მორიგი შელაპარაკება ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების წინ - სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-თან შეკრებილებს და ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ რეზი არველაძის ძმას - შოთა არველაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. შოთა არველაძემ ორგანიზაცია „სპორტის საზოგადოების" წარმომადგენლებს, რომლებიც აქციას მართავდნენ, მიმართა შეკითხვით, თუ ვის დავალებებს ასრულებენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მიმართა - „როცა ბიჭებს იჭერდნენ, მაშინ არველაძეები გაჩერებულები იყვნენ".
შოთა არველაძემ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და განაცხადა, აუცილებელია, მედია დაინტერესდეს - რატომ დააკავეს ერთი დელეგატი და რატომ მოხსნეს 10 დელეგატი.
„ჟურნალისტები არ ხართ?! გაარკვიეთ!" - მიმართა არველაძემ მედიის წარმომადგენლებს.
რამდენიმეწუთიანი პოლემიკის შემდეგ შოთა არველაძემ აქციის ტერიტორიიდან კვლავ სასტუმროს შენობაში გადაინაცვლა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს.