reportiori.ge - „ყოველთვის ვიმოქმედებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“ - ინტერვიუ შინაგან საქმეთა მინისტრთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 09:56
პრეს-დაიჯესტი
„ყოველთვის ვიმოქმედებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“ - ინტერვიუ შინაგან საქმეთა მინისტრთან
ავტორი:
29 სექტემბერი, 2015. 10:21


შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სტრუქტურის გამოყოფას საზოგადოების ნაწილი დადებითად აფასებს, ნაწილი კი კვლავაც ფიქრობს, რომ პოლიცია ჯერაც ვერ განთავისუფლდა პოლიტიკური კონტექსტისგან. რას ფიქრობს ამაზე ქვეყნის პირველი პოლიციელი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სასჯელაღსრულების სისტემიდან დაინიშნა, თუმცა მანამდე ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა.


რა გახდა გიორგი მღებრიშვილის კარიერული წინსვლის საფუძველი - პრემიერისა და მმართველი გუნდის ნდობა, თუ პროფესიონალიზმი? რას მიიჩნევს საკუთარ დამსახურებად სასჯელაღსრულების სისტემაში? რას პასუხობს ოპონენტების ბრალდებებს კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით? რას ფიქრობს ნულოვან ტოლერატობაზე? რა სიახლეებს გეგმავს შსს და ელოდება თუ არა საარჩევნო წელს ქვეყანას პოლიტიკური ექსცესები?


„პრაიმტაიმი" გთავაზობთ ინტერვიუს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან.

 

- ქვემო ქართლის გუბერნატორი, სასჯელაღსრულების მინისტრი და ახლა უკვე შს მინისტრი... რა არის თქვენი კარიერული წინსვლის საფუძველი? რით დაიმსახურეთ პრემიერის ნდობა?

 

- ეს თავად პრემიერ-მინისტრს უნდა ჰკითხოთ. უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობის ნებისმიერ მომენტში კარგად გავიაზრო ის პასუხისმგებლობა, რომელიც მეკისრება და ამოცანები და მოლოდინები, რომელიც საზოგადოებასა და ჩემს თანაგუნდელებს აქვთ ჩემს მიმართ. მე ვერ გავაკეთებ შეფასებას, რამდენად წარმატებული გუბერნატორი ან სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი ან რამდენად წარმატებით ვართმევ თავს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამის ყველაზე კარგი შემფასებელი და საზომი ხალხი და საზოგადოებრივი აზრია.


- თქვენი თვითშეფასება როგორია? რამდენად გაართვით თავი სასჯელაღსრულების სისტემას... თქვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ, რომ ციხეებს დღესაც ე.წ. მაყურებლები მართავენ და არა ადმინისტრაცია?

 

- ოპონენტებმა შეიძლება ისაუბრონ ბევრი და ნებისმიერ საკითხზე. მთავარია ფაქტი და შედეგები, რასაც ჩვენ სასჯელაღსრულების სისტემაში მივაღწიეთ - ადამიანის უფლებების დაცვა, საკანონმდებლო რეფორმები, სამინისტროს მართვის მოდელის მოდერნიზაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი ძალისხმევა მსჯავრდადებულების რეაბილიტაციასა და გამოსწორებაზე, არსებითად ახალი ტიპის დაწესებულებები, სადაც პატიმრები მუშაობენ, სწავლობენ და საზოგადოებაში დაბრუნებისთვის ემზადებიან... ჩემთვის ეს იყო ძალზე საპასუხისმგებლო და გამოწვევებით სავსე პერიოდი. ვფიქრობ, სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციურმა რეფორმამ ის თანამედროვე დასავლურ სტანდარტებთან დააახლოვა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა იქ არსებული მდგომარეობა. ჩვენ სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა გავავრცელეთ სრულწლოვან პატიმრებზეც. პარალელურად, დავიწყეთ მუშაობა ქალთა შეზღუდული დაწესებულების პროექტსა და სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ელექტრონული მონიტორინგის, ე.წ. სამაჯურებით კონტროლის დანერგვაზე; დაიწყო მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მსჯავრდადებულთა რისკების შეფასება და დაწესებულებებში გადანაწილება. რაც შეეხება თქვენ მიერ დასმულ კითხვას ე.წ. მაყურებლებზე, მე ნამდვილად არ დავუშვებდი,რომ რომელიმე კრიმინალს ემართა პენიტენციური დაწესებულება. ვერც ერთი მსჯავრდადებული ვერ უკარნახებს ადმინისტრაციას, რა და როგორ უნდა გააკეთოს. ყველამ დაინახა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ძალიან პრინციპული და უკომპრომისო ვიყავი.


- ძალიან ხშირი გახლდათ პრეტენზიები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ, რომელიც სამინისტროსგან სრულიად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა... მოახერხეთ თუ არა, რომ ეს სტრუქტურა ფორმალურად სამინისტროს დაქვემდებარებაში მოგექციათ?

 

- სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ნამდვილად ფართო ავტონომიურობით სარგებლობდა. დიახ, ჩვენ გავაუქმეთ სად-ის ავტონომია და მოხდა სამინისტროსთან მისი სრული ინტეგრირება. პასუხისმგებლობებს მე თავიდან არასდროს ვირიდებ. ამიტომ სტრუქტურა, რომელსაც ვხელმძღვანელობ, სრულად უნდა მექვემდებარეობდეს.


- თქვენი ოპონენტები კრიმინალების გავლენების გაძლიერებაზე საუბრობენ ციხის გარეთაც... რეალურად რამდენად მწვავედ დგას ეს პრობლემა?

 

- არ მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. ეს ნათლად ჩანს იმ სტატისტიკური მონაცემებით, რომელსაც ქვეყნის ყველა საგამოძიებო უწყება დამოუკიდებლად, ერთიან სისტემაში არეგისტრირებს და რომლის მანიპულირებაც შეუძლებელია.


დანაშაული არსებობდა ყოველთვის და არსებობს დღესაც. ხოლო პოლიცია არსებობს იმისთვის, რომ დანაშაულს ებრძოლოს. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ უკანასკნელ პერიოდში შემთხვევათა დიდი ნაწილი ცხელ კვალზე იხსნება. ეს ნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ოპერატიულად და პროფესიონალურად მუშაობენ. არის მიმართულებები კრიმინალისტიკაში, სადაც რეალურად მართლაც არის ზრდის ტენდენცია. ასეთია, მაგალითად, კიბერდანაშაული - თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მთელ მსოფლიოში იმატა კიბერდანაშაულის შემთხვევებმა. გამონაკლისი არც საქართველოა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომებიც ვითარდება ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკანასკნელ ხანს მართლაც საგულისხმო პროგრესს მივაღწიეთ.


- რამდენად დაცულია პოლიცია კრიმინალებისგან?.. არაერთი პოლიციელი ემსხვერპლა კრიმინალის ტყვიას, გასულ კვირასაც იყო ფაქტი, როდესაც მძიმედ  დაჭრეს პოლიციის თანამშრომელი... ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიციელებს უნდა მიეცეთ მკაფიო ინსტრუქცია, რომ კრიმინალთან დაპირისპირების დროს გაცილებით თამამი და დროული გადაწყვეტილებები მიიღონ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ არსებობს ასეთი მოსაზრებაც - პოლიცია მაქსიმალურად იკავებს თავს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება და საფრთხის შემთხვევაში ცეცხლი გაუხსნას დამნაშავეს...

 

- არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. პოლიციელები მტკიცედ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და სწორედ ამიტომ დღეს საქართველოში არსებული უსაფრთხოების დონე ბევრ ევროპულ ქვეყანას შეგვიძლია შევადაროთ.


სამართალდამცველთა საქმიანობა, ზოგადად, მთელ მსოფლიოში ძალიან რთულია და საპასუხისმგებლო. ბუნებრივია, ის გარკვეულ რისკთანაცაა დაკავშირებული. როცა კრიმინალს ებრძვი, ეს რისკი ყოველთვის არსებობს. სამწუხაროდ, დანაშაულთან ბრძოლას მსოფლიოში ყოველდღიურად არაერთი პროფესიონალი პოლიციელის სიცოცხლე ეწირება. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება პოლიციელებისადმი - ადამიანებისადმი, რომლებიც მზად არიან, საკუთარი სიცოცხლე და უსაფრთხოება სხვა ადამანების, მთელი საზოგადოების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის გაწირონ.


ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც გაამკაცრებს პოლიციელთა მიმართ დანაშაულისა და სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას. პარალელურად, ვგეგმავთ ღონისძიებებს, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის პოლიციელთა მომზადების დონესა და ეფექტურობას.


- რას იტყვით ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ? ზოგი ამბობს, რომ კრიმინალთან ბრძოლის მხრივ ეს საკმაოდ ეფექტური პოლიტიკა იყო...

 

- ჩვენი ხელისუფლების პირობებში კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა არის უკომრპრომისო. დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე და, თუ საჭიროა, მთელი სიმკაცრითაც. ეს აუცილებელია მთელი საზოგადოების, ჩვენი მომავლის უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, აუცილებელი პირობაა, რომ ეს არ მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე. იმ ტიპის „სიმკაცრე", რომელიც თქვენ მიერ ნახსენებ ნულოვან ტოლერანტობას უკავშირდებოდა, ჩემთვის მიუღებელია, რადგან ამას თან ახლდა ადამიანის უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების ხელყოფა. საბოლოო ჯამში, დღეს ყველა თანხმდება, რომ წარსულში ამ პოლიტიკის არასწორი განხორციელებით ჩვენმა ქვეყანამ მეტი წააგო, ვიდრე მოიგო. ამიტომ საჭიროა დავიცვათ ზღვარი, რათა ერთი მხრივ, კრიმინალმა იგრძნოს კანონის მთელი სუსხი და სიმკაცრე და, მეორე მხრივ, არ ხელვყოთ ადამიანის უფლებები.


- სოციალურ გარანტიებზე რას გვეტყვით?.. ამ მხრივ, რამდენად დაცულნი არიან, თუნდაც გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახები?

 

- პოლიციის რიგებში არსებობს სოლიდარობისა და მხარდაჭერის უდიდესი მუხტი,  როდესაც პოლიციელი იღუპება - მისი ოჯახის, შვილების კეთილდღეობისთვის ყველა ერთიანდება. გარდა ამისა, სახელმწიფოს როლი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს პოლიციელებსა და მათ ოჯახებს სოციალური დაცვის კუთხით. სახელმწიფოს არასოდეს დაუხევია უკან, როდესაც საქმე სამედიცინო მომსახურებას (მათ შორის, საზღვარგარეთ), პოლიციელთა ოჯახების კეთილდღეობას, მათი შვილების განათლებასა თუ საცხოვრისით უზრუნველყოფას ეხებოდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.


მოგეხსენებათ, პოლიციელთა დაცვის გარანტიების კუთხით მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. თუმცა, მე პირადად დიდ მნიშვნალობას ვანიჭებ თითოეული ასეთი ოჯახის არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ თანადგომას.


- შსს-დან უშიშროების სამსახურების გამოყოფა როგორ აისახა თქვენი უწყების იმიჯსა და მუშაობაზე?

 

- ჩემი აზრით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების გაყოფამ შექმნა დამატებითი შესაძლებლობები ორივე მიმართულების შემდგომი განვითარებისთვის და ჩვენ ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ.


