reportiori.ge - „ისინი ჩემი ადამიანები არიან...“ – მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის ზღაპრული სამყარო, სადაც საკუთარ ნამუშევრებს აცოცხლებს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:26
ინტერვიუ
„ისინი ჩემი ადამიანები არიან...“ – მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის ზღაპრული სამყარო, სადაც საკუთარ ნამუშევრებს აცოცხლებს...
29 სექტემბერი, 2015. 13:00


 

თვითნასწავლმა მოქანდაკემ ლევან ბუჯიაშვილმა ქანდაკებების შექმნა ბავშვობიდან დაიწყო. დაახლოებით 4-5 წლის ასაკში, როდესაც მისი თანატოლი ბიჭები ბურთით თამაშობდნენ, ის სახლში იჯდა და პლასტელინით პატარა ფიგურებს ძერწავდა. მშობლებმა 5-6 წლის ასაკში მაშინდელ პიონერთა სასახლეში, ძერწვის წრეზე შეიყვანეს. იქ რამდენიმე წელი იარა.... სწორედ აქედან იწყება მისი შემოქმდებითი გზა, განსხვავებული ხელწერით... სადაც მის მიერ შექმნილი ქანდაკებები ზოგჯერ დრამატულ და ზოგჯერ კი სახალისო ისტორიებს ასახავენ...



 


 

– ერთხელ რაღაც გამოფენისთვის, ქანდაკების გასაკეთებლად თავისუფალი თემა მოგვცეს. ფერადი პლასტელინებით, მწყემსი ცხვრებთან ერთად გავაკეთე. რამდენიმე დღის შემდეგ მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემთვის სიგელი უნდა გადმოეცა, სიგელი რას ნიშნავდა, არ ვიცოდი, დაჯარიმება მეგონა, ოდნავ შემეშინდა კიდეც... ის დედაჩემს გადასცეს და ყველა ჩემი ახლობელი ძალიან გახარებული იყო. შემდეგ უკვე 9 აპრილის მოვლენები დაემთხვა და სასახლიდანაც გამოვედი. ამის შემდეგ გზიდან ოდნავ გადავუხვიე და სხვადასხვა რაღაცებმა გამიტაცა... მაგალითად, სკოლაში ჩემი სიგამხდრის გამო ტანვარჯიშისთვის შემარჩიეს, ცოტა ხანი ამითაც კი დავკავდი. სულ ძიების პროცესში ვიყავი.

 


ჩემს მიერ გაკეთებული ქანდაკებები დედაჩემს შენახული ჰქონდა. სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, მე-9 კლასიდან უნდა გამოვსულიყავი, რადგან მასწავლებლები უკვე ვეღარ მიტანდნენ. დედაჩემმა სასწავლებლების მოძიება დაიწყო. ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ კადეტთა კორპუსში ჩამებარებინა და სამხედრო კარიერას გავყოლოდი. 7-დან 15 წლის ასაკამდე არაფერი გამიკეთებია. არანაირი ნამუშევარი არ შემიქმნია. როდესაც ჩემმა მშობლებმა, ასე ვთქვათ, ჩემი ნიჭი გაიხსენეს, დედაჩემმა უკვე ძიება დაიწყო ჩემი შემოქმედების გასაღვივებლად. „გეპეის“ არქიტექტურულ ფაკულტეტს ჰქონდა ნატიფი ხელოვნების კოლეჯი, იქ ჩავაბარე. იქ ქანდაკებაზე მუშაობა არავის აინტერესებდა, ყველა არქიტექტურისა და დიზაინის შესასწავლად დადიოდა.


 

ერთ-ერთ ლექციაზე შემოგვთავაზეს ხეზე ჭრა. პირველი ხის ქანდაკება მოცულობაში გავაკეთე, რამაც მიმახვედრა, ცხოვრებაში რა გზას უნდა დავდგომოდი. ამ ქანდაკებას „სიყვარული“ დავარქვი.



