reportiori.ge - სააკაშვილი „ღიმილიანი საქალთველოს“ შემდეგ „ღიმილიან უკლაინას“ იწყებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:13
პრეს-დაიჯესტი
სააკაშვილი „ღიმილიანი საქალთველოს“ შემდეგ „ღიმილიან უკლაინას“ იწყებს!
ავტორი:
23 სექტემბერი, 2015. 10:34


„ღიმილიანი საქალთველოს" შემდეგ „ღიმილიანი უკლაინა?!"


როგორც ჩანს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიშა სააკაშვილი, ახლა უკვე ოდესის (ზოგადად კი, მთელი უკრაინის - ისე როგორ მოისვენებს, აბა) აჩლიფინებას აპირებს... რას ვგულისხმობ ამაში, ახლავე გეტყვით: გახსოვთ, ალბათ, 2012 წლის დასაწყისში ჩვენმა ფიგარომ დაიწყო თავისი მორიგი „გენიალური პროექტის" განხორციელება, რომელსაც „ღიმილიანი საქართველო" ერქვა. პროექტის მიზანი იყო, მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის სტომატოლოგიური პროცედურების უფასოდ გაწევა, რაც რეალურად, ასაკოვანი ადამიანებისთვის კბილების ამოღებასა და პროთეზის უფასოდ ჩასმას გულისხმობდა...


პირველი „დარტყმა" გურიამ, კერძოდ კი, სუფსის მოსახლეობამ მიიღო (შეიძლება ეს ყველას არ ეხება, მარა ვისაც ამ პროექტის ფარგლებში კბილები ჩაგისვეს, დამიკავშირდით, ავტოგრაფი მინდა გამოგართვათ...) - სტომატოლოგიური მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვილი ორი ავტობუსი (ყოველ შემთხვევაში, ამ ორიდან ერთ-ერთი მაინც) გურიაში ჩავიდა და პაციენტებს თერაპიული, ქირურგიული და ორთოპედიული სერვისების მიღება შესთავაზა... გურულებმაც გაიფიქრეს, - ოჰ, აი იმფერი კაი ამბავია, რაფრა გუუშვებთ ხელიდანო? და ზოგი კბილის დასაბჟენად მივიდა, ზოგი - ამოსაღებად. საბოლოო ჯამში, მართლაც გაღიმებულები დარჩნენ, რადგან კბილები კი ამოაძვრეს, მაგრამ პროთეზი არავინ ჩაუსვა (უფასოს ვინ ჩივის)...


ვინაიდან 2012 წლის დასაწყისში მთავარი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი უკვე გამოჩენილი იყო პოლიტიკურ ასპარეზზე და ნაციონალებს პოლიტიკურ საიქიოში გასტუმრებით ემუქრებოდა, ამიტომ „ღიმილიანი საქართველოს" განხორციელების დროს კიდევ უფრო უარესი სიტუაცია იყო ბიძინას მხარეში, ჭიათურაში... რა ხდებოდა იქ? ამის შესახებ მაშინ „ინფო 9"-ის ჟურნალისტებს ადილობრივები უყვებოდნენ და რამდენიმე მათგანის საუბარს (უფრო - ჩლიფინს, მაგრამ არ დავწერ მაინც) აქვე შემოგთავაზებთ:


დარიკო თაბაგარი, ჭიათურის მკვიდრი:


- გევიგე, „ღიმილიანი საქართველოს" პროექტი ყოფილა კბილებთან დაკავშირებით. საბჭოს თავმჯდომარემ შემოგვითვალა, რომ ვისაც პრობლემა გაქვთ კბილებზე, წამობრძანდით და გეიკეთეთ კბილები, პრეზიდენტის ფონდიაო. რამდენიმე ადამიანმა მევიყარეთ თავი, წაგვიყვანეს, დაგვაძრეს, შვილო, კბილები... მე ერთად 15 კბილი ამომიღეს და დამტოვეს უკბილოდ, შვილო... გარკვეული დროის შემდეგ დაგვიბარეს, ჯერ ერთი ზომა აგვიღეს საპროთეზოდ, მერე მეორე. უნდა მივსულიყავით 4 ოქტომბერს და გეეკეთებინათ კბილები. მივედით, შვილო, იქ დაგხვდნენ როგორც ადგილობრივები, ასევე ბათუმიდან იყვნენ ჩამოსულები (პროექტის განხორციელებაში ჩართულ ხალხს გულისხმობს. - ნ.ლ.), ვიკითხეთ, რა ხდება-თქო და მიპასუხეს: დეიდა, ბიძინამ გაგიკეთოთ კბილები, ვისაც ხმა მიეცითო, ასე თქვა სააკაშვილმაო... მიშა რა დღეშია ახლა, გამწარებულია და რაღა დროს თქვენი კბილებიაო... დაყარეს ყველა სამუშაო იარაღი და წევიდნენო...


კალისტრატე მოცრაძე, ჭიათურის მკვიდრი:


- ამ პროგრამაში რომ ვიღებდი მონაწილეობას, მევიდნენ და ჯერე მითხრეს, შენ ბიძინას კაცი ხარ და არ ხარ ნაციონალიო, ამიტომ არავინ არ ჩაგისვამს კბილებსაო... ოუსრულდათ ოცნებაი, ჩამიყვანეს იქა, რაც მქონდა ის კბილები დამაძვრეს და ახალი არაფერი გამიკეთეს. დარჩებით ახლა ისეო, ვისაც მიეცით ხმა, ის ჩაგისვამთო, მითხრეს...


