reportiori.ge - „ნაციონალური შეთქმულება“ საბოტაჟური განზრახვებით - მზადება სოციალური აფეთქებისთვის?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:46
პრეს-დაიჯესტი
„ნაციონალური შეთქმულება“ საბოტაჟური განზრახვებით - მზადება სოციალური აფეთქებისთვის?!
ავტორი:
28 სექტემბერი, 2015. 14:43


შემოთავაზებული სტატია ერთგვარი რეზიუმეა იმ მოვლენებისა, რაც უკანასკნელ ხანს ჩვენს თვალწინ განვითარდა.


მოცემულობა ასეთია: ყოფილ ხელისუფლებას ამჟამინდელ სახელისუფლებო ვერტიკალში ორი მნიშვნელოვანი დასაყრდენი დარჩა. ეს არის ეროვნული ბანკი და საკონსტიტუციო სასამართლო. ორივე ორგანიზმის ხელმძღვანელი ნაციონალურ ხელისუფლებასთან ვალშია... აქამდე ჩანდა, რომ ვალს ქადაგიძე უფრო მეტი ინტენსივობით აბრუნებდა, ვიდრე პაპუაშვილი და „ქართული ოცნების" მიმართ მზარდ ნიჰილისტურ განწყობებში ლომის წილი სწორედ მას შეიძლება მივაკუთვნოთ... მეტიც, ცოტა ხნის წინ მტკიცედაც შეიძლებოდა საუბარი იმაზე, რომ პაპუაშვილი პრაქტიკულად, საერთოდაც არ ქმნიდა პრობლემებს, თუმცა გიგი უგულავას სარჩელის გადაწყვეტისას გამოჩნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ერთ-ერთი მთავარი „ფიშკაა" სააკაშვილისთვის, რომლისთვისაც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ერთი აღიარებული უკანონო პატიმრის ყოლა წითელი ხალიჩაა ამბიონამდე...


შეგვიძლია განვიხილოთ ერთი დღის ქრონიკა, რომელიც, ვფიქრობთ, ცხადად გამოკვეთს კონტურებს საერთო სურათის წარმოსადგენად. პროგნოზები კი - უკვე გემოვნების მიხედვით...


მაშ ასე, 2015 წლის 16 სექტემბერი, საკონსტიტუციო სასამართლოში განგაშია. თავმჯდომარე საავადმყოფოში მწოლიარე მოსამართლე მერაბ ტურავასგან ხელმოწერის „გამოძალვას" ცდილობს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ შესულ პატიმარ გიგი უგულავას სარჩელს პასუხობს. ეს უკანასკნელიც „მედგარ" წინააღმდეგობას უწევს „მოძალადეებს"... გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია ფართო საზოგადოებისთვის...


ამ პროცესის პარალელურად სოციალური ქსელი ფეთქდება ინფორმაციებით დოლართან მიმართებაში ლარის ნიშნულის 2,564-მდე გაზრდის შესახებ. ინფორმაციის გამავრცელებელი ნაციონალური ელიტის ის ნაწილია, რომელიც მეტად აქტიური „ფბ"-მომხმარებელია. სინამდვილეში კი ქუჩაში, სავალუტო ჯიხურებში ჩვეულებრივი მოქალაქეები დოლარს 2,42 ლარში ცვლიან. მხოლოდ ერთმა, „საქართველოს ბანკმა" დააფიქსირა ის ნიშნული, რასაც ვირტუალურ სივრცეში ნაციონალური ელიტა დაჰქვითინებდა...


რამდენიმე საათში ყველაფერი ლაგდება: ზუსტად 21 საათა და 04 წუთზე სააკაშვილის ხელისუფლების იუსტიციის მინისტრი და ჯერ კიდევ იმხანად არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საზოგადოებას ამცნობს გადაწყვეტილებას, რომელსაც, თუ მარტივ ენაზე გადმოვთარგმნით, გიგი უგულავას უკანონო პატიმრად აღიარება ჰქვია. ეს გადაწყვეტილება კი პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელევიზიით, რომლის ხელმძღვანელიც ისევ და ისევ ნაციონალური ხელისუფლების გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ.