ამჟამად ვმუშაობთ პროექტებზე, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეფორმირება უნდა უზრუნველყოს. დავნერგავთ ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო სისტემას, გავაფართოებთ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის არეალს. კიდევ უფრო ეფექტურს გავხდით საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესს, ბოლომდე მივიყვანთ საზღვრის მართვის რეფორმას, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ საპატრულო პოლიციის ფუნქციონირებას და პოლიციის აკადემიის შესაძლებლობებს. ეს არის იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალი, რომელშიც ვაპირებთ, ჩავდოთ ჩვენი დრო და ენერგია.


- არის თუ არა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან?

 

- პოლიცია ემსახურება ყველა ადამიანს, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და მიკერძოების გარეშე. ამის მაგალითი ბევრია და მათი მოყვანა არ გამიჭირდება. პოლიციის შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ პოლიცია უნდა იცავდეს პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა თანაბრად აგებს პასუხს - სქესის, ეთნიკური წარმომავლობისა და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. ეს არის ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, პოზიცია.


- რამდენად ადეკვატურად მოქმედებს თქვენ მიერ ნახსენები პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს? ხომ არ გვაქვს საქმე ორმაგ სტანდარტებთან იმის მიხედვით, ვინ და რა მიზნით მართავს აქციას?

 

- ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. სწორედ კანონის თანახმად ახდენენ სამართალდამცველები რეაგირებას ნებისმიერ კონკრეტულ ფაქტსა და შემთხვევაზე. ჩვენ ვიცავთ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას მანამ, სანამ ის არ სცდება კანონის ჩარჩოებს. ერთი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის უფლებები.


დღეისთვის ჩვენი მიდგომა ასეთია: მანიფესტაციების დროს მინიმალური ჩარევის გზით შედეგის მიღწევა. თუმცა, პარალელურად, ახლა ვმუშაობთ სპეციალური ბრძანების პროექტზე, რომელიც განსაზღვრავს ამგვარ შემთხვევებში პოლიციის მოქმედების სტანდარტებს. ვფიქრობ, ახალი რეგულაციები, რომლებიც ქართული გამოწვევებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ანალიზს დაეფუძნება, პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც ამ მიმართულებით არსებობს.


- რა არის თქვენი უახლოესი პრიორიტეტი? იგეგმება რაიმე სიახლე, გარდა სტრუქტურული ცვლილებებისა?

 

- საშუალოვადიან პერსპექტივაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პოლიციის რეფორმა და უკვე წლის ბოლოსთვის საზოგადოებას რიგ პროექტებს შევთავაზებთ ამ კუთხით. ხოლო რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, სულ მალე, ოქტომბრის დასაწყისში, ვიწყებთ მასშტაბურ პროგრამას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში. დღეს ეს ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც გულისხმობს არა მარტო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე კონტროლისა და რეაგირების გამკაცრებას, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, სამართალდარღვევათა პრევენციის მიმართულების მაქსიმალურად გაძლიერებას. ამ კუთხით ნოვაციებსაც ვგეგმავთ, რაც არსებულ პრობლემაზე პოზიტიურად უნდა აისახოს. ეს საკმაოდ საინტერესო და მოცულობითი პროექტია, რომელშიც არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა და მხარდაჭერა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს პროექტი, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, სწორედ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის კეთდება. მე ამას ასეც დავარქმევდი - „კანონი თქვენი უსაფრთხოებისთვის".


- დაბოლოს, მინდა გკითხოთ... მომავალი წელი არის საარჩევნო წელი და ცხადია, საგრძნობლად აიწევს პოლიტიკური ტემპერატურა... ელოდებით გარკვეული სახის გართულეებს, ან ექსცესებს?

 

- პოლიცია უნდა უძლებდეს როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურას (იღიმის) და უნდა იყოს ეფექტური ნებისმიერ პირობებში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა მაქსიმალურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. მე ყოველთვის ვიმოქმედებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

 

 

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016