reportiori.ge - სკანდალური კულუარები - სააკაშვილი ოდესაში „ვერის უბნის მელოდიებს“ დგამს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:13
პრეს-დაიჯესტი
სკანდალური კულუარები - სააკაშვილი ოდესაში „ვერის უბნის მელოდიებს“ დგამს
ავტორი:
28 სექტემბერი, 2015. 18:08


ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დიდი პრემიერისთვის ემზადება. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ოდესაში მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები" დაიდგმება.


მიხეილ სააკაშვილის პირადი მიწვევით მიუზიკლში მთავარ როლებს კვლავ სოფო ნიჟარაძე და ბუბა კიკაბიძე შეასრულებენ. სპექტაკლს, ქართველი მომღერლებისა და მსახიობების მონაწილეობით, ფრანგი რეჟისორი რედა ბენტიფორი აღადგენს. როგორც ცნობილია, მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები" სპეციალურად 2012 წლის არჩევნების წინ შეიქმნა და მალევე „ნაციონალური მოძრობის" მხარდასაჭერ წარმოდგენად იქცა. სპექტაკლში დაკავებული მსახიობები საარჩევნო პროპაგანდაში ღიად იყვნენ ჩართულები და თბილისის გარდა, წარმოდგენებს რეგიონებშიც მართავდნენ. მაშინ საზოგადოებას შეკითხვები გაუჩნდა მიუზიკლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, „ვერის უბნის მელოდიები" სახელმწიფო ბიუჯეტს ერთი მილიონი ლარი დაუჯდა. ამჯერად რა თანხები აქვს გამოყოფილი სააკაშვილს ოდესის ბიუჯეტიდან სპექტაკლის აღსადგენად, ჩვენთვის უცნობია. ამ ეტაპზე მიუზიკლში მონაწილე მსახიობებისგან ცნობილი ხდება პრემიერის სავარაუდო თარიღი. „ვერის უბნის მელოდიებს" ოდესელები ოქტომბრის ბოლოს ნახავენ. „პრაიმტაიმის" წყაროს ინფორმაციით, მიუზიკლის დამდგმელ რეჟისორთან და მსახიობებთან მოლაპარაკებას მიხეილ სააკაშვილი პირადად აწარმოებს, თუმცა ძებნილი პრეზიდენტი დასის ზოგიერთი წევრის დათანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ოდესის გუბერნატორის მიწვევა მიუღებელი აღმოჩნდა სუხიშვილებისთვის და რამდენიმე მსახიობისთვის, რომლებიც მეორეხარისხოვან როლებში არიან დაკავებული. სავარაუდოდ, მათ სხვა მსახიობები ჩაანაცვლებენ. ის, ვინც როლს ნამდვილად შეინარჩუნებს და, სავარაუდოდ, სააკაშვილისთვის შეუცვლელია, მიუზიკლის პრიმა სოფო ნიჟარაძეა. ის კვლავ მოირგებს ვარდოს როლს, სპექტაკლში ისევ გამოჩნდება ბუბა კიკაბიძე მედროგე პავლეს აჩრდილის როლში. მის ახალგაზრდობას კი კვლავაც ნოდიკო ტატიშვილი განასახიერებს. უკრაინელ მაყურებელს სტეფანე მღებრიშვილის ნახვის საშუალებაც მიეცემა. ამ დროისთვის სპექტაკლში მონაწილეობაზე უარი თქვეს სუხიშვილებმა და მსახიობმა კახა კინწურაშვილმა. რატომ არ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზება და რატომ თქვეს უარი დასის წევრებმა ოდესაში წასვლაზე? „პრაიმტაიმი" ამ თემაზე ანსამბლის პიარმენეჯერს ხატია ეკიზაშვილს ესაუბრა:


- ქალბატონო ხატია, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოდესაში „ვერის უბნის მელოდიების" დადგმა იგეგმება. მიიღეთ თუ არა მოწვევა ოდესის გუბერნატორისგან?

 

- კი, ვიცით, რომ სპექტაკლის აღდგენა იგეგმება, მაგრამ ჩვენ არ ვმონაწილეობთ, შესაბამისად, არც დეტალები ვიცი.


- ჩვენი ინფორმაციით, თქვენ უარი თქვით ამ სპექტაკლში მონაწილეობაზე, რა გახდა ამის მიზეზი?

