reportiori.ge - როგორ მოატაცებინა სტალინმა ბერიას მარშალი ტიტო საწოლიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:53
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
როგორ მოატაცებინა სტალინმა ბერიას მარშალი ტიტო საწოლიდან
ავტორი:
01 ოქტომბერი, 2015. 16:30


1951 წლის ივნისის ბოლოს, ბულგარეთის, იუგოსლავიისა და ალბანეთის ლიდერებმა - დიმიტროვმა, ტიტომ და ენვერ ხოჯამ ერთობ უპასუხისმგებლო და ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს: მათ გაერთიანებული, კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა სურდათ, რათა უკეთესად განვითარებულიყვნენ და საკუთარი თავდაცვისუნარიანობა გაეზარდათ. მათი ეს ერთობლივი დეკლარაცია ერთბაშად ევროპის ყველა მოწინავე გაზეთმა წინა გვერდებზე გამოაქვეყნა თავისებური ინტერპრეტაციებით, რომელთა ძირითადი აზრი ის იყო, რომ სოციალისტური ბანაკი იშლებოდა. სტალინმა კაბინეტის კუთხეში მოისროლა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტები და სხვადასხვა გაზეთის მიერ ზედდართული კომენტარების დაიჯესტი. მარჯვენა, მუშტად შეკრული ხელი მკვეთრად ზეაღმართა და თვალების ბრიალით ამომარცვლა: „დამოუკიდებლობა, ერთიანობა და თავისუფლება მოუნდათ, არა? და მაგ ბრიყვებს ჰგონიათ, რომ საკუთარი ძალებით შეძლებენ თავის გატანას? სულელები! ნეტავ მაინც როგორი სამხედრო ბლოკის შექმნას გეგმავენ უჩვენოდ და საინტერესოა, ვისი ტექნიკით უნდა შეიარაღდნენ ეგ ვაჟბატონები? აქ ბრიტანეთის ხელი ურევია უეჭველად და თავს მოვიჭრი, თუ ეს ყველაფერი ტიტოს ოინები არ იყოს, რომელსაც ბრიტანელები აგულიანებენ".


პირველი ემოციის ამოფრქვევის შემდეგ სტალინი დამშვიდდა, ნაფაზი დაარტყა და, მოძრაობაშივე, ისე, რომ ნაბიჯი არ შეუნელებია, ჩაილაპარაკა: „სასწრაფოდ, ახლავე, პირადად შენ მოიწვიე დიმიტროვი, ტიტო და ხოჯა ხვალისთვის მოსკოვში და ამცნე მათ, რომ ბალკანეთის კონფედერაციის საკითხებზე მოსალაპარაკებლად ვეპატიჟები".


სტალინი თანდათან დამშვიდდა, სახეზე სიწითლე გაუქრა, ბერიას ანიშნა, დაჯექიო და განაგრძო: „წინასწარვე გეტყვი, რომ დიმიტროვის გარდა, არცერთი, არც ტიტო და არც ხოჯა არ ისურვებენ აქ ჩამოსვლას და რამეს მოიმიზეზებენ, უკვე პირადად შენ გევალება, ლავრენტი, ჩვენი ურჩი მეგობრების ხვალ ჩემთან, კაბინეტში მოლაპარაკებაზე მოყვანა. მოლაპარაკებას საღამოს რვა საათზე ვნიშნავ". ზუსტად საათ-ნახევრის შემდეგ ლავრენტი ბერია სტალინთან გამოცხადდა და მას შემდეგ, რაც ბელადმა მოხსენების ნებართვა მისცა, ბერიამ დაიწყო: „ამხანაგო სტალინ, თქვენი სიტყვები აბსოლუტური სიზუსტით გამართლდა, - დიმიტროვმა უყოყმანოდ განმიცხადა თანხმობა - ხვალ შუადღემდე მოსკოვში ვიქნებიო, ხოლო ტიტომ ავადმყოფობა მოიმიზეზა და გვითხრა, კარდელს (იუგოსლავიის მთავრობის მეთაური) გამოვგზავნიო. თითქმის იგივე მითხრა ენვერ ხოჯამაც, თუმცა მგონია, რომ ხოჯა მართლა გრიპიანია და მოსკოვში ჩამოსვლას მოერიდა. ხოჯა ძოძეს (ალბანეთის მთავრობის ხელმძღვანელი) გვიგზავნის".


