„სასამართლო სისტემაში სამართლიანობის აღდგენა დაიწყო. ზონდერ-მოსამართლეები სისტემას ტოვებენ", - ამბობს „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე „ალიასთან" საუბრისას:
- ჩემი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანს 10-წლიანი ვადა ამოეწურა და მას ვადა აღარ გაუგრძელეს. ჯემალ კოპალიანი გახლავთ ისეთი გახმაურებული საქმეების მოსამართლე, როგორიც არის ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის საქმე, ბუტა რობაქიძის საქმე, ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმე, სხვადასხვა პოლიტპატიმრების საქმე, „კაბელების საქმე", 26 მაისს ორი ადამიანი რომ შემოდეს თავისუფლების მეტროს თავზე. აი, მაგ საქმეებსაც ეს მოსამართლე იხილავდა. ასევე, სხვა ბევრი საქმე ეწერა, რომელთა ირგვლივაც არსებობდა კითხვის ნიშნები.
სხვათა შორის, ეს არის ის მოსამართლე, რომელმაც გიგი უგულავას შეუფარდა პატიმრობა, რის მერეც „ნაციონალებმა" დაიწყეს საუბარი, რომ მოსამართლეები, რომლებიც ადრე „ნაციონალებს" ემსახურებოდნენ, ამ ხელისუფლების პირობებში, ამავე მთავრობის საყრდენები გახდნენო. მაგრამ ახლა უკვე გაჩნდა ეჭვი, ეს თუ ასე იყო, მაშინ ვადა რატომ არ გაუხანგრძლივეს?! როგორც ჩანს, ამის იმედი ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდა!
ამავდროულად, ვადა არ გაუგრძელეს მოსამართლეებს - ანჟელი ხუროძეს, ლია ავალიშვილს, აგრეთვე - რამდენიმე მოსამართლეს სააპელაციო სასამართლოდანაც. მიდგომა არის აბსოლუტურად სწორი - მოსამართლეებს, რომელთა იგვლივაც არსებობს კითხვის ნიშნები, არ უნდა გაუგრძელდეთ ვადები და ამას აფიქსირებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც.
- ანუ, საბოლოოდ, რა არის მიზეზი, რის გამოც ასე მასობრივად არ უგრძელებენ მოსამართლეებს ვადებს?
- იუსტიციის საბჭოში ხომ შედის საჩივრები, მათ აქვთ ბევრი ინფორმაცია, ჩვენზე ბევრად მეტიც მათი საქმიანობის თაობაზე. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ ბოლოს და ბოლოს, დაიწყო სასამართლო სისტემის წმენდა, მაგრამ, როცა სასამართლო სისტემაში რჩება მიშა ჩინჩალაძე, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი და სისტემის ყველაზე დიდი ჯალათი, სასამართლო მარტო ვადის არგაგრძელებით კი არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ მათი საქმეები ამოიღონ და ჩახედონ, რა ხდება ამ საქმეებში. დღეს არსებული მოსამართლეების უმეტესობა უშიშროებისა და პროკურატურის ყოფილი კადრია. იგივე, საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მოსამართლეა იმავე უშიშროებისა და პროკურატურის ყოფილი კადრი. ამ ხალხს საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც კურორტზე, ისე უშვებდნენ, გარკვეული „დამსახურებების" გამო. ცოტა საქმე და მაღალი ხელფასებია იქ. იგივე ხდება უზენაეს სასამართლოში, სადაც საერთოდ არ იხილავენ საქმეებს. განუხილველი რჩება საქმეების უმეტესობა. პატარა ჯილდო საქალაქო სასამართლო იყო, დიდი ჯილდო - უზენაესი და ა.შ. ამიტომ, მარტო მათ ვადებს კი არ უნდა ვუყუროთ, არამედ იმ საქმეებზეც უნდა ვიფიქროთ, რაზეც პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოს.
- რა ინფორმაცია გაქვთ, სისტემიდან ამ ძველი მოსამართლეების გაშვება გაგრძელდება?
- უამრავ მოსამართლეს გასდის ვადა, სხვათა შორის, იმ მოსამართლესაც, რომელმაც „კაბელების საქმე" განიხილა ბოლოს. საინტერესოა, როგორ გადაწყდება მისი საქმე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა მოსამართლემ მოასწრო ვადის გაგრძელება. კუბლაშვილი რომ მიდიოდა, უამრავს გაუგრძელა ვადა, რომ ამ პრობლემების წინაშე არ აღმოჩენილიყვნენ მისი წასვლის შემდეგ და გარკვეული რაოდენობის დასაყრდენებიც ჰყოლოდა სისტემაში. საშუალოდ თხუთმეტამდე მოსამართლეა, რომლებსაც კუბლაშვილის შემდეგ ვადა გაუვიდათ და უფლებამოსილება შეუწყდათ.
- მოსამართლეებს ვადას უგრძელებს იუსტიციის საბჭო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაქები ლევან მურუსიძე, რომელსაც უახლოეს წარსულში ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც შეხვდა. რა ხდება?
- მე ამა თუ იმ ფაქტის შეფასება შემიძლია სამართლებრივად და ამის იქით, ვინ რას და რაზე გაურიგდა, რთული სათქმელია.
