ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები, პრაქტიკულად, წესდების დარღვევით ტარდება, რადგან წესდების გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, აღმასკომის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ის არ ტარდება.
„ეს არ არის ვინმეს მოგონილი, წესდებაში წერია, რომ პრეზიდენტი და აღმასკომი ირჩევა ოთხი წლის ვადით მომდევნო რიგით ყრილობამდე. ეს რიგითი ყრილობა არის 3 ოქტომბერს. აღმასკომი ამ საკითხს თავს არიდებს და დღის წესრიგში არ აქვს. ფაქტიურად გამოდის, რომ 3 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საკითხი, ეს არის პრეზიდენტის არჩევნები, მაგრამ ამავე წესდებაში წერია, რომ აღმასკომის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ ყრილობის დაწყებამდე. რატომღაც ამას მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მივდივართ იქამდე, რომ ეს არის კონკრეტული პიროვნებების ინტერესები. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი. არჩევნები, ფაქტობრივად, წესდების დარღვევით ტარდება, პირდაპირ გეუბნებით იმ ფაქტებს, რაც ირღვევა. თუნდაც ტრიბუნალის თემა - თუ ტრიბუნალი გამოიტანს გადაწყვეტილებას და ეს აღმასკომს ან ფედერაციას არ აკმაყოფილებს, თავისუფლად შეუძლიათ გააუქმონ ან არ დაინტერესდნენ, რადგან მაინც აღმასკომი გადაწყვეტს", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
კობიაშვილი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ის იქნება ტრიბუნალის დამოუკიდებლობის გარანტი.
„სხვანაირად წარმოუდგენელია, არ არსებობს. აბა, რისთვის არის ტრიბუნალი შექმნილი?!" - აღნიშნა კობიაშვილმა.