„ნაციონალური მოძრაობა" მანიაკების ბანდად გადაიქცა. უახლოეს მომავალში ნაცები მათ სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც ჩაიყოლებენ პოლიტიკურ სამარეში!" - აცხადებს მედიაკავშირ „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი და დასძენს:
- არ შემიძლია, თუნდაც ნათესაურ-მეგობრულ-ნაცნობურ-მეზობლური ნიშნით რომელიმე ნაცავაზაკი გავამართლო, სიკვდილის პირას მყოფიც კი, თუნდაც საჯაროდ მოინანიოს და პასუხიც აგოს მართლმსაჯულების წინაშე!
დაე, ნაცებს მათი მსხვერპლის ოჯახმა მიუტევოს! პირადად მე ვერც ვაპატიებ და არც დამავიწყდება, რა ჩაიდინეს ამ დამპლებმა!
დღეს რომ გამოდის ალასანია და ამბობს, 2007 წლამდე ყველაფერი კარგად იყოო, ამას ზნედაცემულობა ჰქვია! „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ავიწყდება, რომ ბუტა რობაქიძე 2004 წელს მოკლეს, სანდრო გირგვლიანი კი 2006 წელს გამოასალმეს სიცოცხლეს. ამ წლებში აწამებდნენ სულხან მოლაშვილს. ამავე წლებში აწყობდნენ ტელედაპატიმრებებს, ატერორებდნენ ბიზნესმენებს და ხურავდნენ ტელევიზიებსა და გაზეთებს, გამომცემლობა „სამშობლოს" შენობიდან 100-ზე მეტი მედიასაშუალება გამოყარეს.
- მართლაც პარადოქსია - თუ ყველაფერი ისე კარგად იყო, როგორც ალასანია აცხადებს, აბა, რატომ გამოვიდა ხალხი ქუჩებში 2007 წელს?
- სწორედ არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებდნენ! შემთხვევით არ მიხსენებია ირაკლი ალასანია. იგი ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან". ცნობილია მისი შეხვედრები გიგა ბოკერიასთან, ჯერ კიდევ 2008-2009 წლებში. ახლა ოღონდაც „ნაციონალური მოძრაობის" გათეთრება მოახერხოს და ნებისმიერი სიცრუისა და სიბინძურის თქმაზე თანახმაა.
- მარგველაშვილზე რაღაც იტყვით, რომელიც უკვე დიდი ხანია, ნაციონალების პრეზიდენტის იარლიყს ატარებს?
- საპრეზიდენტო გადის დასრულების შემდეგ მარგველაშვილს დუშეთში წასვლა მოუწევს. კარგად ეხერხება ხელსაქმე და, როგორც ბატონი რეზო ამაშუკელი აღნიშნავს, ქათმებსაც მშვენივრად მოუვლის. მარგველაშვილი თავის საპრეზიდენტო ვადასთან ერთად დაასრულებს პოლიტიკურ კარიერას! მას, ისევე, როგორც „ნაცმოძრაობას", „თავისუფალ დემოკრატებსა" და „რესპუბლიკელებს", არავითარი მხარდაჭერა და პერსპექტივა არ აქვს!
- ხალხის მხარდაჭერაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ „რესპუბლიკელების" პოზიცია ხელისუფლებაში დღითი დღე ძლიერდება...
- მაინც ვერაფერს მიაღწევენ! ათასნაირი მცდელობის მიუხედავად, ხალხის მათდამი მხარდაჭერა ნულის ტოლია! ამასწინათ ერთი თანამშრომელი მეკითხებოდა - რატომ არ უყვარს ხალხს „რესპუბლიკელებიო"? კითხვითვე ვუპასუხე - გველი გიყვარს-მეთქი? არაო... რატომ, ოდესმე უკბენია-მეთქი? არა, უბრალოდ, არ მიყვარსო... ასეა „რესპუბლიკელების" მიმართ ხალხის დამოკიდებულებაც. ესენი არიან ჩვეულებრივი წურბელები, უფრო სწორად, ბებერი წურბელები, რომლებიც უნდა აიღო და პირდაპირ დაწვა. ადრე ვუთხარი, ხალხი დაგწვავთ-მეთქი და ათასნაირი კუდები გამოაბეს - ჩვენს დაწვას ითხოვსო. რა თქმა უნდა, ეს ფიგურალური გამოთქმაა, მაგრამ ეს ის „რესპუბლიკელები" არიან, რომლებსაც ერთადერთ კარგ განათლების მინისტრად ლომაია მიაჩნდათ და მხარი დაუჭირეს სკოლის პროგრამიდან იაკობ გოგებაშვილის „დედაენის" ამოღებას!
