დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებისთვის სამინისტროს მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა. მათ შორის, საფრანგეთში, ლევილის მამულის („ლევილის ქართული სავანე") საქართველოსთვის გადმოცემის პროცესზე დეტალურად ისაუბრა. გელა დუმბაძის განცხადებით, ფრანგულ მხარესთან მიღწეულ იქნა შეთანხმება ლევილის მამულის შემდგომი მოწყობის თაობაზე და რამდენიმე დღეში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იწყება.
როდისთვის ვარაუდობს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემას და როგორ გაგრძელდება სამუშაო პროცესი ამ საკითხზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე „აიპრესს" ესაუბრა.
- რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ლევილის მამულის გადმოცემას?
- რა თქმა უნდა, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საუბარია ჩვენი წინაპრების ანდერძზე, პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელობაზე, რომლებმაც ანდერძად დატოვეს, რომ ეს მამული, რომელიც 5 ათას კვადრატული მეტრზეა, გადაეცეს საქართველოს. მიხარია, რომ ეს პროცესი, რომელიც დაახლოებით, 12 წელია გრძელდება, თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიიწევს. მთავრობამ გამოჰყო 107 ათასი ევრო წინასწარი შეფასებისთვის და დიაგნოსტიკისთვის. ზეგ ვაპირებთ საფრანგეთში გაფრენას, სადაც იქნება კომისიის მორიგი შეხვედრა. მე ვარ ამ კომისიის თავმჯდომარე. გარდა ამისა, ჩემი ინიციატივით, კომისია გაძლიერდა, მასში ჩაერთო თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი. ასევე ქართულ მხარეს წარმოადგენს გოჩა ჯავახიშვილი, რომელიც არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში.
- რა საკითხებს განიხილავს კომისია?
- ეს მიმდინარე პროცესია. საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი 107 ათასი ევრო დროულად იქნას გადარიცხული ფრანგული მხარისთვის, იმ სამუშაოების შესაბამისად, რაც იქნება გაწეული დიაგნოსტიკისა და შეფასების სფეროში.
- სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვცემს მამულს ფრანგული მხარე?
- რა თქმა უნდა, იურიდიული თვალსაზრისით ჩვენ მემკვიდრეები ვართ პირველი რესპუბლიკის მთავრობის და საქართველოს სრულიად უსასყიდლოდ გადმოსცემენ ლევილის მამულს.
- როდისთვის ვარაუდობთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას?
- ძალიან გახარებული ვიქნები, რომ საბოლოო გადაწყვეტილება განხორციელდეს შემდეგი წლის შუა პერიოდში.
-ანუ 2016 წლისთვის?
- დიახ, ამის დიდი იმედი მაქვს.
- როგორ წარიმართება გადმოცემის შემდგომი სამუშაო პროცესი ლევილის მამულში?
- ამაზე ძირეული შეთანხმებაა მიღწეული, რომ მამულში იყოს ყოველთვის აქტიური და შემოქმედებითი სიცოცხლე. მისი მოწყობის მოდელი დაუკავშირდება ვილა მედიჩის მოწყობას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ აქ როტაციის წესით იქნებიან ჩართულები ქართველი მაგისტრანტები და დოქტორნატები. რომლებიც იმუშავებენ ქართულ-ფრანგულ კულტუროლოგიურ თემებზე.
- როგორ შეირჩევა ის კადრები, ვინც წავა სამუშაოდ ლევილში?
- როგორ შევარჩევთ, ვინ შეარჩევს, ეს არის უწყებათაშორისი კომისიის შეთანხმების ამბავი. ამაში ჩაერთვებიან კულტურის და განათლების სამინისტროები. ეს უკვე სხვა ეტაპი და სხვა სამუშაოა. მთავარია, ჩვენი წინაპრების კეთილი ნება განხორციელდეს და ლევილის მამული გადმოეცეს საქართველოს.
წყარო: Ipress.ge