რაღა თქმა უნდა, ნაციონალურ „ფბ"-გვერდებზე ლარის კურსზე გლოვა და ვაი-ვიშიც წყდება. ნაციონალებს ზეიმი აქვთ... მოგვიანებით თავისუფლებაზე 23 საათის განმავლობაში მყოფი გიგი უგულავა იტყვის, რომ მათ ივანიშვილის ხელისუფლება ბეჭებზე დასცეს...


კითხვა: იყო თუ არა ეს წინასწარ დაგეგმილი ერთგვარი ანტიკრიზისული სქემა, სადაც სააკაშვილის ხელისუფლების ორ „მოჰიკანს" განსაკუთრებული როლი ერგო? ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს ქვემოთ კონკრეტული ექსპერტებისგან მივიღებთ. მანამდე კი შეგვიძლია სხვა დეტალებიც განვიხილოთ:


თავის დროზე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლარმა სულის ღაფვა დაიწყო, ნაციონალების სათავო ოფისიდან სტრატეგიულმა „სლოგანმა" გამოჟონა - ცოცხების ახალი ეფექტი - ლარის კურსი... და მას შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მიუხედავად უამრავი ტალახის მოგერიებისა, მაინც ახერხებს პოზიციების შენარჩუნებას. ხალხი კი სოციალური აფეთქების ზღვარზეა...

 

ეკონომიკური ექსპერტი მიხეილ დონდუა „პრაიმტაიმთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ საქმე მართლაც გვქონდეს საბოტაჟთან:


-ქადაგიძე ამ სისტემას ხელმძღვანელობდა მაშინაც, როდესაც პოლიტიკური სისტემა ტერორს ახდენდა საფინანსო სისტემაზე. ამ მიმართულებით რამდენიმე ქეისიც გამოვლინდა და ამ ყველაფრის უშუალოდ განმახორციელებელი პირი გახლდათ ქადაგიძე. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, მის მიმართ ნდობა არ არსებობს იმის გამო, რომ ეს ადამიანები არჩეულნი არიან იმ სისტემის მიერ, რომელიც თავად არ იყო დემოკრატიულად არჩეული. არსებობს მთელი რიგი კითხვის ნიშნებისა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი მოქმედება შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული. ამასაც თავი რომ დავანებოთ, მათი მოქმედება, თუნდაც ბატონი ქადაგიძის მოქმედება, ჩვენ გვაძლევს დიდ რისკებს.


- შესაძლებელია, მოხდეს მათი შეთანხმება, თუნდაც კონკრეტული პროცესების დაგეგმვის ფარგლებში, რაც უარყოფითად აისახება დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ პერსპექტივებზე, ან მოამზადებს ნიადაგს სოციალური აფეთქებისთვის?

 

- ასეთი საშუალებები მათ მინიმუმ ხელში აქვთ. თუმცა მექანიზმებზე ვერ ვიტყოდი ასე დაბეჯითებით, ვინაიდან უკანასკნელ დღეებში ჩვენ ვატყობთ უკან დახევით პოზიციას რაც მაფიქრებინებს, რომ სიტუაცია სტაბილიზაციისკენ წავა. „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ბრძოლისთვის ყველა ტიპის იარაღს იყენებს, მათ შორის ემოციურს, აჟიოტაჟისკენ მიმართულს. ამას ვხედავთ ყოველკვირეულად. თუმცა, გრძელვადიანი პანიკის გამოწვევა მათ არ შეუძლიათ. ლარის აჟიოტაჟური გაფუჭება მალევე წყდება. ალბათ, ყველა მიხვდა, რომ არ ღირს ამ აჟიოტაჟის აყოლა და პანიკური დამოკიდებულება. ძალები, რომლებიც პანიკის გამოწვევას ცდილობენ, ნელ-ნელა სუსტდებიან, რადგან მათი მოქმედებები არ ამართლებს, საბოლოო ჯამში, და საბოლოოდ ყველაფერი რეგულირებას ექვემდებარება. ყველა პარამეტრი, რომელიც შეიძლება ლარის გაუარესების, ან უკეთეს მდგომარეობაში ჩადგომის პირობებზე მიუთითებდეს, გაუმჯობესებულია და მიანიშნებს იმაზე, რომ, საბოლოო ჯამში, ლარის დღევანდელი კურსი უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე არის. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მცდელობა, გააჩინოს უიმედობა, აუცილებლად დამარცხდება. მათ მიზანი ჰქონდათ, სექტემბერში კურსი 3.0 ნიშნულამდე ასულიყო, მაგრამ ვერ მიაღწიეს. როდესაც კურსი 2.5-ზე ავიდა, ეს იმდენად ცხადად აჟიოტაჟური იყო, რომ ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, დაერეგულირებინა და ლოგიკისთვის დაემორჩილებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მათი ქმედება გამომჟღავნდებოდა.


