ეს გახდა სწორედ მიზეზი იმისა, რომ იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე მესამის ვიზიტი საქართველოში არ შედგა. თეოფილე მესამე არ ჩამოვიდა ილია მეორის დაბადების დღეზეც, რომელიც სრულიად საქართველომ აღნიშნა. გრიგოლ ვაშაძემ კი, იმის მაგივრად, რომ დაკითხულიყო ამ საქმესთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილედ დარჩენის მიპატიჟება დიდი პატივით მიიღო.
2012 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე III-ს მიწვევით იმყოფებოდა წმინდა მიწაზე. მას თან ახლდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. ზურაბ ადეიშვილის მიერ ებრაელი ბიზნესმენების დაკავებასთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძეს ოფიციალური სტატუსით ისრაელში აღარ ჩაესვლებოდა, ამიტომ იგი ჩასული იყო როგორც მომლოცველი. იერუსალიმში ილია მეორეს შესაფერისი მიღება მოუწყვეს, მოალოცინეს წმინდა ადგილები და დიდი პატივით გამოისტუმრეს. ბუნებრივია, ამ პატივის თანაზიარი გახდა ბატონი ვაშაძეც. საქართველოში დაბრუნებისთანავე, 25 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და ამაყად განაცხადა, რომ მიდის არაოფიციალური მოლაპარაკებები ისრაელის მთავრობასთან ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხზე. ამის შემდეგ გამოვიდა ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ისრაელში საქართველოს საკონსულო. ხოლო შემდეგ კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, რომელმაც „დააგვირგვინა":
„იმ პირთა ვინაობა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მონასტრის დაბრუნების საკითხში, მკაცრად კონფიდენციალურია. მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში გადავიდა. მიდის საუბარი იმაზე, რომ ჯვრის მონასტერში აღდგეს ქართულ ენაზე წირვა. ამ ეტაპზე დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიაკევებთ",- განაცხადა რურუამ.
ამ გამოსვლების შემდეგ, საქართველოს პატრიარქი ცუდად გახდა, ვინაიდან არანაირ ჯვრის მონასტერზე საუბარი არც მას და არც გრიგოლ ვაშაძეს იერუსალიმში არ უწარმოებიათ. ბუნებრივია, პატრიარქი იმ მზაკვრული გეგმის არსსაც ჩასწვდებოდა, რასაც იერუსალიმში მისთვის გრიგოლ ვაშაძის გაყოლება გულისხმობდა. რა უნდა ექნა პატრიარქს? რა პასუხი გაეცა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამისთვის? მისივე ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდა და ურცხვად ტყუოდა.
ერთობ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა საქართველოს საპატრიარქო. თუმცა, ნაკლებში არც იერუსალიმის საპატრიარქო იმყოფებოდა. ბუნებრივია, ამ უკანასკნელისთვის ცოტა ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ სხვა ქვეყნის მთავრობა - პრეზიდენტი, კულტურის მინისტრი და ა.შ. შეიძლება ასე უაპელაციოდ ცრუობდეს. ოფიციალური იერუსალიმი დაუკავშირდა საქართველოს ელჩს ისრაელში არჩილ კეკელიას და ჰკითხა, რა ხდება, ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას ქართული მხარეო? ჩვენმა ელჩმა პასუხი ვერ გასცა.
საქმე იმაშია, რომ იერუსალიმის მიწები მასზე განთავსებული სიწმინდეებით არ ეკუთვნის ისრაელის მთავრობას. ისინი იერუსალიმის საპატრიარქოს საკუთრებასა და განკარგულებაშია. ისრაელის მთავრობა თავისი ობიექტებისთვის მიწას იერუსალიმის საპატრიარქოსგან იღებს იჯარით. აქედან გამომდინარე, მიწებზე მოლაპარაკების წარმოების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ იერუსალიმის საპატრიარქოს, და არა ისრაელის მთავრობას. სააკაშვილს, როგორც ჩანს, ცუდი კონსულტაცია გაუწიეს გეოპოლიტიკის სფეროში.
გთავაზობთ ამონარიდს თეოფილე მესამის ექსკლუზიურ ინტერვიუდან, რომელიც მან ისრაელელ ჟურნალისტს მისცა:
„საქართველოს პატრიარქი ილია II იმყოფებოდა ისრაელში ჩემი მიპატიჟებით. მას არაფერი უთქვამს ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე. აი, მე მაქვს აქ საქაღალდე, სადაც მიდევს საქართველოს ოფიციალური პირთა გამოსვლების თარგმნილი ვერსიები. მე წარმოდგენა არ მაქვს, რა მოლაპარაკებებზე საუბრობენ მიხეილ სააკაშვილი, კალანდაძე, რურუა. ჩვენი მხრივ, რამდენჯერმე მივმართეთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს. საუბარი გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და მინისტრის პრეს-სამსახურთან. ორივეგან არავინ არაფერი იცის ამ მოლაპარაკების შესახებ. ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს ისრაელის ხელისუფლებასთან. იერუსალიმში ბევრი საპატრიარქოს მიწა ისრაელის მთავრობას გრძელვადიან იჯარაში აქვს აღებული. იჯარით აქვს აღებული ის ტერიტორიაც, რომელზეც განთავსებულია კნესეტი (ისრაელის მთავრობის წარმომადგენლობა იერუსალიმში). ჩვენ არასოდეს არ გვქონდა კონფლიქტი ამასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას სიტყვაც არ დაუძრავს, რომ მიწები მათთვის გადაგვეცა. ასე რომ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში თავად იყვნენ გაოგნებულები ქართული მხარის განცხადებებით. არ უნდა ავყვეთ იმათ, ვისაც სურს, რომ გააღვივოს კონფლიქტი იერუსალიმის საპატრიარქოს, საქართველოსა და ისრაელის მთავრობას შორის. მე არ ვიტყვი, ვინ და რა დგას ამის უკან, ჩვენ არ გვინდა არავისთან კონფლიქტი, მაგრამ ეს ძალები არ არიან დაინტერსებულები ქართული მხარისთვის მონასტრის დაბრუნებით. ეს არის „უწმინდურთა გარიგება". მე მაქსიმალური ძალისხმევა გამოვიჩინე, რომ სკანდალი არ მომხდარიყო", - განაცხადა იერუსალიმის პატრიარქმა ჟურნალისტთან საუბარში.
წყარო: mediacity.ge