reportiori.ge - გაზზე მომუშავე მანქანების ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:31
პრეს-დაიჯესტი
გაზზე მომუშავე მანქანების ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა
ავტორი:
29 სექტემბერი, 2015. 14:32


სად მოხდება ავტომობილების შემოწმება? არის თუ არა საკმარისი რაოდენობის შემმოწმებელი კომპანიები და ხომ არ მივიღებთ დაუსრულებელ რიგებს? რა ეღირება ტექნიკური შემოწმების გავლა? როგორ მოხდება ამ ყველაფრის აღსრულება საპატრულო პოლიციის მიერ და რა ჯარიმებია დაწესებული ავტომანქანების მფლობელებისთვის, ვინც ვადაში არ გაივლიან ტექნიკურ შემოწმებას? რა ელით იმ ავტომობილებს რომლებიც არ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს?


„ალიას" „ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე ესაუბრა:


- საქართველოს მთავრობის № 437 დადგენილების ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანებს შეეხება, ცვლილებები შევიდა. სიახლის თანახმად, აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის იდენტიფიკაცია და ტექნიკური შემოწმება სავალდებული გახდა. კონკრეტულად, ცვლილება შეეხო მე-14 მუხლს, აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების იდენტიფიკაციას და შემოწმების პერიოდულობას. ცვლილებების თანახმად, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შეამოწმოს აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი არქონის შემთხვევაში, ჩაატაროს მოწყობილობის შემოწმება.


შემოწმება უნდა განხორციელდეს შემდეგი პერიოდულობით: ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 3 წელიწადში ერთხელ; ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 5 წელიწადში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, მისი შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ. ასევე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც მუშაობს გაზზე, 2016 წლის 1 აპრილამდე უნდა გაიაროს ტექნიკური შემოწმება.

 

- 2016 წლის პირველ აპრილამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი, რამდენად მოასწრებს ხალხი შემზადებას?

 

- თუ აღნიშნული რეგულაცია მგზავრთა უსაფრთხოებასა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას ემსახურება, მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ უცნაურია ის ფაქტი, რომ მთავრობამ აღნიშნული დადგენილება დაამტკიცა 2015 წლის 25 აგვისტოს, თუმცა ჯერ ამ საკითხის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთებულა. უცნაურია ისიც, რომ არ მიმდინარეობს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების მომხმარებლების ინფორმირებულობა. ისიც საინტერესოა, რომ დღეს დაზუსტებული ინფორმაცია იმის თაობაზე, საქართველოს ავტოპარკის რამდენი ავტოსატრანსპორტო საშუალება მოიხმარს ბუნებრივ აირს, არ არსებობს.


- სად უნდა მოხდეს ეს შემოწმებები, გვაქვს შესაბამისი ბაზები?

 

- ჩვენი ინფორმაციით, ჯერ არ არსებობს სპეციალური ლაბორატორიების მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრები, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკური შემოწმება. თუმცა, ფაქტია, რომ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა, რომელიც ბუნებრივ აირს მოიხმარს, 2016 წლის აპრილამდე უნდა გაიაროს ტექნიკური შემოწმება.


ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ამ რეგულაციას წინ არ უძღოდა დამოუკიდებელ ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან კომუნიკაცია; საჯარო განხილვები და დისკუსია. გაუგებარია და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს საქართველოს მთავრობის მიდგომა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, რატომ იმეორებს მთავრობა იმ მანკიერ პრაქტიკას, როგორც ეს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების რეფორმის გატარების მცდელობის დროს იყო და კრახით დასრულდა. გაუგებარია ისიც, რატომ არ ხდება ამ საკითხის გასაჯაროება და მედიასაშუალებების მეშვეობით საზოგადოების ინფორმირებულობა.


- თქვენ რა გეგმები გაქვთ?


- ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრი", აუცილებლად გავუწევთ მონიტორინგს აღნიშნულ პროცესს, მოვახდენთ საკითხის გასაჯაროებას, საზოგადოების ინფორმირებულობას, ავტომფლობელების ინტერესებისა და უფლებების დაცვას.



ვასო ურუშაძესთან საუბრის შემდეგ, „ალია" ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს გენერალურ დირექტორს, პაატა გოგოლიძეს დაუკავშირდა:

 

- ბატონო პაატა, რეალურად, რომელი აკრედიტებული ტექნიკური ცენტრები მოიაზრება აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად, იქნება თუ არა საკმარისი რაოდენობის და ხომ არ მივიღებთ დაუსრულებელ რიგებს?

 

- ყველაფერი აკრედიტაციის პროცესზეა დამოკიდებული. ამ ცენტრების რაოდენობა იზრდება. უკვე სამმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, უახლოეს მომავალში ველოდებით მეტს, ძნელი სათქმელია რამდენი იქნება. შესაძლოა, იყოს 10, 20... მე ვფიქრობ, რომ ზამთრის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის კომპანიებს ექნებათ გავლილი აკრედიტაცია.


- ხომ არ მივიღებთ ამ სფეროში მონოპოლისტებს?

 

- მონოპოლისტებს ვერ მივიღებთ, ალბათ, იმიტომ,რომ უკვე სამი კომპანიის დაინტერესებაა სახეზე და მათი რაოდენობა მზარდია. ამიტომაც გამოვრიცხავ მონოპოლიას.


- რამდენად არის აღმოფხვრილი კორუფციის რისკები?

 

- კორუფციის რისკი მაშინ არსებობს, როცა გამოცდის შედეგზეა დამოკიდებული შემმოწმებლის შემოსავალი. თუ ამ საკითხზეა დამოკიდებული, მაშინ წარმოიშობა კორუფციის რისკი, ან დაწესებულია რეგულირებული ფასი და ეს ფასი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს რეალურად უღირს შემმოწმებელს, მაგრამ, როცა ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს და ფასი და შედეგი ერთმანეთთან არ არიან კავშირში, ამ შემთხვევაში კორუფციის აზრი იკარგება.


- რა ეღირება ტექნიკური შემოწმების გავლა?

 

- რა ეღირება, ეს უკვე დამოკიდებულია ბაზარზე. ამ საკითხს მთავრობა არ არეგულირებს. დღესაც კეთდება ეს და 50 ლარს იღებენ.


- როგორ მოხდება ამ ყველაფრის შემოწმება საპატრულო პოლიციის მიერ და რა ჯარიმებია იმ ავტომანქანების მფლობელებისთვის, ვინც განსაზღვრულ ვადაში არ გაივლიან ტექნიკურ შემოწმებას?

 

- ვერ დატვირთავენ გაზგასამართ სადგურებზე ავტომანქანებს გაზით. შეეზღუდებათ.


- რა ბედი ეწევათ იმ ავტომობილებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს?

 

- მათაც იგივე, ვერ შეავსებენ გაზგასამართ სადგურებზე, სანამ არ მოაწესრიგებენ გაზის აპარატურას.


- და თვითონ გაზგასამართ სადგურებს ვინ გააკონტროლებს, რომ შემოწმება გაუვლელი, გაუმართავი მანქანები არ დატუმბონ?

 

- როგორც ასეთი, მონიტორინგის ჯგუფები არ შეიქმნება მათ საკონტროლებლად, თუმცა, იმ ავტომობილებს, რომლებსაც გავლილი აქვს ტექნიკური შემოწმება, აქვთ შესაბამისი ნიშანი. თუ გაზგასამართი სადგურიდან გამოსულ მანქანას არ ექნება შესაბამისი ნიშანი, მოხდება ავტომანქანის მეპატრონის დაჯარიმება,რომლის ოდენობაც განისაზღვრება ამ სიახილს ამოქმედებამდე.

 

 

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016