- არ ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ საკუთარი ხელით არ მომიწევს სამართლიანობის აღდგენა და ამის გამო, არ მინდა, რამე სისულელე ჩავიდინო, - ეს სიტყვები ყოფილი პარლამენტარის ხათუნა ხოფერიას ვაჟს რეზო ხოფერიას ეკუთვნის, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც ციხიდან გიგი უგულავას ერთდღიანი გათავისუფლება შიმშილობით გააპროტესტა. როგორც თვითონ ამბობს, „მაინც ამოთხრის", ბოლომდე იბრძოლებს, ვიდრე ამ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება:
- საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხელისუფლების შეცვლიდან სამი წლისთავზე ნაციონალები თავიანთ უდანაშაულობას იზეიმებდნენ! ამაზე მეტი სულში ჩაფურთხება რა უნდა იყოს ქართველებისთვის?! ჩვენ თავის დროზე არც სოფლის მეურნეობაში ჩადებული მილიარდები მოგვითხოვია და არც ლარის კურსის გამყარება. სამართლიანობის აღდგენას და წამების შეწყვეტას ვითხოვდით!
- რას გულისხმობთ, რომ დღესაც აწამებენ ადამიანებს?
- დღემდე კლავენ მოწმეებს! რა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც ნაციონალების და მათი პროკურორების წინააღმდეგ სერიოზულ ინფორმაციას ფლობდა, შვილის საფლავზე არ ააფეთქეს?
გიგი უგულავას საქმის პროკურორი ნაციონალების მმართველობის დროს ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო. როგორ ფიქრობთ, ეს არ მოქმედებს სამართლის აღსრულებაზე?!
პროკურორი, რომელმაც 26 მაისს ჩემს თვალწინ შეთხზა ჩვენება, დღესაც მშვენივრად გრძნობს თავს.
- ვისზე მიანიშნებთ?
- ეს არის დავით ხიზანაიძე. სხვათაშორის, ამ პიროვნების სურათი ერთხელ „ასავალ-დასავალში" ვნახე და ამოვჭერი. დღემდე საფულეში ვინახავ, რომ მისი სახე არ დამავიწყდეს. ჩათვალეთ, ჩემი სიცოცხლით ვრისკავ, ამ ადამიანის სახელს რომ ვახსენებ.
- მაინც, რა მოხდა?
- ამ საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალში", პრაქტიკულად, ღია ჩვენებას ვიძლევი. 26 მაისს იმ მანქანაში აღმოვჩნდი, რომელზეც ამბობდნენ, პოლიციელი გაიტანაო. მთელი დღის განმავლობაში საკანში ვიყავი გამომწყდეული, მოგვიანებით ჩვენების მისაცემად წამიყვანეს, რომელიღაც სართულზე დამსვეს, სადაც ჩემს თვალწინ რკინის არმატურით უმოწყალოდ სცემდნენ ადამიანებს - ერთი რომ ითიშებოდა, მეორეზე გადადიოდნენ.
როდესაც პატრულის თანამშრომელი დაკითხვას აწარმოებდა, გვერდით დავით ხიზანაიძე ედგა. როცა დარწმუნდა, რომ ჩემგან სასურველ ჩვენებას ვერ მიიღებდნენ, პოლიციელის ადგილზე დაჯდა და თვითონ დაიწყო წერა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ჩემი ჩვენება წაიკითხა, რომელიც მე არ მიმიცია. როცა ვუთხარი, ასეთ სისულელეებს ხელს არ მოვაწერ-მეთქი, მშვიდი სახით გამომხედა და მითხრა - ჩემთვის სულერთია, ამ ნაცემი ადამიანების გვერდით დაგაწვენენ და მოგკლავენ თუ უკან მიგაბრუნებენ და რუსთაველის გამზირზე გიპოვიან მკვდარს; თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერ, ან ერთს გავაკეთებ, ან - მეორესო. ბოდიშს ვიხდი ყველასთან, რომ გმირობა ვერ ჩავიდინე და ხელი მოვაწერე, თუმცა, რადგანაც ამ საღამოს ქსელი გადატვირთული იყო, საბოლოოდ ხელნაწერზე მომიხდა ხელის მოწერა. ასე რომ, ყველას შეუძლია ექსპერტიზა ჩაატაროს, თუ ვისი დაწერილია აღნიშნული ჩვენება. ქალაქის მთავარი პროკურორის მოადგილე, რომლის გვარიც, სამწუხაროდ, არ მახსოვს, ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე მიბარებდა პროკურატურაში და სასამართლოზე მისაცემ ჩვენებას ალილუიასავით მამეორებინებდა.
- ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განაცხადეთ თუ არა ამის შესახებ პროკურატურაში?
- ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ერთხელ დამკითხეს. ყველაფერი დაწვრილებით მოვყევი, მაგრამ მას შემდეგ აღარავინ შემხმიანებია.
