არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სპორტის საზოგადოების" წარმომადგენელი გიორგი ცობეხია მიიჩნევს, რომ არველაძის განცხადება შესაძლოა, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა იყოს.
ცობეხიას თქმით, სასამართლოს კომპეტენციაა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გეგა გობეჯიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ამიტომ მსგავსი განცხადებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
„ბუნებრივია, ეს არის სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში. მასზე ზეწოლა დაუშვებელია. ზოგადად, ეს არის მანიპულირების კიდევ ერთი მცდელობა, რასაც მიმართავს ბატონი რეზი არველაძე არჩევნებში. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს ჩაითვალოს ზეწოლად", - განაცხადა ცობეხიამ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა რეზო არველაძემ სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გაავრცელა:
„ჩემი პოზიცია იგივე რჩება - ველოდები გეგა გობეჯიშვილის გამოშვებას. დელეგატთა უმრავლესობა მხარს მიჭერს და არ გადის რეგისტრაციას, სანამ გეგას არ გამოუშვებენ", - ნათქვამია განცხადებაში.