„სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს თაღლით თავმჯდომარეს აქედან არ გავაგდებთ, არ გავჩერდებით! წავიდეს და სადაც უნდა, იქ იჩივლოს!!!"
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გადადგომის მოთხოვნით ბათუმში ფართომასშტაბიანი აქციები იწყება. რამდენიმე აქცია ამ დღეებში უკვე გაიმართა და როგორც უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, ეს იყო მხოლოდ ჟურნალი, კინო ახლა დაიწყება. ალბათ, გახსოვთ, როდესაც პაპუაშვილმა გიგი უგულავა ციხიდან გამოუშვა, ბათუმში მის სახლს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს. მაშინ კონსტიტუციის მთავარი „დამცველი" გამოვარდა, გარკვეული ძალები მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა და შინაგან საქმეთა მინისტრსაც მიმართა: არიქა, გვავიწროებენ, ზეწოლას ახდენენ, რამე იღონეთო. ბათუმელების თქმით, პაპუაშვილი იცავს არა კონსტიტუციასა და სამართლიანობას, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას.
თამაზ ბაკურიძე:
- ჩვენ გვერდით არიან უვადო და უკანონო პატიმრების ახლობლები. ასევე, იპოთეკით დაზარალებულები, გასულ წელს მათ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, რათა გაუქმებულიყო ვანო მერაბიშვილის ბრძანება, რომელიც 2007 წელს მიიღეს და პოლიციის ძალით ადამიანების გამოსახლებას ითვალისწინებს. სასამართლომ დაგვცინა, არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. დიახ, ეს იყო გამაფრთხილებელი აქციები, გამოდის პაპუაშვილი და ლაპარაკობს ქვეყნის პრესტიჟზე. სამწუხაროდ, ამაზე მხოლოდ მაშინ ფიქრობს, როცა მის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. რატომ არ ფიქრობდა ქვეყნის პრესტიჟზე მაშინ, როცა მსოფლიოში ვიყავით პირველები პატიმართა რაოდენობით, სიკვდილიანობით, უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევითა და საპროტესტო აქციების დარბევის სიხშირით? ეს საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც ახლა პაპუაშვილმა გააუქმა, თვითონ „ნაციონალებმა" არ მიიღეს? რატომ მიშას დროს ვერ ბედავდა ეს ადამიანი ხმის ამოღებას? როდესაც მე დამაპატიმრეს, როდესაც მადანაშაულებდნენ „აჭარის ტელევიზიის" ქონების მითვისებაში, მაშინაც დაირღვა კონსტიტუცია, ვინმემ შეცვალა რამე? საქართველოს კონსტიტუცია გვეუბნება, რომ პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ჩემს სასამართლო პროცესზე დაზარალებულად ცნობილი ტელევიზიის ხელმძღვანელობა აცხადებდა, თამაზ ბაკურიძეს არავითარი აპარატურა არ წაუღია, აგერ გვაქვს ორგანიზაციაში, პროკურატურის ბრალდებას არ ვეთანხმებითო.
მე დარბაზიდანვე უნდა გავეთავისუფლებინე მოსამართლეს, მაგრამ დამაპატიმრეს. თვითონ გიგი უგულავას გადასცეს წერილი ჩემმა ახლობლებმა, როცა მიხეილ სააკაშვილს ახლდა ბათუმში, საერთოდ წაიკითხა და რამე თქვა? გიგა ბოკერიასაც გადასცეს, ხმა ამოიღო? საკუთარ თავზე აღარ ვლაპარაკობ, იცით თუ არა, რომ დღეს 74 უვადო პატიმარს შორის 14 აბსოლუტურად უდანაშაულოა?
ეს ადამიანები იყვნენ და რჩებიან სააკაშვილის პირად პატიმრებად, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს რატომ მიაჩნია კანონიერად? ერთ-ერთი მათგანი არის პირადად ზურაბ ადეიშვილის პირადი პატიმარი - თავის დროზე ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და ადეიშვილის ოჯახის უახლოესი მეგობარი, მაგრამ შემდგომში მათ შორის რაღაც მოხდა, ადეიშვილმა ჯავრი იყარა, ნარკოტიკების მოხმარებაზე დააპატიმრა, სხვა რაღაცებიც „შეტენა" და დღეს არის უვადო პატიმარი. არის თუ არა ეს კონსტიტუციის დარღვევა? თუნდაც ვთქვათ თეიმურაზ შარაშიძეზე, რომელთან დაკავშირებითაც სპექტაკლი დადგეს ვანო მერაბიშვილმა და ბაჩო ახალაიამ. მე ვგულისხმობ ლაერტ ზუბადალაშვილის ვაჟის მკვლელობას, რომლის მეუღლეც ამბობდა, მკვლელი დავინახე, დაბალი იყო, შარაშიძე გაცილებით მაღალიაო. კონსტიტუციაში წერია, რომ დაუშვებელია ადამიანის ღირსების შელახვა და წამება, რამდენი ასეთი ფაქტი მოხდა, რატომ არ შეწუხდა პაპუაშვილი მაშინ?!