 



რადგან ჯერ კიდევ თითქმის ბავშვი ვიყავი, ლექტორმა არ დაიჯერა, რომ ეს ჩემი ნამუშევარი იყო. ამ მომენტმა სტიმული მომცა. თითქოს დასამტკიცებელი მქონდა, რომ მე შემიძლია.. მეორე და მესამე ქანდაკებების შემდეგ უკვე მიხვდნენ, რომ არ ვტყუოდი. 15 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ ჩემი უნებისყოფო ხასიათი დაინგრა და ცხოვრების ახალ გზას შევუდექი.

 

 

– როგორ ჩამოყალიბდა ხელწერა?

 

 

– ფასანაურში როდესაც ვისვენებდი, სეირნობისას არაგვის პირას ქვებს, ძვლებს, მდინარისგან გამორიყულ საგნებს ვაგროვებდი. თავიდან ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი, ხეში, ქვებში, ძვლებში ვხედავდი ქმნილებებს. ვიღაცისთვის ეს გამოუსადეგარი ნივთები იყო, ჩემთვის კი -ძალიან მნიშვნელოვანი. ერთხელაც ეს ყველაფერი ერთმანეთში შევურიე, კომპოზიციის გაკეთება ვცადე და ორიგინალური ქანდაკება გამომივიდა, თუ სწორად მახსოვს, ბალერინა. ეს იყო ერთ-ერთი ბიძგი ჩემი ხელწერისა. შემდეგ „გეპეიში“ პირველი გამოფენა მქონდა, ხალხის შექება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა.

 


ფაქტობრივად, ამის შემდეგ არქიტექტურას აღარ ვსწავლობდი, მხოლოდ დიპლომი უნდა ამეღო. ჩემგან პროფესიონალი არქიტექტორი ვერ დადგებოდა, ამის არც ნიჭი მქონდა და არც სურვილი. თანაც ვერ ვხატავ, რადგან მოცულობას ფურცელზე ვერ ვგრძნობ, რაც ყველას უკვირს, რადგან ნებისმიერი მოქანდაკე ჯერ ჩანახატს აკეთებს... პრობლემა იყო ის, რომ რადგან აკადემია დამთავრებული არ მქონდა, გამოფენებში მონაწილეობას ვერ ვიღებდი, ჩემი ნამუშევრები სახლში მელაგა და აუდიტორიას თავს ვერ ვაცნობდი.

 

 

ერეკლე მეორის ქუჩაზე, სადაც ჩემს მეგობარს საგამოფენო გალერეა ჰქონდა, ჩემი ნამუშევრები დავაწყვე გასაყიდად. პირველად რკინით აწყობილი მცირე ზომის ველოსიპედი, ამერიკელმა ტურისტმა 100 ლარად შეიძინა, რამაც უზომოდ გამახარა, ისიც გახარებული იყო, ასე იაფად რომ იყიდა ნამუშევარი.

 

 

შემდეგ შეიქმნა „ინტელიგენტი მათხოვრის“ ქანდაკება, რომელსაც დღეს ყველა იცნობს, სიმბოლურად ისევ იმ გალერეასთან დავდგი, რადგან მრავალი ადამიანია იქ, ვინც მოწყალებას ითხოვს. „ინტელიგენტი მათხოვარი“, თავისი ისტორიით, რომელიც არისტოკრატულად და ძალიან კარგად ცხოვრობდა, შემდეგ გაუჭირდა და ამ სიდუხჭირემ ქუჩაში დგომა და მოწყალების თხოვნა გადააწყვეტინა. ხალხმა მას „კლარა“ დაარქვა.



 


 

წითელი სამოსი ჩავაცვი, რათა ყოველი მხრიდან აღქმადი და თვალში საცემი ყოფილიყო. ხელში კოლოფი უჭირავს, სადაც გამვლელები ხურდას უგდებდნენ. ეს ქალბატონი დიდ ემოციას იწვევდა. ისეთი პოპულარული გახდა, რამდენჯერმე მოიპარეს კიდეც, მერე დამიკვეთეს, ხელახლა გამეკეთებინა. ტურისტები მიდიოდნენ, ხურდებს უყრიდნენ, ქუჩაში მყოფი ადამიანები, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ, მოდიოდნენ და ხურდებს პარავდნენ... ვიღაცები ფოტოებს იღებდნენ, ვიღაცები დასცინოდნენ, ვიღაცებს ეცოდებოდათ... აქედან გამომდინარე, მასთან გაჩერებული ხალხი უკვე ჩვენს გალერეაშიც შემოდიოდა. საბოლოო ჯამში წითელი ქალბატონი იქაურობას ძალიან ამშვენებდა.

