reportiori.ge - გია გაჩეჩილაძე: გადმოგვეცეს „მაესტრო“ მართვაში და ვიღებთ ვალდებულებას, ტელეკომპანია გავიყვანოთ მოგებაზე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:23
ინტერვიუ
გია გაჩეჩილაძე: გადმოგვეცეს „მაესტრო“ მართვაში და ვიღებთ ვალდებულებას, ტელეკომპანია გავიყვანოთ მოგებაზე!
ავტორი:
22 სექტემბერი, 2015. 18:27


ტელეკომპანია „მაესტროს" 25 %-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე არხის დღევანდელ მენეჯმენტს ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაში სდებს ბრალს. რამ გაუჩინა მსგავსი ეჭვები გაჩეჩილაძეს და რა გზებით აპირებს იგი ტელეკომპანიის დანარჩენ მეწილეებთან ბრძოლას, ამის შესახებ „რეპორტიორს" გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია ესაუბრა.


გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია:


- „გია გაჩეჩილაძე „მაესტროს" მართვაში არ მონაწილეობდა 2009 წლიდან. მას მერე, რაც მან ტელეკომპანიის ფინანსური სირთულეების შესახებ გაიგო. ვაყენებთ წინადადებას, რომ გადმოგვეცეს „მაესტრო" მართვაში და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ მას გავიყვანთ მოგებაზე და გადავიხდით მიმდინარე დავალიანებებს. ჩვენ მზად ვიყავით, წარმოგვედგინა საბანკო გარანტია 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და პარტნიორები დაგვერწმუნებინა, რომ ჩვენი წინადადება რეალურია. სამწუხაროდ, ეს წინადადება პარტნიორებმა არ განიხილეს.


ასევე აღმოჩნდა, რომ 2014 წელს „მაესტროს" ლოგო პარტნიორებისგან მალულად გადაეცა სხვა კომპანიას. ეს გახლავთ მამუკა ღლონტის კომპანია „TV მაესტრო", რომელიც ამჟამად არ მაუწყებლობს. სამაგიეროდ, მაუწყებლობს „სტუდია მაესტრო". ფაქტობრივად, ყველაზე ფასეული აქტივი, ტელეკომპანიის სახელი, გადაეცა სხვა კომპანიას. ამის თაობაზე ჩვენ რამდენიმე დღის წინ „საქპატენტის" წერილის მეშვეობით შევიტყეთ.


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაყენებდით რეაბილიტაციის წინადადებას, მაკა ასათიანმა, რომელიც „სტუდია მაესტროს" ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრედიტორია და რომელსაც აქვს სესხი მიცემული რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, ვადაზე ადრე გამოითხოვა სასესხო დავალიანება. ხელშეკრულების თანახმად სესხის დაფარვა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძლებოდა. თუმცა, ასათიანმა ვადაზე ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება. ჩვენი აზრით, ასათიანს ამის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ დირექტორს მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამის შედეგად პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაწყებულიყო გადახდისუუნარობის პროცესი. ამის წინააღმდეგი იყო მხოლოდ გია გაჩეჩილაძე. დანარჩენი პარტნიორები, მათ შორის მამუკა ღლონტი, ხმას აძლევენ გადახდისუუნარობის პროცესის დაწყებას. ამის მიუხედავად დავაფიქსირეთ კრებაზე, რომ დარჩენილიყო რეაბილიტაციის საშუალება და არ მომხდარიყო „მაესტროს" ლიკვიდაცია და გაკოტრება. კრებაზე მივიღეთ დასტური, რომ დარჩებოდა რეაბილიტაციის შესაძლებლობა. მაგრამ, ამის მიუხედავად გავიგეთ, რომ პარასკევს დირექტორმა ეთერ გადაბაძემ შეიტანა განცხადება სასამართლოში გაკოტრებაზე. ანუ არ დაუტოვა კომპანიას რეაბილიტაციის საშუალება.


ასევე რამდენიმე თვის წინ მათ სურდათ „ვითიბი" ბანკში მთელი კომპანიის აქტივების დაგირავება, ისე რომ ერთი თეთრი არ შემოდიოდა კომპანიაში. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგეთ და ფაქტობრივად ეს გარიგება ჩავშალეთ.


ეს ყველაფერი ერთობლიობაში იძლევა ვარაუდს, რომ ეს არის მიზანმიმართული გაკოტრება.

 

- რა გზებით აპირებთ ბრძოლას და ფიქრობთ, რომ ტელეკომპანიის მენეჯმენტის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები გია გაჩეჩილაძის წილის გარეშე დატოვებისკენაა მიმართული?


- ვაპირებთ, სამართლებრივი გზით შევეწინააღმდეგოთ „მაესტროს" გაკოტრებას და ლიკვიდაციას. დღესვე მივმართავთ მოსამართლეს. დიახ, ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი გია გაჩეჩილაძის წილის გარეშე დატოვებისკენაა მიმართული. ასევე ეჭვი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ტელეკომპანიის გასაყიდად გატანას ემსახურება. სამწუხაროდ, არ ვიცით, ვისზე შეიძლება გაიყიდოს. ამ შემთხვევაში ტელეკომპანია აღარ იარსებებს, ლიკვიდაციაში წავა, მისი ისტორია დასრულდება, ანუ ტელევიზია დაიხურება.