ნანა შუკაკიძე, ჭიათურის მკვიდრი:


- დაგვიბარეს კბილების ამოსაღებად. ჩავედით, ამევიღეთ და სანამ თეფშები არ გაავსეს არ მომეშვნენ, ყველა კბილი დამაცალეს (იცინის)... ღრძილები რომ მოგიშუშდებათ, მერე ჩამობრძანდითო, გვითხრეს. ჩავედით მერე და უარი გვითხრეს, აღარ სვავენ ჯერეო...



ქალბატონი ნონასი არ იყოს, კი არის ეს სასაცილო, მარა როგორ გინდა ადამიანმა კამერის წინ თამამად გაიცინო, როცა ყბაში სტომატოლოგებს გადარჩენილი მარტო სამი კბილი გაქვს დარჩენილი? ზოგს გაუმართლა და მეტი აქვს, მაგრამ რა ხეირი - ლუკმას რომ ჩაიდებ პირში, თავისით გადაგეყლაპება, კბილი ვერ პოულობს დასაღეჭად და...


მოკლედ, მას მერე, რაც სააკაშვილმა საქართველოს მხცოვანი მოსახლეობის ნაწილი პიურესა და ფაფებზე გადაიყვანა, ახლა უკვე ამ „წარმატებული" პროექტის ოდესაში განხორციელების იდეა გაუჩნდა: ორიოდე დღის წინ, უკრაინული არხის ICTV-ს ერთ-ერთ გადაცემაში ჰიპერაქტიურმა მიშიკომ ჩვეულებრივი რიხით, ნერწყვის ყლაპვითა და სრუტუნით აუწყა ოდესის და სრულიად უკრაინის მოსახლეობას, რომ „ღიმილიანი საქართველოს" მსგავსი პროექტის განხორციელებას გეგმავს და განაცხადა, 550 ათასი კბილის პროთეზი გვაქვს ნაყიდი, მაგრამ საწყობიდან ვერ გამოგვაქვსო...


როგორც ჩანს, ოდესელები ჩვენზე ჭკვიანები არიან და სანამ მიშიკოს ნოვატორული ფრთების გაშლის საშუალებას მისცემენ, მანამდე კარგად არკვევენ, რა შეიძლება მოჰყვეს „ღიმილიან ოდესას"? იმდენად ღრმად არკვევენ, რომ ამის გამო მიშას ნერვები მოშლია და ლამის ერთი ამბავი აუტეხია. მისი თქმით, გაუმართავი კანონის ბრალია, რომ ნაყიდია 550 ათასი კბილის პროთეზი და ის საწყობიდან ვერ გამოაქვს იმიტომ, რომ თურმე, ვიღაცას ამაზე ფულის გაკეთება უნდა...


კი, შეიძლება ოდესური ბიუროკრატია მართლაც წელშია გასამართი და ბევრი მანკიერი პროცედურები და სხვა სახის კანონები აქვთ. ეს კიდევ ცალკე თემაა. თუმცა ლოგიკა ასეთია: სადაც მან საქართველოს მოსახლეობის ნაწილი დატოვა უკბილოდ, დარწმუნებული ვარ, ოდესასაც ზუსტად ისევე „გააღიმებს". აი, მერე კი, გაუმართავი კანონის ბრალი კი არა, მიშა ოდესელებმა შეიძლება ისეთ დღეში ჩააგდონ, კაი ხანი ვერ გაიმართოს წელში და აქედან თუ გაგვასწრო, იქიდან როგორ გამოასწრებს, დამსვა და მაყურებინა, ერთი!


მიშას გაქანების (და გამოქანების) მასშტაბი რომ ვიცით, მხოლოდ ოდესას არ დასჯერდება და შესაძლებელია, სრულიად უკრაინაშიც მოინდომოს ასაკოვანი ხალხისთვის უფასო პროთეზების ჩასმა. უკრაინის მთავრობაში ვის რამდენი ჭკუა აქვს თავში, აქედან არ ჩანს, მაგრამ თუ, ღმერთმა დაიფაროს და, „ფიგაროს" ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს, მაშინ „ღიმილიანი საქალთველოს" შემდეგ „ღიმილიან უკლაინას" მივიღებთ...


მივიღებთ რა, უკრაინელები მიიღებენ, ჩვენ ჩვენი გაჭირვება გვეყოფა...


დაბოლოს: დარწმუნებული ვარ, პროექტ „ღიმილიანი საქალთველოს" ყველა უკბილოდ დარჩენილი მონაწილე ამ სიმღერას „კეთილი სურვილებით" მიუძღვნის მიშა სააკაშვილს და მთელი გულით უსურვებენ ისეთ „ღიმილიან" სიბერეს, როგორი გაღიმებულებიც თავად დარჩნენ...


პასუხი კი ვიცოდით წინასწარ, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროში მაინც გადავამოწმეთ, ეგება, ამ გაჭირვებულ ხალხს „ოცნებამ" მიხედა და ეშველათ? როგორც ჯანდაცვის პიარის თანამშრომელმა ნინო მამალაძემ განმარტა: „ის პროექტი მაშინ გაჩერდა და არც გაგრძელებულა". ანუ მათ ეს ხელისუფლება არ დახმარებია პრინციპით - ვინც დაგაძროთ, იმან ჩაგისვათო. კითხვაზე, იქნებადა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მაინც აფინანსებთ, გვიპასუხა: ეს მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაშიო...


ბოლოს კი, ამ სიმღერას ამ გაჭირვებულ ხალხს კი არა, „ოცნებას" მივუძღვნი, რომელმაც, ისიც კი ვერ მოახერხა, რომ მიშას დაძრობილი კბილები მაინც ჩაესვა:


წამოდექი, განი, განი, ტასი, ბიწო, ტასიოოო


მისავ, სენ კი გენაცვალე გავლა-გამოვლასიოოო...

 

 

ნინო ლაბარტყავა

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016