 

 

ამის შემდეგ, ჩემით მედიის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ, რადგან ხელწერა უცხო და ახალი იყო. საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებამ, საჩუქრებად ნაყიდმა ქანდაკებებმა უფრო ფართო ასპარეზზე გამიყვანა. მერე უკვე კომპანიებისგან დაკვეთები მქონდა... მაგალითად, პრიზების გადასაცემად , რაღაც შოუებში მიმიწვიეს, რათა იქვე ამეწყო რაიმე..

 

 

– ასევე საინტერესოა იმ ქანდაკებების ისტორია, რომელიც რუსთაველის პროსპექტს ამშვენებს...

 

 

– ძალიან დიდი სურვილი მქონდა, თბილისში ერთი ქანდაკება მაინც დამედგა. როდესაც ძველი თბილისის რეაბილიტაცია იყო დაწყებული, გამგებელს შევთავაზე, რომ რაიმე კოლორიტულ ფიგურას გავაკეთებდი, რომელიც ძველი თბილისის რომელიმე ქუჩაზე დაიდგმებოდა. ხალხისთვისაც საყვარელი იქნებოდა და ძველ თბილისსაც მოუხდებოდა, თან ოდნავ ტრაგიკულიც. იდეა მქონდა, ეს იყო „მაგდანას ლურჯა“, მცირე ზომის მაკეტი გავაკეთე, გამგებელმა რომ ნახა, მითხრა, სოლოლაკში, ამაღლების ქუჩის ბოლოს, წყაროს აკეთებენ და იქ დაიდგმება ეს ნამუშევარი, თემატურად ჯდებაო. შავი ლითონის ფირფიტებით გაკეთებული მაგდანა თავისი ვირით და მაწვნებით იმ ადგილს მართლაც მოუხდა.



 


 

– ამის შემდეგ, უკვერუსთაველის პროექტი“ შემომთავაზეს. რუსთაველზე ძალიან ბევრი სარდაფია, რომლის სავენტილაციო მილზეც დამაგრდა ქანდაკებები. ამან ვიზუალურის გარდა, ფუნქციური დატვირთვაც შეიძინა. მათ მიმართ გულგრილი არავინ რჩება.


 

 


 

– თავდაპირველად რუსთაველზე 50 ფიგურა გავაკეთე. არლეკინები, ჩარლი ჩაპლინი, მეეზოვეები, ძველი თბილისის ტიპაჟები და .. მუშაობისას ქართველ საზოგადოებასაც ვითვალისწინებდი, რადგან გავლისას ამ ფიგურებს თუ დააკვირდებით, ყველა მოცულობითია, იქ არცერთს არ აქვს ხელი გაშვერილი, არც ფეხი, გავთვალე ის, რომ ოდესღაც მაინც მივიდოდნენ და ხელს მოამტვრევდნენ. თუმცა მაინც მოახერხეს და რვა ფიგურა მოიპარეს, ზოგი ამოიღეს, ზოგი მოჭრეს, ახლა მგონი, 42 ფიგურაა შემორჩენილი. რაც ვერ მოიპარეს, ზედ რაღაცები მიაჯღაპნეს... გული მწყდება...