ორი შვილის მამა ქვეყნიდან გაქცევაზე ვფიქრობდი - შეშინებული ვიყავი. არ ვამბობ, სამშობლო მიყვარს და იმიტომ არ წავედი-მეთქი, უბრალოდ, სახსრები არ მქონდა, რომ ქვეყანა დამეტოვებინა. დღესაც იგივე განცდა მაქვს, უკვე სამი შვილის მამას. ძალიან მინდა, ამ ქვეყნიდან წავიდე, იმიტომ, რომ მეშინია, არ მომკლან. დიახ, მეშინია, ხიზანაიძე არ დამადგეს თავზე და შუბლში ტყვია არ მესროლოს იმის გამო, რომ დღეს მისი ბოროტებების შესახებ საჯაროდ ვლაპარაკობ და შეიძლება, მის პირად კეთილდღეობას საფრთხე შეექმნას.
მოდი და ამ ყველაფრის შემდეგ ნუ იქნები გამწარებული! როცა შიმშილობა დავიწყე, ვთქვი - არ ვითხოვ ვინმეს ციხეში ჩასმას, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ადგილი მიუჩინეთ! მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამის ნება არ აქვს!
- ამით რისი თქმა გსურთ?
- რესპუბლიკური პარტია ფანტასტიკურად ახერხებს ღარიბაშვილისთვის ძალაუფლების ჩამორთმევას. თავდაცვის სამინისტრო წაართვეს, პარლამენტი და პრეზიდენტიც წართმეული აქვთ. ღმერთმა არ ქნას, ის მოხდეს, რაც ნაციონალებს აქვთ დაგეგმილი. წარმოიდგინეთ ქვეყანა პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის პირობებში. ამ დროს კი თავდაცვის მინისტრი ხიდაშელია. დავიჯერო, ბატონი პრემიერი არ ფიქრობს, რომ ეს რეალური სცენარია და შეუძლიათ, განახორციელონ?! პროამერიკული ძალების მხრიდან ხელისუფლებაზე თავდასხმა გახშირდა. თავდაცვის მინისტრის სიტყვები - თავს შევაკლავთ რუსეთსო, იმაზე უფრო საშიში განცხადებაა, ვიდრე თავის დროზე ოქრუაშვილმა გააკეთა - ახალ წელს ცხინვალში ვიზეიმებთო.
სად არის ის ფილმი, რომლის გადაღებასაც ბიძინა ივანიშვილი და გოგა ხაინდრავა გვპირდებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან მმართველობაზე?! ამ ფილმმა ძალიან დააგვიანა. პირველივე წელიწადს უნდა გადაღებულიყო, რომ ხალხს დეტალურად სცოდნოდა, რა სისტემურ დანაშაულებს სჩადიოდნენ განათლების, ჯანდაცვისა თუ სხვა სამინისტროებში. დღეს ადამიანებს არა აქვთ იმის განცდა, რომ ქვეყანას ძლიერი მმართველი ჰყავს.
არ მინდა, აპოკალიფსური სურათი დავხატო, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან რესპუბლიკური პარტია და „ქართული ოცნება". ნაციონალების საბოლოოდ დასასამარებლად რესპუბლიკელების დასამარებაა საჭირო! ხალხი კი ამაზე ვერ ფიქრობს, რადგან შია!
ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს ლუსტრაციის კანონი, რითაც ყველაფერს დაესმება წერტილი. გამოჩნდება - ვინ ვინ არის. სხვაგვარად ეს ქვეყანა ვერ დალაგდება!
სიმართლე უთხარით ხალხს და დამნაშავეს პასუხი გაეცით, სხვას არაფერს ვითხოვთ თქვენგან!
- ამას პრემიერის მისამართით ამბობთ?
- პიროვნულად ძალიან დიდ ვალში ვარ ირაკლი ღარიბაშვილთან. წლების წინათ ბიძინა ივანიშვილთან მისი შუამავლობით ჩემს შვილს გერმანიაში უსერიოზულესი ოპერაცია გაუკეთდა. ცხოვრების ბოლომდე მათი მადლიერი ვიქნები, მაგრამ მაქვს ასევე ჩემი პასუხისმგებლობაც ქვეყნისა და შვილების წინაშე.
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ადამიანურად შევაგულიანებ და ვეტყვი - ის მარტო არ არის ამ ბრძოლაში. მის გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ბოლომდე იბრძოლებენ, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღდგეს სამართლიანობა და მოხდეს ის, რაზეც ოდესღაც ერთად ვოცნებობდით! შიმშილობა შევწყვიტე, მაგრამ ყველას ვპირდები - არ მოვასვენებ ნაციონალებს! მაინც ამოვთხრი, თუ ხიზანაიძის ტყვიას გადავურჩი!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"