- თამაზ პაპუაშვილი აცხადებს, ეს აქციები გარკვეული ძალების მიერ არის ორგანიზებულიო. ეს გარკვეული ძალები შენ ხარ?
- დიახაც, აქციები ორგანიზებულია ჩემს მიერ, ხალხმა მომმართა, მხარში ამოგვიდექიო და იმიტომ, რა არის ამაში ცუდი? ჩვენ გვყავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც არის თაღლითი,რომელმაც მიითვისა სხვისი ქონება, ეს ხომ აღიარებული ფაქტია? პაპუაშვილმა რომ როლანდ ბლადაძის სახლი მიიტაცა, ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ ამ ხელისუფლების მოსვლამდე ვწერდით „ალიაში". პროკურატურამ მოგვიანებით ბლადაძე გაამართლა, ბრალდება მოუხსნა, ახლა რა ქნას ამ კაცმა, იჯდეს და უყუროს, როგორ გადაუფორმებს პაპუაშვილი თავისი ცოლისდის პირველ ქმარს მის სახლ-კარს? იცით, რატომ არ გამოდის პაპუაშვილი იმ სახლიდან? თურმე საქმე ხანდაზმული ყოფილა! ეს არის კონსტიტუციის დაცვა? ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, როგორც კი დამთავრდება, მე ვაძლევ პაპუაშვილს პირობას, რომ აუცილებლად გამოვასახლებთ ბლადაძის სახლიდან!
- შეიძლება, რომ საქმე ძალის გამოყენებამდე მივიდეს?
- საზოგადოებამ არ იცის, როგორ გამოასახლა პაპუაშვილმა ბლადაძის ოჯახი... ზამთარში, სიცივეში, თვითონ როლანდი იქ არ იყო, მაგრამ მის ცოლ-შვილს დაერივნენ, მცირეწლოვანი ბავშვები ქუჩაში გაყარეს. როდესაც პაპუაშვილს სახლების მონაცემები მისცეს, მისი ცოლი უშუალოდ დადიოდა, არჩევდა, ამოწმებდა და სწორედ იმ სახლში შევარდა, სადაც იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები. რომელ კონსტიტუციაზე მელაპარაკება ახლა პაპუაშვილი, რომელ კანონიერებაზე ქადაგებს? ამ ადამიანს ბათუმში გარყვნილსა და თაღლითს ეძახიან.
ამას წინათ სტრასბურგში იყო ჩასული, ევროპელებმა არ იციან, რა თაღლითთან აქვთ საქმე, მაგას ხელიც კი არ უნდა ჩამოართვან! ახლა ხელისუფლებაში დაბრუნებაც მოუნდათ, ჩვენ აღარაფერს გვეკითხებიან? ძალით უნდათ მოსვლა, უკვე ეჩვენებათ, რომ მოვიდნენ. სააკაშვილმა არაერთხელ მოიპარა და მიითვისა ძალაუფლება, ახლა კიდევ უნდა, არ გამოვა, არააა! მაგათ მახინჯი უცხოელი პატრონების იმედი აქვთ, ასევე, იმ არასამთავრობოების იმედი აქვთ, ფულს რომ აყრიან. ეს ყველაფერი მოეკითხება ამ ხელისუფლებასაც, რაც ხდება, ამათი ბრალია!
- თამაზ, როდიდან აპირებთ აქციების განახლებას?
- ძალიან მალე, თარიღს უახლოეს დღეებში გეტყვით... სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს თაღლით თავმჯდომარეს აქედან არ გავაგდებთ, არ გავჩერდებით! წავიდეს და სადაც უნდა, იქ იჩივლოს, თუ უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკოს, თუ უნდა, პროკურორ ბადაშვილს.
ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა: გადადგეს პაპუაშვილი და დატოვოს როლანდ ბლადაძის სახლი, თორემ იქიდან გამოვაბუნძულებთ ძალის გამოყენებით!
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"