 

 

 

 

– მრავალ ფიგურას ჩემი მეგობრების სახელები დავაწერე. მაგალითად, ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც დალევა ძალიან უყვარს, ერთ ქანდაკებას, რომელიც ბოთლით ხელში დგას, მთვრალი და ცოტა სევდიანია, მისი სახელი დავაწერე. ერთი ძალიან „არტისტული“ ნიჭით დაჯილდოებული მეგობარი მყავს, გიტარაზეც შესანიშნავად უკრავს, მაგრამ ძალიან „უჟმურია“, სევდიან არლეკინს გიტარით ხელში მისი სახელი დავარქვით. ერთ ქანდაკებას მთაწმინდელი მეგობრის სახელი დავარქვი – სულ „ბირჟაზე“ იდგა ხოლმე. ყველაზე ლამაზ გოგოს ჩემის შვილის სახელი ვუწოდე... რამდენიმე ავტოპორტრეტია. ერთია, სადაც სევდიანი ვარ. როდესაც მას ვაკეთებდი, ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი, ქანდაკებაც უსახური გამოვიდა.

 

 

– ამის შემდეგ გაიზარდა მასშტაბები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც...

 

 

– მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი მხატვრის ქანდაკება დგას, თემატურად შევარჩიე, რადგან იქ ძალიან ბევრი ნიჭიერი მხატვარია, რომლებიც იქვე ხატავენ. მეც მსგავსი სცენა გავაკეთე... მხატვარი თავისი ცხოვრებით დონ კიხოტს ჰგავს, მასავით მებრძოლია, ქარის წისქვილებს რომ ერკინება... გვერდით სკამი უდგას, სადაც შეგიძლიათ ჩამოჯდეთ და ის ნებისმიერ მსურველს დახატავს...



 


 

– ამის გარდა, ძველ რუსთავში, მუნიციპალიტეტის წინ, 21 ქუჩის მუსიკოსის ქანდაკება დგას, არლეკინებისგან შემდგარი ორკესტრი, სხვადასხვა საკრავზე უკრავენ, მათ დირიჟორიც ჰყავთ.



 


 

– ზესტაფონში 9 აპრილის სახელობის სკვერში, 5-მეტრიან კედელთან ფიგურაა, რომელიც განათებით სანთლის იმიტაციას ქმნის.



 


 

– აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაკვეთით, გორში, 2008 წელს სადაც პირველი ჭურვი ჩამოვარდა, მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ სიმბოლური მონუმენტი, რომელსაც „სიცოცოხლის ხე“ დავარქვით.


 

 


 

შარდენზე მოგზაურის ქანდაკება დგას, რომელიც თემატურად ზუსტად არის არჩეული. XIX-XX სს-ის ტიპაჟი, დიდი ჩემოდნით, შლაპით, დგას და კონკას ელოდება. „გაჩერება კონკასთან“ ასე ჰქვია.


 

 


 

– შერეული მასალით, ბრინჯაოსა და ცემენტშია გაკეთებული. ამ მასალების შერწყმამ ხალხის ემოციაზე კარგად იმუშავა... თან ჩემი ხედვაც და ხელწერაც გამოჩნდა. ზოგადად ქალაქში რაც დგას, ყველაფერი დაკვეთით არის გაკეთებული, კომპანიების, სახელმწიფო და კერძო დამკვეთების მიერ...

 

 

– საქართველოში სულ რამდენიმე პერსონალური გამოფენა მქონდა, ძირითადად კი შერეულ გამოფენებში ვმონაწილეობდი, სხვადასხვა მხტავრებთან და მოქანდაკეებთან ერთად.



 


 