 

- არა, ასე არ არის, ამ სპექტაკლში სუხიშვილების ანსამბლი არ არის დაკავებული, თუმცა რამდენიმე ჩვენი მოცეკვავე, რომლებიც კონტრაქტით არიან აყვანილები, იცეკვებენ. „ვერის უბნის მეოლდიებში" ისინი ადრეც გამოდიოდნენ და ოდესაშიც გეგმავენ წასვლას. ეს მოცეკვავეები მონაწილეობდნენ ბათუმში, თბილისში, ბაქოში გასტროლზე და ახლაც იცეკვებენ, ოღონდ არა სუხიშვილების სახელით. მათთან სპეციალურად გაფორმდა ცალკე კონტრაქტი.


- სუხიშვილების სახელით რატომ არ მონაწილეობენ?

 

- ანსამბლი აქ არაფერ შუაშია, მათ აქვთ პირადი ხელშეკრულებები და როგორც ასეთი, სუხიშვილები ამ მიუზიკლში ჩართული არ იქნება. ჩვენი დასი, როგორც იცით, ამერიკაში გეგმავს გასტროლს და იმ დროისთვის ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ვიქნებით.


სუხიშვილებისგან განსხვავებით, სპექტაკლში რჩებიან დასის სხვა წევრები. „პრაიმტაიმი" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. მსახიობები და მომღერლები ინფორმაციას უკრაინული პრემიერის შესახებ ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. როგორც ჩანს, უკვე მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს უხერხულობას უქმნის და და ისინი დეტალებზე საუბარს გაურბიან.


ქეთათო ჩარკვიანი, „ვერის უბნის მელოდიების" დასის წევრი, მომღერალი.


- ქეთათო, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოდესაში „ვერის უბნის მელოდიები" დაიდგმება. გეგმავთ ამ სპექტაკლში მონაწილეობას?

 

- დიახ, არის საუბრები და მე უკვე განვაცხადე თანხმობა.


- და რატომ ოდესა? ვის ეკუთვნის ეს იდეა?

 

- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ხომ გითხარით, დეტალები ჩემთვის უცნობია. ვიცი მხოლოდ ის, რომ იგეგმება და მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.


გიორგი ვარდოსანიძე, „ვერის უბნის მელოდიების" დასის წევრი, მსახიობი.


- ვერაფერს გეტყვით, დეტალები არ ვიცი. აი, ახლა ვიკრიბებით და იგეგმება რეპეტიციები.


- ანუ დასთანხმდით ამ შემოთავაზებას?

 

- კი, დავთანხმდი, რა თქმა უნდა. ისეთი მაღალი დონის რეჟისორთან მუშაობაზე, როგორიც რედაა, უარის თქმა ნამდვილად გამიჭირდებოდა.


- ხომ არ იცით, ვის ეკუთვნის იდეა მიუზიკლის აღდგენისა და ოდესაში დადგმის?

 

- ვერ გეტყვით, ეს დეტალები ჩემთვის უცნობია.


გიორგი ვარდოსანიძისგან განსხვავებით, ფრანგ რეჟისორთან მუშაობაზე ამ ეტაპზე უარი თქვა მსახიობმა კახა კინწურაშვილმა და ის სპეციალურად ოდესისთვის აღდგენილ „ვერის უბნის მელოდიებში" მონაწილეობას არ აპირებს:


- არ ვაპირებ ამ მიუზიკლში თამაშს. შესაბამისად, არ ვიცი, რა ხდება და რა პროექტზეა საუბარი. არც ოდესაში წასვლას ვგეგმავ.



„პრაიმტაიმი" დასის სხვა წევრებთანაც ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა ამ ეტაპზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მილიონიანი პროექტი, რომლის ნახვის სურვილიც სააკაშვილის წასვლის შემდეგ ქართველ მაყურებელს აღარ გასჩენია, ოდესაში ოქტომბრის ბოლოს განხორციელდება. ჯერჯერობით უცნობია, რა დაუჯდება ოდესის ოლქს სპექტაკლის აღდგენა. ასევე უცნობია, გეგმავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის მსგავსად, მსახიობებისა და მომღერლების პოლიტიკურ პროპაგანდაში ჩართვას. ამის შესახებ ინფორმაციას სპექტაკლში დაკავებული მსახიობები არ ფლობენ, თუმცა არც მოვლენების მსგავს განვითარებას გამორიცხავენ.

 

 

 

 

ირაკლი მამალაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016