეტთან დაცვა რომ ელოდებოდა და სხვაგვარად საკუთარ უნივერსიტეტში სართულიდნ სართულზე გადაადგილება არ შეეძლო, მეტი რა გითხრათ?
- ისე, ახლაც ასე დადის და სირცხვილი არ არის?
- ივანიშვილის პრემიერობის დროს განცხადება შევიტანეთ, რომ მომხდარიყო ხუბუას ჩადენილი საქმეების სამართლებრივად შეფასება, შევხვდით კიდეც მაშინდელ მთავარ პროკურორ კბილაშვილს და ვესაუბრეთ. ამის შემდეგ ეს საქმე შეჩერებულია. რაც შეეხება უნივერსიტეტის ნგრევას, ამას კვიტაშვილმაც არ დააკლო ხელი, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა.
ესაუბრა თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"