- შეგიძლიათ, კონკრეტულად გაგვცეთ პასუხი კითხვაზე: შეუძლია თუ არა ქადაგიძეს, გაატაროს ის პოლიტიკა, რაც ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკურ სურვილებს დაექვემდებარება? თუნდაც სოციალური აფეთქება გამოიწვიოს...


- ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ვინც უნდა იყოს ის, შეუძლია, გამოიწვიოს ყველაფერი - სასიკეთოც და საზიანოც. თუმცა, ეს მოქმედება იქნება დროში მოდულირებული. შესაძლებელია „ნაციონალური მოძრობა" ფიქრობდეს, კონკრეტულ დროში გამოიწვიოს სიტუაციის არევა, მაგრამ გამომდინარე ფიქსირებული პარამეტრებიდან, საინვესტიციო მაჩვენებლებიდან, ეკონომიკური მაჩვენებლებიდან, გამორიცხულია, ვინმემ გრძელვადიან პერიოდში შეინარჩუნოს საბოტაჟურად ლარის დამაქცევარი ეფექტი.


ვფიქრობთ, მკითხველისთვის გასაგები უნდა იყოს სოციალური მიმართულებით გათვლილი სტრატეგიები და გეგმები. ახლა კი, რაც შეეხება გიგი უგულავას გარშემო დაგეგმილ სტრატეგიას.


პოლიტიკურ ძალას, რომლის ლიდერთა ერთი ნაწილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, სხვა ნაწილი კი - საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჰაერივით სჭირდებოდა ერთი აღიარებული უკანონო პატიმარი. ამ მიზნის მისაღწევად, რაღა თქმა უნდა, ყველა ხერხი „გამართლებული" იყო. ეს პროცესი ყოფილი მერის სარჩელით დაიწყო, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა, სადაც გიორგი პაპუაშვილის არსებობის გამო შედეგების გათვლა რთული არავისთვის უნდა ყოფილიყო. საჭირო მხოლოდ დროის მოგება ხდებოდა გადაწყვეტილების მიღწევამდე იმისთვის, რომ პაპუაშვილის გადაწყვეტილებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს არ დაესწრო განაჩენის გამოცხადება. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ გიგი უგულავამ ჯერ 6 ადვოკატი გამოიცვალა, რომლებსაც 2-2 თვე, ალბათ, მხოლოდ საქმის გაცნობისთვის დასჭირდებოდათ. ამის მიუხედავად საქმე ფინიშამდე მაინც გავიდა. ბოლო ადვოკატმა, კონდახაშვილმა სასამართლოს ასეთი განცხადებითაც კი მიმართა - პროცესს ვერ დავესწრები, ვინაიდან გასვენებაში მივდივარო. კონდახაშვილს სოციალურ ქსელში დადებული ფოტოები აუფრიალეს იმის დასამტკიცებლად, რომ გასვენებაში ყოფნის ნაცვლად ის „ჯინო ფერედაიზ"-ში ერთობოდა და 500-ლარიანი ჯარიმაც უთავაზეს პროცესის განზრახ გაჭიანურებისთვის... გიგი უგულავას კი სახაზინო ადვოკატი აუყვანეს... ერთი სიტყვით, დროის მოგების შეჯიბრი საბოლოოდ მაინც ნაციონალების გამარჯვებით დასრულდა, ვინაიდან ორგანიზებულმა ორგანიზმმა ფუნქციები გაანაწილა, ყველა არსებული რესურსი ჩართო და პაპუაშვილის პომპეზურად გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის ყოფილი მერი ციხიდან უკანონო პატიმრის სტატუსით ტაშის გრიალით გამოიყვანა... უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმას, ისევ ტაშის გრიალით, 23 საათში მოუწევდათ თუ არა მისი უკან შეცილება. მთავარი ის იყო, რომ ამ რაუნდში ხელისუფლება „ბეჭებზე დასცეს"... რაც მთავარია, მთელი ეს პროცესი პირდაპირი ჩართვით გადაიცემოდა სატელევიზო ეთერით. იყო ემოციური კადრებიც... ესეც, რაღა თქმა უნდა, როლური განაწილების ნაწილს შეგვიძლია მივაკუთვნოთ.