– ძირითადი გამოფენები საზღვარგარეთ მქონდა. შვეიცარიაში, სენკტ-გალენში ყველაზე გრანდიოზული და წარმატებული გამოდგა, იქ მეტი ნამუშევარი გაიყიდა. საზღვარგარეთ პირველი გამოფენა ესპანეთში, ბარსელონაში მქონდა. ირანში მქონდა ძალიან საინტერესო გამოფენა. როდესაც ნამუშვერების შერჩევა ხდებოდა, გამაფრთხილეს, შიშველი ფიგურები, ქალის ტორსები და ა.შ. არ წამეღო. ფერებიც კი შემაცვლევინეს. მაინც წავიღე რამდენიმე შიშველი ქალის ფიგურა, ყველაზე პოპულარული ეს ქანდაკებები გახდა, რადგან მათ აკრძალული ხილი მივართვი. იტალიაში, ფლორენციაში ქართული კულტურის დღეები იყო, იქაც ისე მოხდა რომ მთელ გამოფენაზე ჩემი ქანდაკება გაიყიდა. ლიტვაში, ვილნიუსში ორჯერ მქონდა გამოფენა, იქ ზღაპრული დღეები გავატარე, ამაზე საუბარს ცალკე სტატია დასჭირდება.... ფლამინგოს ქანდაკებაც დგას იქ ჩემი, რომელიც იქვე ავაწყვე და სამახსოვროდ დავტოვე. ბრიტანეთში, ლონდონში მქონდა გამოფენა, მაგრამ ვერ წავედი, თუმცა ორგანიზატორებისგან საკმაოდ მაღალი დონის დახასიათება მივიღე. ბაქოში მეხრიბან ალიევას ფონდის მიერ ვიყავი დაპატიჟებული... იქ ნამუშევრებში ქართული ნივთები, „ბორჯომისა“ და „ნაბეღლავის“ ბოთლები ჩავაყოლე, რადგან ვინმე ქართველი თუ ნახავს, მიხვდება, რომ ქართველის ნამუშევარია.


 


 

– ასევე სამხრეთ კორეიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ წასვლა ვერ მოვახერხე.ზოგადად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ყოველდღე მომდის შემოთავაზები.

 

 

– ბოლო პერიოდში საკმაოდ გრანდიოზულ პროქტებზე მოგიწიათ მუშაობა... ახლაც გაქვთ ძალიან საინტერესო დაკვეთა, რაც აუდიტორიისთვის ერთგვარი სიურპრიზია... თავად რომ გვიამბოთ ამ სასიამოვნო სამუშაოებზე...


 


 

– რესტავრირებული ოპერის გახსნისთვის, ბალერინების გაკეთება დამიკვეთეს, რომელიც ოპერის ბაღში უკვე დაიდგა.



 



– თავიდან სურდათ, კლასიკურ სტილში გაკეთებულიყო, მე მაინც ჩემი ვერსია გავაკეთე, წვრილი ფორმებით, დაგრძელებული ქალები. კულტურის სამინისტროს ძალიან მოეწონა. ესკიზი ერთ ღამეში გავაკეთე, რადგან მეორე დილით ბაქოში მივფრინავდი, უკან რომ დავბრუნდი, პროექტი სამინისტროს უკვე დამტკიცებული ჰქონდა. თავდაპირველად „გედების ტბა“ უნდა გამეკეთებინა. სანამ მუშაობას დავიწყებდი, მრავალჯერ ვუყურე ბალეტს, უამრავ რამეს გავეცანი. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემი მეგობრის და შვილის კლასელი, რომელიც ბალეტზე დადის, დამეხმარა... ბალერინას კაბაში გამოწყობილი მოვიდა, პუანტები მოიტანა და იპოზირა.. ამიხსნა, ყურადღება რაზე უნდა გამემახვილებინა. მაგალითად, არ ვიცოდი, ერთ-ერთი მთავარი დატვირთვა თითებს რომ ჰქონდა, მისი მრავალი რჩევა ძალიან გამომადგა და მადლობა მას. ბალერინებზე დაახლოებით სამი თვე ვმუშაობდი. სამივე ფიგურა სხვადასხვა დინამიკაშია, ხასიათიც დავიჭირე, ვაკვირდებოდი, მცირედი შეცდომაც რომ არ დამეშვა, რათა კონტექსტიდან არ ამოვარდნილიყო და ჰარმონია შექმნილიყო. ტერიტორიის გრანდიოზული გახსნა სავარაუდოდ, თბილისობის დღესასწაულს დაემთხვევა.

