მედიის თავისუფლების საკითხებში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი საქართველოში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს. აღნიშნულის შესახებ ევროპელმა სტუმარმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ მედიის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და პროგრესი, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ განვითარებად ქვეყნებისთვისაც სანიმუშო მაგალითია, რასაც არაერთი საერთაშორისო დასკვნა და მოხსენება ადასტურებს.
„საქართველოში არსებული მედიის და გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი არა რომელიმე ხელისუფლების არამედ საქართველოს მოქალაქეების მიღწევას და წარმატებას წარმოადგენს", - ამბობს მიატოვიჩი.
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი 29-30 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ სამხრეთკავკასიურ მედიაკონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
დუნია მიატოვიჩმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, იტყობინება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან მოწოდებული პრესრელიზი, ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებული სამართლებრივი რეფორმების შეფასებისას ყურადღება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" კანონში შეტანილ ცვლილებებსა და „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" მომზადებულ კანონპროექტზე გაამახვილა, რომლიც იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა.
შეხვედრაზე ევროპელი სტუმარი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში არსებული ვაკანტური თანამდებობების საკითხითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ბორდის სრული დაკომპლექტება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მუშაობას კიდევ უფრო დადებითად წარმართავს. დუნია მიატოვიჩი თავისი ოფისის მანდატის ფარგლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მესაკუთრეთა მიმდინარე სასამართლო დავასაც შეეხო და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე არხმა ოპერირება და ტრანსლირება არ შეწყვიტოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ეუთო-ს წარმომადგენელს საქართველოში მიმდინარე პროცესების მაღალი ინტერესისადმი და აღნიშნა, რომ ოფისის მიერ მომზადებული კონსტრუქციული და დროული მოსაზრებები საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიურ საქმიანობასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში დიდ დახმარებას უწევს.