„ნაციონალური მოძრაობის" ანტიკრიზისულ ხერხებსა და ტექნოლოგიებზე ექსპერტ მამუკა არეშიძეს თავისი შეხედულება აქვს:

 

- სააკაშვილს აქვს განსაკუთრებული უნარი გარკვეული ძალების კონსოლიდირებისა და ამასთანავე, პიარფონის შექმნის... მას ეს 90-იანებშიც ეტყობოდა, როდესაც ერთად ვიყავით პარლამენტში. არ მახსოვს, სააკაშვილს დერეფანში გაევლო და ჟურნალისტები ჯგუფ-ჯგუფად არ გაჰყოლოდნენ. ის ყოველთვის აკეთებდა საქმეს, ჟურნალისტებთან ერთად. მას ყოველთვის უნდა ჰქონოდა წინ კამერა. მას შეეძლო, მარტო მდგარიყო კამერის წინ და შეექმნა ილუზია, რომ ხალხს ელაპარაკება. მნიშვნელობა არ ჰქონდა, დაუსვამდნენ თუ არა მას წინ პუბლიკას მისი ხელისბიჭები, მაინც შეეძლო ტრიბუნაზე დაყრდნობით ელაპარაკა ისე, თითქოს მასებს ესაუბრება. გარდა ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ პიარის ტექნოლოგიებს უზადოდ ფლობს „ნაციონალური მოძრაობა". შესაბამისად, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებული მთელი პროცესი იყო სპექტაკლი, რომელიც დაიდგა, იყო კარგად ორგანიზებული და შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი მიღებული და ძალით გატანილი კანონი, რომელსაც მაშინდელი სუსტი ოპოზიცია წინააღმდეგობას უწევდა, გამოაცხადა დისკრიმინაციულად და ისე შეფუთა, რომ სხვას საშუალება არ მისცა, ეკითხა  ეს კანონი თქვენ არ შემოიტანეთო? მთელი ეს სპექტაკლი, რეჟისორული თვალსაზრისით, უზადოდ იყო დადგმული, დრამატურგია იყო გადასარევი, მაგრამ რაკი ამ ყველაფერს ცუდი ბიოგრაფია ჰქონდა, ეს სპექტაკლი გადაიქცა ფარსად. ეს რომ სხვა პოლიტიკურ ძალას მოეხერხებინა, საუკეთესო შედეგს მიიღებდა.

 

- გიგი უგულავას ორივე დაკავება 2014-შიც და ახლაც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. რა როლი აქვს მსგავს კრიზისულ სიტუაციებში ამ ტელეკომპანიას!