თინა ხიდაშელი რომ აცხადებს, გმირულად შევაკლავთ თავს რუსეთსო, ერთი ქართველი დამისახელეთ, თინა ხიდაშელის მოწოდებაზე ტანკს რომ შეუვარდება! რა გმირულად სიკვდილი, ესენი ნაცებს გაასწრებენ და ისევ უბრალო ხალხი დაიღუპება! ხიდაშელ-უსუფაშვილ-ბერძენიშვილების მილიტარისტული რიტორიკა არ გაიშვას!
- 2012 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერთი წლისთავზე პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წავიდოდა, ხოლო 2016 წლის არჩევნებში ყველა პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად მიიღებდა მონაწილეობას...
- ზუსტად ასე ვითარდება მოვლენები. „რესპუბლიკელები" თუ არ მიეწებებიან ნაციონალებს, ისევე, როგორც „თავისუფალი დემოკრატები", არანაირი პერსპექტივა არა აქვთ! ეს პოლიტიკური გვამები აპირებენ, რომ ერთმანეთს აეკიდონ და ისე მოხვდნენ მომავალ პარლამენტში, მაგრამ მათი გზა მხოლოდ სამარისკენ მიდის და საბოლოოდ დასამარდებიან კიდეც!
თუმცა, ვიდრე ხელისუფლებაში არიან, ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიყენონ სახელისუფლო ბერკეტები. დღეს ეს წურბელები საგარეჯოს შეესივნენ - გარემოს დაცვის მინისტრის, „რესპუბლიკელი" გიგლა აგულაშვილის ნათესავები, რომლებიც ბადიაურში ცხოვრობენ, აქტიურად არიან ჩაბმული საარჩევნო პროცესებში. თავად მინისტრები - აგულაშვილი, ხიდაშელი პირდაპირ ეწევიან საარჩევნო აგიტაციას. რესპუბლიკურ პარტიას ასე ესმის დასავლური ღირებულებები?! დეპუტატის მანდატის მაძიებელ თამარ ხიდაშელს საზოგადოება არც კი იცნობს, იმედია, მომავალში ისეთივე ცნობილი არ გახდება, როგორც თინა ხიდაშელი. ჩავიდეს და მოიკითხოს, როგორ მოიხსენიებენ მას საგარეჯოში!
- როგორ მოისხენიებენ?
- მარტივად ამბობენ - აქ სახიდაშელო არ არისო... არადა, თინა ხიდაშელი ცდილობს, კიდევ ერთი „რესპუბლიკელი" შეჰმატოს პარლამენტს, მაგრამ თამარ კორძაიასგან განსხვავებით, კახელებს თამარ ხიდაშელს ვერ „შეასაღებენ", როგორც „ქართული ოცნების" წევრს. მეტსაც გეტყვით- თვითონ „ქართული ოცნების" ძალიან ბევრი წარმომადგენელი საგარეჯოელებს ირმა ინაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, იმიტომ, რომ იქ „რესპუბლიკელების" კანდიდატურაა წარმოდგენილი.
ეს „რესპუბლიკელებმაც" მშვენივრად იციან და ამიტომაც მიმართავენ „ქართული ოცნების" შანტაჟს!
ხელისუფლების დიდი შეცდომაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წელს პოლიტიკური საქმიანობა არ აუკრძალა. როგორც ჰიტლერის და მუსოლინის პარტიები, „ნაციონალური მოძრაობაც" არასაპარლამენტო ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"