reportiori.ge - რა პირობებში იხდიან სასჯელს, რეალურად, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია? - ინტერვიუ კახა კახიშვილთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:27
პრეს-დაიჯესტი
რა პირობებში იხდიან სასჯელს, რეალურად, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია? - ინტერვიუ კახა კახიშვილთან
ავტორი:
28 სექტემბერი, 2015. 15:27


რა პირობებში იხდიან სასჯელს, რეალურად, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია?


„კვირის ქრონიკას" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ესაუბრა.


- გარდა იმისა, რაც უკვე გაკეთდა, ახლო მომავალში მკაცრი რეჟიმის, მაღალი რისკის დაწესებულების გახსნას ვგეგმავთ. დაწესებულებაში გადავლენ მსჯავრდადებულები, რომლებსაც ე.წ. მულტიდისციპლინური ჯგუფები მაღალ რისკებს დაუდგენენ.


მაღალი რისკი გულისხმობს იმასაც, რომ შესაძლებელია, ამ კონკრეტულმა მსჯავრდადებულმა კონკრეტული პრობლემები შეუქმნას დანარჩენებს.


- ე.წ. მაყურებლებს გულისხმობთ?


- არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ისინი ჩემთვის, უბრალოდ, მაღალი რისკის კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი პატიმრები არიან, რომლებიც, როგორც კი № 6 დაწესებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდება, იქნებიან იზოლირებული.


- ვინ შევლენ ამ ე.წ. მულტიდისციპლინურ ჯგუფებში, ვინც ასეთ პატიმრებს გამოავლენენ?


- სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, უსაფრთხოებისა და რეჟიმის თანამშრომლები... მათი ჩართვა ამ საკითხში უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია... სარემონტო სამუშაოები დასასრულისკენ მიდის, დარჩენილია ვიდეომონიტორინგის სისტემის დამონტაჟება და უკვე იმ პატიმრების შეფასებები დაიწყება, რომლებიც ამ დაწესებულებაში გადავლენ. ამ დაწესებულებაში იქნება ყველაფერი, რაც საჭიროა პატიმრისთვის, მაგრამ ამავდროულად, გამკაცრებული სარეჟიმო მოთხოვნები დაწესდება... როცა მე მინისტრად დავინიშნე, არც ერთი ციხის დირექტორი არ შემიცვლია. არავინ შემიცვლია არც პენიტენციურ დეპარტამენტში, როცა მათ შევხვდი, ერთი მარტივი რამ ვუთხარი :


_ როგორც მინისტრი და ადამიანი, ყოველთვის გვერდით ვედგები თითოეულ თანამშრომელს, მაშინაც კი, როცა შესაძლებელია, მათი სახელი რაღაც შეთითხნილ საკითხს დაუკავშირდეს, მაგრამ ბოლომდე მივყვები იმ თანამშრომელს, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ დაემორჩილება. ციხის ის დირექტორი, სადაც კონკრეტული მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, კანონით დადგენილი წესით აგებს პასუხს.


- რა კონკრეტულ მოთხოვნაზე საუბრობთ?


- კონკრეტული მოთხოვნა არის ერთი - კანონის სრული დაცვა, როგორც  მსჯავრდადებულებისა და ბრალდებულების მხრიდან, ასევე, ჩემი თანამშრომლების მხრიდან. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ ღირსეული სოციალური გარანტიები და საამისოდ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა კანონში, მაგრამ ამავდროულად, არ დავუშვებთ, რომელიმე თანამშრომელი მსჯავრდადებულის, ან ბრალდებულის უკანონო ნების აღმსრულებლად იქცეს. ასევე, უნდა იცოდნენ მსჯავრდადებულებმა და ბრალდებულებმა, რომ მათ ყველაფერი ექნებათ, რაც კანონით არის გარანტირებული მსჯავრდადებულისთვის, მაგრამ ამაზე მეტი არაფერი ექნებათ.


სამარტოო საკანში გადაყვანის ვადა შემცირდა, სიიდან ის სპეცსაშუალებები ამოვიღეთ, რომელთა გამოყენებაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანებას უკავშირდებოდა, მხედველობაში მაქვს ხელკეტები და ცრემლსადენი გაზები... ყველაფერი კეთდება, რომ ადამიანმა ღირსეულად მოიხადოს სასჯელი, რომელიც სასამართლომ დაუდგინა.


- სახალხო დამცველმა № 7 დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ ანგარიში გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის გამო მის დახურვასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია გასცა. რა ბედი ელის № 7 დაწესებულებას?