სტალინმა ჩიბუხი გააბოლა და თქვა: „გრიპი მიზეზი არაა. არც დიმიტროვი და არც ხოჯა საფრთხეს არ წარმოადგენენ ჩვენთვის, ისინი უფრო მიამიტობის მსხვერპლნი არიან; აი, რაც შეეხება ტიტოს, ეს სულ სხვა საკითხია, რადგან ცხვრის ტყავსაა ამოფარებული და სინამდვილეში მასში მგელია ჩაბუდებული. ჩვენდა სამწუხაროდ, ტიტო ორმაგ და შესაძლოა, სამმაგ თამაშსაც თამაშობს. ამიტომ მას კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა და ახლა ყველაფერი შენზეა. აბა შენ იცი, ლავრენტი, ხვალ საღამოს ყველანი ჩემთან უნდა იყვნენ".


1951 წლის 2 ივლისს საბჭოთა საგარეო დაზვერვის სპეცდანაყოფებმა ერთდროულად ბელგრადსა და ტირანაში ორი უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს, რომელსაც ერთი კოდური სახელწოდება - „შამათი" ერქვა და რომელსაც პირადად ლავრენტი ბერია კურირებდა. რაც მთავარია, ორივე ოპერაცია ყოველგვარი მსხვერპლისა და ხმაურის გარეშე განხორციელდა. საბჭოთა მზვერავებმა შიშველი ტიტო საწოლიდან ააცალეს ერთ-ერთ მის მორიგ ლამაზმანს, ენვერ ხოჯა კი მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ჰაშიშით თრობისგან, როცა საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა ხოჯასთან ერთად (ენვერ ხოჯა ჰაშიშით ერთობოდა ხოლმე და საღამოობით ხშირად ეწეოდა. საბჭოთა მზვერავებმა კი ის სწორედ მაშინ მოიტაცეს, როდესაც მან ჰაშიშის მოწევა დაასრულა და შარბათით იქცევდა თავს). 3 ივლისს ლავრენტი ბერია შუადღეს ეახლა დიდ ბელადს და მოახსენა: „ამხანაგო სტალინ, დიმიტროვი ახლახან ჩამოფრინდა და ამჟამად მისთვის განკუთვნილი სასტუმროსკენ მიეშურება მანქანით. მას ჩვენი ხელმძღვანელობიდან არავინ დახვედრია, მხოლოდ მძღოლი და მორიგე ოფიცერი მიაცილებენ. უფრო ადრე ჩამოფრინდნენ კარდელი და ძოძე და ისინი უკვე დაბინავებულები არიან. ახლა, რაც შეეხება „შამათს", - განაგრძობდა ბერია, - ჩვენებმა განაკაწრის გარეშე ჩამოიყვანეს ორივე და ამჟამად კრემლის სასტუმროში იწესრიგებენ თავს. ხოჯა უფრო ყოჩაღადაა და არაყიც კი გადაჰკრა ჩვენს მორიგე ოფიცერთან ერთად, თუმცა კი მუსლიმანური წესი ამის ნებას არ აძლევს. რაც შეეხება ტიტოს, ნელ¬ნელა მოდის აზრზე. ისე იყო შეშინებული, რომ კარგა ხანს ხმა ვერ ამოაღებინეს. თავიდან არც კი სჯეროდა, რომ ჩვენთან იყო. უფიქრია, ფაშისტმა პარტიზანებმა მომიტაცეს და უნდა დამხვრიტონო." სტალინი აშკარა კმაყოფილებით უსმენდა ბერიას და სიამოვნებით აბოლებდა ჩიბუხს. როდესაც მოხსენება დაასრულა, ბერია გაუშვა, თავად კი ტელეფონს დასწვდა: „ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ (სტალინი მოლოტოვს ესაუბრებოდა), სანამ საღამოს შევიკრიბებით, დიმიტროვს გამოუარე, წამოიყვანე და ერთ საათში ჩემს ბინაში გელოდებით".


2 საათზე მოლოტოვი და დიმიტროვი სტალინს ეახლნენ, რომელიც მათ თავის პატარა სასტუმრო ოთახში შეხვდა. დიმიტროვი უხერხულად გრძნობდა თავს, მაგრამ სტალინის კეთილგანწყობამ ყოველგვარი კომპლექსი მოუხსნა და მეგობრული ხელის ჩამორთმევის შემდეგ თავისუფალი, გულღია საუბარი გაიმართა.