 

- „რუსთავი 2" ამ ქსოვილის ნაწილია. ეს სისტემა ახალგაზრდა რეფორმატორებმა შექმნეს 90-იანი წლების ბოლოს. მას შემდეგ იხვეწებოდა და დღეს არის ძლიერი ერთიანი სისტემა, სადაც ამ ტელეკომპანიას განსაკუთრებული როლი უკავია და სხვათა შორის, წარმატებითაც. ამიტომაც „ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ძალიან დაკვირვებით არჩევდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელს. ასე შეირჩა ნიკა გვარამიაც, მიუხედავად მისი შავი ლაქებისა, როცა იყო გენერალური პროკურორის მოადგილე.


- რა როლი აქვს მთელ ამ სისტემაში გიორგი პაპუაშვილს?

 

- გიორგი პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობარია. ძალიან კარგად მახსოვს მათი ურთიერთობა 90-იან წლებში. ხანდახან მეცინება კიდეც, როცა მახსენდება, რომ ისინი მეტყველების პედაგოგთანაც ერთად დადიოდნენ, სადაც არა მარტო მეტყველებას ხვეწდნენ, არამედ საორატორო ხელოვნებასაც. გარდა მეგობრობისა, პაპუაშვილი ვალშიც არის სააკაშვილთან, ბოლოს და ბოლოს 1000 ლარში აჩუქეს უზარმაზარი სახლი ბათუმის ცენტრში, სადაც ის დღეს ცხოვრობს. რასაკვირველია, პაპუაშვილიც იმ სქემით მოქმედებდა, რაც ცენტრალურმა ორგანომ შეიმუშავა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დადგმული იყო, მაგრამ მაკვირვებს, როგორ მიიღო ამ ფარსში მონაწილეობა ხელისუფლებამ. სწორედ მისმა მონაწილეობამ შესძინა ამ ფარსს მეტი პიკანტურობა. საოცარი იყო იმის ყურება, როგორ ჩქარობდა ორივე მხარე, ერთმანეთისთვის სასამართლო პროცესები დაესწრო. ეს იყო არასასიამოვნო და გულისმომკვლელი სანახაობა. პრაქტიკულად, ჩვენ ვიხილეთ ძალიან მაღალი დონის სპექტაკლი პროვინციული შესრულებით. ამასობაში კი ორივე მხარემ გააპარა კეზერაშვილის ამბავი... ვინ ვისთან მოილაპარაკა ბინძურად, ვინ რა გააკეთა - ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ გულის დასაწყვეტი ის არის, რომ ვიღაცას იდიოტები ვგონივართ და ფიქრობს, რომ ამას ვერ ვხვდებით - მთელი ამ სპექტაკლის სიყალბესა და ჩუმ-ჩუმად გაკეთებულ სვლებს. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც თავს მოაზროვნედ მიიჩნევს, ეს ყველაფერი მობეზრდა, ამიტომაც არის, რომ საზოგადოების 60 პროცენტი ნიჰილისტურად არის განწყობილი პოლიტიკური ელიტისა და არჩევნების მიმართ.


- უგულავასთვის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ნაციონალებმა ატეხეს პანიკა, რომ ლარის კურსი 2,54-ზეა, როცა სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2,42 კურსით იყიდებოდა... ხედავთ ამაში პაპუაშვილისა და ქადაგიძის შეთანხმებულ როლს?

 

- ყველაფერი ერთმანეთთან კავშირია. სცენარი ერთად დაიწერა და ამ სცენარში შედის ასეთი ტიპის ტყუილი დემარშები, იმ კონკრეტული დროის მონაკვეთში ხომ მიაღწიეს იმ ეფექტს, რომ ხალხი დაპანიკდა? ეს არის ტექნოლოგიების ნაწილი... თქვენ მხოლოდ ორი უმაღლესი პოზიცია ახსენეთ... მე კი გეტყვით, რომ ასეთი 15-16 პოზიციაა. შეიძლება არ იყვნენ ხემძღვანელები, მაგრამ საკვანძო ადგილებზე სხედან და საბოტაჟით არიან დაკავებულნი. ეს საქართველოში ტოტალურად ხდება.

 

 

 

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016