 

 

– ამის გარდა, დაახლოებით, ერთი თვის წინ, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი დამიკავშირდა და „თავისუფალი თეატრისთვის“ პერსონაჟების გაკეთება შემომთავაზა. „კომედიანტებიდან“ – ნიკო გომელაურის სახით, ასევე სპექტაკლიდან „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“ – გოგო და ბიჭი საფრთხობელები. მისი თქმით, ჩემი ნამუშევრები „თავისუფალი თეატრის“ ხასიათში ზუსტად ჯდება, თეატრი კარგად რომ დავათვალიერე, მივხვდი, რომ მართლაც ასეა. ახლა ჯერ ესკიზებს ვაკეთებ. ქანდაკებები დაიდგმება თეატრის შესასვლელთან, ასევე შიგნითაც. სულ ალბათ, რვა ფიგურა იქნება, სხვადასხვა სპექტაკლებიდან, უბრალოდ, ჯერ არ ვიცი, რომელ პერსონაჟებს შევარჩევთ. დაწყებული მაქვს გომელაური და გოგო და ბიჭი საფრთხობელები.

 



 

– ნიკო გომელაური თავისი ცნობილი წითელი ტანსაცმლით, რომელიც თეატრშია შენახული. ვფქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ამ პროქეტზე მუშაობა. ხალხისთვისაც სანახაობრივი იქნება.

 

 

– განსაკუთრებულად, რა გიქმნით სამუშაო განწყობას?



 


 

– ყველას უკვირს, მუშაობის დროს მუსიკას რომ არ ვუსმენ. ნამუშევარი არაფხიზელ მდგომარეობაში არასდროს შემიქმნია. ჩემთვის ეს წმინდა პროცესია, გონება და თითები ყველაზე მეტადაა ამ დროს ჩართული, რაც პლასტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხმრავლობა დისკომფორტს არ მიქმნის, როდესაც ჩემი მეგობრები სახელოსნოში სვამენ, მე ამ დროს შემიძლია ქანდაკებები ვაკეთო. ფხიზელი გონება, ალბათ, ესაა ჩემი შემოქმედებითი განწყობა.


 


 

– თქვენს შემოქმედებაში ჭარბობს ქალის ქანდაკებები, ორიგინალურ პოზებში, დამახასიათებელი წვრილი ფორმებით...


 

 


 

-ჩემს აღქმაში ყველაზე ლამაზი ქალია და მისი სხეული. წარმომიდგენია, ქალების აბანოში ვდგავარ, რომლებიც ვერ მამჩნევენ და მათ სხეულებს ქანდაკებებად ვაქცევ.. ეს, რა თქმა უნდა, წმნიდა ესთეტიკური თვალსაზრისით, მათი მოძრაობა სხვადასხვა მომენტში, მთელი ეს საოცარი პროცესი მინდა აღვბეჭდო. ვფიქრობ, ამას აუცილებლად ავიხდენ. ხელოვნებისა და სილამაზის უდიდესი ნაწილი ჩემთვის ქალის ფიგურაა... მკერდი, სახე, წელი, ბევრი რამ... აქედან გამომდინარე, ეს ჩემს ნამუშევრებშიც იგრძნობა.

 


 

 

 




– ყველაზე სასიამოვნო მაინც ქალის ქანდაკებების შექმნაა, რადგან თითოეულს დამახასიათებელი პლასტიკა და შარმი აქვს.

 

 

– როგორც ვიცი, საკმაოდ გიჭირთ ვინმესთვის ნამუშევრის ჩუქება...

 

 

– ეს პროცესი ჩემთვის ძალიან რთულია. ჩემმა ახლობლებმა იციან, რომ ძალიან მიჭირს ჩემი ქანდაკებების გაჩუქება. შეიძლება, ვიღაცისთვის არაფერია, მაგრამ ჩემთვის ცხოვრების უმთავრესი ნაწილია. მთელი ემოცია, მუშაობის პროცესი, მათზე ფიქრი, მუშაობაში გატარებული მრავალი დრო... რა თქმა უნდა, მათთან დამშვიდობება იოლი არაა. არ მომწონს, როცა მეუბნებიან, „მაჩუქე რა“, ჰგონიათ, რომ კარადას გამოაღებ და აჩუქებ ძალიან მარტივად. მაქვს ქანდაკებები, რომლებსაც არ ვყიდი და არც არასდროს გავყიდი. მაგალითად, ჰიტლერის ქანდაკება, რომელიც ძალიან მიყვარს.


