საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს CNN-ის მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად ტელეკომპანია CNN-ის სამაუწყებლო ეთერში საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება დაიწყო. 30 წამიანი ხანგრძლივობის საიმიჯო რგოლი გადაცემის "Silk Road - Past, Present and Future" ფარგლებში განთავსდა.
სამაუწყებლო კომპანია CNN მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული საინფორმაციო წყაროა, რომელიც აუდიტორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტიპის სახის ინფორმაციას 24 საათის განმავლობაში აწვდის. საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის CNN -ის ეთერში ჩვენება 2015 წლის 21 სექტემბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით მოხდება. რგოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას და წარმოაჩინოს ქვეყნის, როგორც რეგიონული ცენტრის როლი. გარდა ამისა, კლიპის მიზანია, ხაზი გაუსვას საქართველოს ტრანზიტულ დანიშნულებას და ქვეყნის უნიკალურ, სტრატეგიულ მდებარეობას, რომელიც ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ აზის ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა.
საიმიჯო ვიდეორგოლის მთავარ გზავნილს საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივე (Georgia Making Business Easy) წარმოადგენს. ასევე ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე. საერთო ჯამში, ვიდეორგოლი სწორედ ზემოთაღნიშნული კუთხით საქართველოში ხელსაყრელი გარემოს ჩვენებას ემსახურება.
CNN -ის ეთერში გადაცემა "Silk Road - Past, Present and Future" ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ინფორმაციის მაყურებლამდე მიტანას. გადაცემის მსვლელობისის საქართველოს შესახებ ვიდეოტიხრები განთავსდება.
ამავდროულად, გადაცემა ფოკუსირებულია, აუდიტორიის ყურადღება მიმართოს საქართველოს მასშტაბით ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს არსებობისკენ.