- „ჩემი წინამორბედი არ მომწონდა, მაგრამ ერთ რამეში ვცემდი და დღესაც ვცემ პატივს, რომ თქვენნაირებს ხმას არ აღებინებდა. მე კიდევ იმიტომ ვარ მასზე უკეთესი, რომ თქვენ ხმას გაღებინებთ", - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ საპარლამენტო უმცირესობს წევრ გიორგი კანდელაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.
- ქვეყანაში აზრის გამოთქმის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს, ვერავის ავუკრძალავთ, მაგრამ ცუდია ის, რომ წულუკიანმა არ მისცა კანდელაკს ახალი შოუს დადგმის საშუალება. ამავდროულად, ტრაგიკომედია რა არის იცით? საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიდისო დევნა. ამ აქციების და ა.შ. ჩატარების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ პატრიარქის რეზიდენციასთან მისვლის და აქციის ჩატარების უფლება აქვთ გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ და ამას სიტყვისა და გამოხატვის უფლებით, ნიღბავენ, მაშინ არ ირღვევა კანონი? მარტო მაშინ რატომაა მსგავსი ქმედება უკანონო, როცა საკონსტიტუციო მოსამართლეების სახლების სიახლოვეს მართავენ აქციებს? გიგი უგულავას სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, 2-საათიანი მიტინგი რომ ჩაატარეს „ნაციონალებმა", გაკვირვებული დავრჩი, არავინ რომ ხელი არ შეუშალათ, აი, კანონი სად დაირღვა. ლამის საკნებში მივიდნენ კამერებით. ვალერი გელაშვილს საგაზეთო სტატია არ აპატიეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს კაცი და დღეს ეს ხალხი პირდაპირ ეთერში აგინებს და ლანძღავს ხელისუფლებას, მის წარმომადგენლებს, ეს „ნაციონალები" დედის ტ...ს აგინებენ მათ მოწინაღმდეგეებს და თან სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის საფრთხეზე გვესაუბრებიან.
საერთოდ, კანდელაკი და მისი მსგავსი პიროვნებები პარლამენტში კი არ უნდა ისხდნენ, ასეთ ხალხს ტრიბუნაც კი არ უნდა ეთმობოდეთ. მე ერთი ამით ვარ გაკვირვებული - ლენინივით რომ გამოჰყავთ ეს ვახუშტი მენაბდე წვერში, კონსტიტუციონალისტი, რა ხდება, დაილივნენ კონსტიტუციონალისტები? ჯონი ხეცურიანზე, მინდია უგრეხელიძეზე, ავთანდილ დემეტრაშვილზე და პაატა ცნობილაძეზე მეტი იცის ამ ადამიანმა, თუ რა ხდება?! საიას და მენაბდეს ამ ადამიანს ლამის კულტურისა და სპორტის საკითხიც შეაფასებინონ. ტენდერი მოიგეს ამ ადამიანებმა, რომ ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ საკითხებზე მარტო ამათ რომ ილაპარაკონ, თუ რა ხდება? წულუკიანის მიმართ, ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი და ეს ყველამ კარგად იცოდა. მის მიმართ არაერთი მძაფრი განცხადებაც გამიკეთებია და მის მიმართ, ფაქტობრივად, დადებითიც კი არასდროს არ მითქვამს, მაგრამ ის განცხადებები, რომლებსაც ბოლო დროს აკეთებს, იმსახურებს ჩემს მხარდაჭერას.
სამართლიანობის აღდგენა თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია სასამართლოზე. რაც არ უნდა მყარი მტკიცებულებები მიიტანო და როგორც არ უნდა იყოს საქმე გამოძიებული, თუ საქმე მოსამართლემ არ გადაწყვიტა ობიექტურად, ჩათვალეთ, სხვა ყველაფერი დანარჩენი წყალშია ჩაყრილი. მოსამართლეთა რიცხვი უნდა გაიზარდოს და ეს არამარტო უზენაეს სასამართლოში, იმიტომ, რომ თითო მოსამართლეს 200-300 საქმე რომ აწერია, ვერ ახერხებენ ისინი ამ საქმეების დროულად განხილვას. ელემენტარული, სამოქალაქო საქმე იწელება 2-3 წლის განმავლობაში. ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური მართლმსაჯულება. შესაბამისად, ცხოვრებაში პირველად ვეთანხმები თეა წულუკიანს მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე, იმაშიც, რომ არჩევითები იყვნენ სასამართლოების თავმჯდომარეები. ხალხი უნდა ირჩევდეს მოსამართლეებს და თუ ყველას არა, სასამართლოების თავმჯდომარეებს მაინც. მით უმეტეს, რომ კადრების პრობლემა არ არის. ასევე, აღსადგენია რაიონული სასამართლოები. რაიონული სასამართლოების დახურვით, ადამიანებს პრობლემები შეექმნათ, იმიტომ, რომ სოფლიდან ქალაქებში გადაადგილება დაკავშირებულია დროსთან, ფინანსებთან. მაშინ იმიტომ გააუქმა მიშამ რაიონული სასამართლოები, რომ იმ მოსამართლეთა რიცხვი ვერ ჰყოფნიდათ, რომლებიც მათ კონტროლქვეშ იყვნენ. ჰყავდათ მონა მოსამართლეების გუნდი, რომლებსაც უნაწილებდნენ მათთვის საინტერესო საქმეებს.
დიანა ლიპარტელიანი
გაზეთი „ალია"