 


 

– 17-18 წლის ასაკში, რატომ არ ვიცი, ჰიტლერის ბიოგრაფიით ვიყავი გატაცებული. საერთოდ, მინდოდა, მსოფლიოს დიდი დამპყრობლები გამეკეთებინა: ჰიტლერი, ნაპოლეონი, ალექსანდრე მაკედონელი. წლები რომ მომეტა და გავაცნობიერე, როგორი სისატიკეები აქვს გაკეთებული, ეს გატაცებაც გამიქრა, თუმცა წმინდა ვიზუალური თვალსაზრისით, მისი კეთება ძალიან მომწონდა. ასევე ძალიან მიყვარს „დონ კიხოტი“, ნაწარმოებიც გენიალურია, მაგრამ მისი პლასტიკა უნიკალური, ეს წვრილი „დონ კიხოტი“ თავის ბუთხუზა სანჩოსთან ერთად, მრავალჯერ მაქვს გაკეთებული.



 


 

– 2001 წელს შევქმენი მისი ერთ-ერთი ქანდაკება, რომელსაც არასოდეს გავყიდი.

 

 

– ქანდაკება, რომელსაც „ჩემი შეყვარებული“ დაარქვით... მასაც საინტერესო დატვირთვა აქვს...

 

 

– ეს ქანდაკება საძინებელ ოთახში მიდგას, ასე მგონია, წვიმაში დგას და მელოდება.


 



– როდესაც მას ვქმნიდი, კონკრეტულ ადამიანზე არ ვფიქრობდი, არავისთან ვაკავშირებ. უბრალოდ, ეს არის გოგონა, რომელიც წვიმაში დგას... მელოდება... როდის მივალ და წამოვიყვან. ერთმანეთს თვალებით ხშირად ვესაუბრებით ხოლმე.


-ყველა ქანდაკებას საკუთარი ისტორია და დატვირთვა აქვს, თავისი სიმბოლოებით.

 


– ეს ფეხმძიმე ქალის ქანდაკებაა

 


 

– ქალის მუცელში კვერცხია, რომელიც ნაყოფის დაბადების სიმბოლოა, გარედან რკინებითაა გაკეთებული, კვერცხი კი მარმარილოსია.

 


– ამ თეთრ კაბაში გამოწყობილ ქანდაკებას „ ქართველი რძალი“ დავარქვი.

 


 

– ამ არლეკინზე ბევრი მეუბნება, შენ გგავსო...

 

 

 

 

–ზოგადად მეუბნებიან, რომ ჩემს მრავალ ნამუშევარს ვგავარ.

 

 

– და მაინც, თქვენი აზრით, რით განსხვავდებით სხვა მოქანდაკეებისგან?

 

 

– როგორც გითხარით, განათლებით არქიტექტორი ვარ... არქიტექტურის ლექციები მაქვს მოსმენილი, დიზაინის, ექსტერიერის, ინტერიერის, ლანდშაფტის... არქიტექტურა ადამიანს ზოგადად, გემოვნებასა და ხელწერას უყალიბებს. მოქანდაკეები სხვა გზით მიდიან, ისინი კლასიკურ ძერწვას, კლასიკურ გრაფიკას სწავლობენ. არქიტექტურა ნასწავლი არ აქვთ. შეიძლება, ჰქონდეთ, მაგრამ გაკვრით. საბოლოო ჯამში არქიტექტურამ განსხვავებული ხედვა ჩამომიყალიბა. თუმცა არქიტექტორი არასდროს ვყოფილვარ.

 



 

–თქვენს მიერ შექმნილ მრავალ ქანდაკებასა და დეკორაციას გამოყენებითი ფუნქცია აქვს...


 

– გადავწყვიტე, ისეთი ნამუშევრები შემექმნა, რომლებსაც ფუნქციონალური დატვირთვა ექნებოდა. რადგან ქართველები ისე ვართ მოწყობილები, თუ ნივთი გამოყენებადი არაა, მის შეძენაზე თავს არ ვიწუხებთ ხოლმე. მაგალითად, ძალიან ბევრი ნამუშევარი ეზოს გასაფორმებელი ქანდაკებებია...