მიუხედავად ამისა, ჩვენ დღესაც მზად ვართ დანარჩენ პარტნიორებთან დიალოგისთვის, რათა გაითხოვონ „მაესტროს" დამაზიანებელი წინადადება სასამართლოდან.


ასევე მინდა ვთქვა, რომ როდესაც წამყვანი ჟურნალისტები ერთობლივად ტოვებენ ტელეკომპანიას, ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს ტელეკომპანიის ზრდას და განვითარებას. ჩვენ ამაში არ ვადანაშაულებთ კონკრეტულად არცერთ პარტნიორს, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომელიც ობიექტურად უარყოფითად მოქმედებს ტელევიზიის რეიტინგზე.



ტელეკომპანია „მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე არხის მართვაში გადაცემას ითხოვს და აცხადებს, რომ არ დაუშვებს ტელეკომპანიის გაკოტრებასა და გასხვისებას.


ტელეკომპანია „მაესტროს" ერთ-ერთი მეწილე გია გაჩეჩილაძე:


- ამ კომპანიაში სისხლი და ხორცი მაქვს ჩაქცეული და მაქსიმალურად შევეწინააღმდეგები, რომ არ დავუშვა „მაესტროს" გაკოტრება. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ, რადგან არ მინდოდა, საქმე აქამდე მისულიყო და არ მინდოდა ეს ყველაფერი საჯარო გამხარიყო. მაგრამ, ახლა მთელი საქართველოს გასაგონად ვამბობ, რომ მე ვარ ამ კომპანიის გადამრჩენელი, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად. მაგრამ პარტნიორები რატომ გაურბიან ჩემს წინადადებას ჩემთვის უცნობია. ამ ადამიანებთან ერთად დიდი ხანი ვებრძოდი ხელისუფლებას. მაგრამ 2009 წლის შემდეგ იგნორირებული ვარ „მაესტროს" მართვიდან. ყოველთვის თავს ვიკავებდი რაიმე საჯარო განცხადებებისგან. მაგრამ „მაესტროს" გაკოტრების შესახებ სასამართლოში შესული განცხადების შემდეგ ნერვებმა აღარ გამიძლო და ამიტომ გავაკეთე საჯარო განცხადება. მინდა, იცოდეს მთელმა საქართველომ, რომ მე მინდა „მაესტროში" შესვლა მართვით და მინდა, „მაესტრო" დავამსგავსო იმ ტელეკომპანიას, რომელი ტელეკომპანიის ღირსიც არის დღეს ქართველი საზოგადოება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ „მაესტრო" არ გაკოტრდეს და მოწოდების სიმაღლეზე იყოს.


- დღეს ვინ მართავს „მაესტროს"?


- დღეს „მაესტროს" ოფიციალურად მართავს მაკა ასათიანი, მაგრამ არაოფიციალურად, მაკა ასათიანის უკან დგას მისი მეუღლე კოტე გოგელია და როგორ და რანაირად მიჰყავთ მათ „მაესტროს" მმართველობის საქმე, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი. კარგად არის ცნობილი, როგორი ტელევიზიაა დღეს „მაესტრო" და რა გადის ეთერში.


- რას გულისხმობთ აღნიშნულში? თქვენ განაცხადეთ, რომ „მაესტროს" გადაარჩენთ მორალურად, რა პრობლემას ხედავთ არხის დღევანდელ პოლიტიკაში?

 

- „მაესტრო" უნდა იყოს წამყვანი, დამოუკიდებელი და გემოვნებიანი ტელევიზია, როგორიც ქართველ საზოგადოებას ეკადრება და ვფიქრობ, რომ „მაესტრო" დღეს ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მე საერთოდ სხვანაირი ეთერი წარმომიდგენია „მაესტროში". არის რაღაც მომენტები, როდესაც ტელევიზია უნდა გაიზარდოს. არ შეიძლება ტელევიზია დარჩესა ერთი და იმავე დონეზე წლების განმავლობაში. ჩემი აზრით, „მაესტრო" ახლა არის „რუსთავი 2"-ის, „იმედისა" და სხვა ტელევიზიების გადამღერება. არ ვაკნინებ ამით არცერთ ტელევიზიას, მაგრამ მე „მაესტროს" ფორმატსა და მმართველობას სხვანაირად ვხედავ.


- ხომ არ ფიქრობთ, რომ ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესები შესაძლოა რაიმე კავშირში იყოს პოლიტიკასთან, რადგან ახლოვდება 2016 წლის არჩევნები და წინ საკმაოდ ცხელი წელი გველის.


- არ შემიძლია, პირდაპირ დავადო ვინმეს ხელი მიმდინარე მოვლენების გამო, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ 2016, არჩევნების წელი მოდის და არ გამოვრიცხავ არაფერს. წარმოდგენა არ მაქვს, ჯერჯერობით კონკრეტულად რის გამო ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ პარალელის გავლება შეიძლება არჩევნების მოახლოებასთან. ყველას კარგად მოეხსენება, რა როლი აქვს ტელევიზიას ამ პერიოდში.


კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დანარჩენ მეწილეებს, გამოიტანონ ტელეკომპანიის გაკოტრების შესახებ განცხადება სასამართლოდან, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და ერთად გადავარჩინოთ „მაესტრო".



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016