სტალინმა დიმიტროვთან თავისი გულისტკივილი გამოთქვა ცნობილი დეკლარაციის გამო და აღნიშნა: „თქვენზე ნაკლებად ვარ გაბრაზებული, თუმცა, ყველაზე მეტად თქვენგან მეწყინა ეს ნაბიჯი. ნუთუ თქვენ მართლა გგონიათ, რომ ბალკანეთის კონფედერაცია თუ ფედერაცია, სულ ერთია, რას დაარქმევთ ამ სისულელეს, ერთი დღე მაინც შეძლებს არსებობას და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას? ნუთუ თქვენ, გამოცდილ პოლიტიკოსს, პატიოსან კომუნისტს, მართლა მიგაჩნიათ, რომ ამ ხელოვნური წარმონაქმნით მთებს გადააბრუნებთ და საბჭოთა კავშირის გვერდის ავლით მოაგვარებთ შინაურ და საგარეო პრობლემებს? - ეს ყველაფერი რომ ტიტოს ხრიკებია, რომელიც ბრიტანელებმა შეაგულიანეს, ჩემთვის აშკარაა. ხოჯაზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს, რადგან გონებაშეზღუდულია, მაგრამ თქვენ როგორ გადაგიბირათ? ჩემთვის ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო".


მთელი ამ საუბრის განმავლობაში დიმიტროვი თავჩაქინდრული იჯდა და არც თავის მართლება უცდია. სტალინმა კი სამი ჭიქა შეავსო წითელი ღვინით, სტუმრებს ანიშნა, აიღეთო და წარმოთქვა: „ჩვენი ქვეყნების საუკუნო მეგობრობისა იყოს", - მერე დიმიტროვს მიუჭახუნა და ბოლომდე გამოცალა სასმისი.


„8 საათზე ჩემს კაბინეტში გელოდებით. კონფედერაციის (ეს სიტყვა განსაკუთრებული სარკაზმით წარმოთქვა) დანარჩენი ორი მეთაურიც იქნება და იმედია, შეცდომას აღარ გაიმეორებთ!" ზუსტად 8 საათზე სტალინის კაბინეტში ტიტო და ხოჯა შევიდნენ, იქ კი უკვე შეკრებილიყვნენ სტალინი, მოლოტოვი, დიმიტროვი, კოლაროვი, კარდელი და ძოძე, რომლებიც მაგიდას უსხდნენ, ბერია კი გვერდით, ტახტზე იყო ჩამომჯდარი. „ვხედავ, რომ უკვე საკუთარი იმპერია შეგიქმნიათ და ჩვენი დახმარება აღარ გჭირდებათ. ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს? თქვენ საკუთარი უსაფრთხოება და ხელშეუხებლობა ვერ დაგიცავთ და უზარმაზარი რეგიონის ბედის გადაწყვეტას აპირებთ, თანაც ჩვენი გვერდის ავლით? - სტალინს თანდათან ემატებოდა მრისხანება. ის წამოდგა, კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა და ცივი ხმით განაგრძო: - თქვე უნიფხვო, ლოთო სარდლებო! ისე როგორ დაგებინდათ გონება, რომ ელემენტარულს ვერ ხვდებით, ანუ იმას, რომ კაპიტალისტები ისე გადაგსანსლავენ, თქვენგან სველი ადგილიც კი არ დარჩება?! თქვენ ბრმა ლეკვები ხართ და სანამ თვალები არ აგეხილებათ, ვერაფერს დაინახავთ, ამასობაში კი შეიძლება, ყვველაფერი დამთავრდეს და იმდენი უბედურება დაატრიალოთ, რომ ხალხი არასოდეს გაპატიებთ".


სტალინის მრისხანება თანდათან დაცხრა, თუმცა, არც ტიტოს და არც ხოჯას თავი არ აუწევიათ და ისე დატოვეს სტალინის კაბინეტი, რომ მისთვის თვალის გასწორება ვერ შეძლეს. ენვერ ხოჯამ სტალინთან შეხვედრის შემდეგ სწორი დასკვნები გამოიტანა, ტიტო კი უფრო გაჯიუტდა და იმ დღიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის ხსენებაც კი არ უნდოდა.




წყარო: „თბილისელები"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016