 


 

 





– მათ დიდი მოწონება დაიმსახურეს. არის ყვავილების ჩასარგავი ქანდაკებები, ქოთნები და ა.შ. ეს სფეროც ძალიან მიყვარს, უბრალოდ, ჩვენთან ეს კულტურა ახლა შემოდის.

 

 

– ვიცი, რომ თქვენს ქანდაკებებთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ და მათ ესაუბრებით კიდეც...

 

 

– ნებისმიერი დღე ამ სახელოსნოში ჩამოსვლით იწყება, ეს ჩემი ცხოვრების აზრია. ძირითადად, დავფრინავ, მაგრამ რეალისტიც ვარ. ბევრი რაღაც მინდა დავტოვო და შევქმნა, რადგან ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. ჩემი შემოქმდება ჩემთვის ჰაერივითაა. ყველაფერს მას ვუკავშირებ. პატარა სამყარო მაქვს, სადაც ვცხოვრობ და მიხარია, რომ ეს სამყარო ჩემი შექმნილია.

 

 

– მშობიარობასავით არის... დედა-შვილის ურთიერთობას შევადარებდი. დაახლოებით, იგივე დამოკიდებულება მაქვს ნებისმიერ ჩემს ნამუშევართან. ისინი ჩემი შთაგონებით, ხელებით არის შექმნილი და ძალიან ძვირფასია ჩემთვის. რომ ვაკვირდები ხოლმე, ზოგიერთი თითქოს მეუბნება, რომ არ მოსწონს, სადაც დგას, იმ ადგილს არ შეესაბამება... დიალოგი მაქვს მათთან... თითოეულის სახიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ემოცია მოდის, თითქოს რაღაცაზე გესაუბრება, გაბრაზებულია, ბედნიერი და ა.შ... ეს ყველა ილუზია ჩემით იქმნება, რაც ჩანს კიდეც.

 ძალიან ვუფრთხილდები და იმდენად პატივს ვცემ, რომ რომელიმე ქანდაკება თუ არ გამომდის, ვიცი, რომ ის არ უნდა გადავაგდო... ისინი ჩემი ადამიანები არიან... ჩემი შექმნილი ქანდაკებები. შეიძლება ითქვას, რომ ირეალურ სამყაროში ვცხოვრობ და ეს მომწონს კიდეც.

 

 

– განსაკუთრებულად ფერადია მწერების, ფრინველების და ცხოველების ქანდაკებები...


 



 

– ბუნება ძალიან მიყვარს, ხშირად გავდივარ ხოლმე მთებში, ტბებსა და მდინარეებზე, თევზაობა მიყვარს. ხელოვნებასთან შეხება რომ მაქვს, ალბათ იქიდან მოდის, რომ ცხოველები, ფრინველები მიყვარდა და მაინტერესებდა. მწერებს ვაგროვებდი, ეს ყველაფერი ბავშვური შთაგონებიდან მოდის. ცხოველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.

 

 

– სხვათაშორის, დაკვირვებული ვარ, ჩემი ნამუშევრები განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ. ისინი ყველაზე გულწრფელები არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაც ემოციას იწვევს მათში, ეფერებიან ქანდაკებებს და ა.შ.. თანაც ჩემი ნამუშევრები მონუმენტური არ არის. ისინი ნატურალური ან მინიატურული ზომისაა. ნებისმიერი ადამიანი უშუალო კონტაქტში შედის. ფსიქოლოგიური მომენტია, ქანდაკება თუ 5-მეტრიანია, შეიძლება მიხვიდე და ნახო. როცა შენი სიმაღლეა, დაბალი ან ოდნავ მაღალი, მიხვალ, ხელს ჩამოართმევ, გადაეხვევი... უკვე თავისთავად დიალოგში შედიხარ მათთან. ქალებსაც განსაკუთრებით მოსწონთ ჩემი შემოქმედება. მათი დამსახურებაცაა ჩემი პოპულარობა.

 


– მე ვცხოვრობ ჩემს ქანდაკებებთან ერთად, ჩემს პატარა ადამიანებთან ერთად, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ.


 

 

  

 





 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016