 

- მე შევხვდი სახალხო დამცველს. შეხვედრას, რომელიც ძალიან საქმიანი იყო, სამინისტროს ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრებოდა. დეტალურად განვიხილეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციები და  თავადვე ვამბობ, რომ № 7 დაწესებულებაში არსებული პირობები ნამდვილად არ შეესაბამება სტანდარტებს. ამავე დროს, მეორე საკითხია ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც იცით, № 7 დაწესებულებაში განთავსებული არიან მაღალი რისკის მსჯავრდადებულები. ესენი არიან ე.წ. კანონიერი ქურდები და პატიმრები, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ თვითდაზიანებებისკენ, ქურდული ტრადიციების მატარებლები არიან. როგორც კი № 6 დაწესებულება გაიხსნება, აღნიშნულ მსჯავრდადებულებთან მიმართებაში რისკები შეფასდება  და შედეგების საფუძველზე მათი № 6 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდება. №-7 დაწესებულება კი მოდერნიზდება, შეიკვეცება მსჯავრდადებულთა განთავსების ლიმიტი, ხოლო როგორც კი კიდევ ერთი პროექტი - ლაითურის დაწესებულების მშენებლობა დასრულდება, № 7 დაწესებულება ფუნქციონირებას შეწყვეტს.


№7 დაწესებულების პრობლემა ახალი არ არის და პრობლემები აღნიშნულ დაწესებულებაში 10-15 წელია არსებობს, თუმცა, ამ წლების განმავლობაში ამის შესახებ არავინ საუბრობდა. არსებობს პრობლემები და ამ საკითხზე ვმუშაობთ, მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ - სანამ ინფრასტრუქტურული პროექტები არ დასრულდება, სად გადავიყვანოთ № 7 დაწესებულების პატიმრები?! ამ დაწესებულებაში ეს მსჯავრდადებულები ჩემი სურვილის გამო კი არ არიან განთავსებულნი, არამედ მათი სხვა დაწესებულებებში გადაყვანა რისკებს შეიცავს.


- სახალხო დამცველის იმავე ანგარიშშია საუბარი დაწესებულების დახურვამდე დროებითი ღონისძიების სახით, პატიმართა მძიმე მდგომარეობის გარკვეულწილად შესამსუბუქებლად იმ კონკრეტული ზომების შეთავაზება, რომელთა დაუყოვნებლივ მიღება სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს აუცილებლად მიაჩნია. 


- რაც შეეხება ე.წ. სრული შემოწმების საკითხს, უფლებადამცველები ამბობენ, რომ #156 ბრძანება, რომელსაც თქვენ აწერთ ხელს, რაც გარედან შესული პატიმრის სამედიცინო შემოწმებას ითვალისწინებს, იმაზე უფრო ღირსებაშემლახველია, ვიდრე ადრე იყო. ისინი იძლევიან რეკომენდაციას, რომ სამედიცინო შემოწმება ჩანაცვლდეს სკანირების აპარატის გამოყენებით.


- მსოფლიოში არ არსებობს შემოწმების ალტერნატივა. მე ორი ტიპის რეკომენდაცია მაქვს. ერთი არის ის, რომ უზრუნველვყო დანარჩენი  მსჯავრდადებულებისა და ბრალდებულების უსაფრთხოება და მეორე - აღვწერო დაზიანებები, რომლითაც შემოდის პატიმარი დაწესებულებაში.


თუ ვინმე მეტყვის, რომ სკანერით სხეულზე დაზიანების აღწერა შესაძლებელია ისე, რომ შემდგომში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა დასკვნა დადოს, ვეტყვი, რომ მსოფლიო სამედიცინო ექსპერტებს მსგავსი რამ არ მოუგონიათ. ვინც ამბობს, რომ ე.წ. სრული შემოწმება ადამიანის უფლებებს ლახავს, მე მათ ვურჩევდი, რომ წაიკითხონ ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დასკვნები - როდის მიიჩნევა ღირსების შემლახავად სრული შემოწმება და თუ შეადარებენ ჩვენთან არსებულ წესებს. ნახავენ, რომ ჩვენ ბევრად წინ წავედით.


- გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია, როგორც უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ამბობდა ჩვენთან საუბრისას,  პრივილეგირებულ პირობებში იხდიან სასჯელს. მართლა ასეა?


- არაერთხელ მსმენია ამის შესახებ. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, ხოლო მეორე ნაწილი და თავად უგულავა აცხადებდა, რომ არანაირად არ ყოფილა პრივილეგირებული და პირიქით, უჩიოდა კიდეც თავის საყოფაცხოვრებო პირობებს. არ ვიცი, ამ ორი ამბიდან რა დასკვნის გამოტანა შეიძლება, მაგრამ მე ვაცხადებ, რომ ეს ადამიანები იმ პირობებში იხდიან სასჯელს, რა პირობებშიც უნდა მოიხადოს სასჯელი, ზოგადად, პატიმარმა. მათ ყველაფერი აქვთ, რაც უნდა ჰქონდეთ პატიმრებს. ჩემთვის ყველა პატიმარი ერთნაირია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, ყველანაირად ვცდილობ, მონაწილეობა არ მივიღო პოლიტიკურ პროცესებში, რომ სისტემის პოლიტიზება არ მოხდეს. ვცდილობ, არ გავცდე განცხადებების გაკეთებისას ჩემს უწყებას.


- რატომ?


- იმიტომ, რომ სისტემამ არ მიიღოს პოლიტიკური სახე. ამიტომ, ჩემთვის ყველა პატიმრის უფლება ერთმნიშვნელოვანია და არც ერთ პატიმარს არ ექნება იმაზე არც მეტი და არც ნაკლები, ვიდრე უნდა ჰქონდეს...

 

 

 

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016