reportiori.ge - ბუკიას ბაღის სევდიანი ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:08
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბუკიას ბაღის სევდიანი ისტორია
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2015. 15:53

 

 

თბილისში, ბახტრიონის ქუჩის დასაწყისში მდებარე ბუკიას ბაღის ისტორიაზე და დღევანდელ მდგომარეობაზე მინდა მოგითხროთ. ამ ბაღს დღემდე პატრონობს ლეილა ბუკია - 80 წლის ქალბატონი თავად ბუკიას ბაღში მარტო ცხოვრობს. ერთხელ თბილისის აღმსაკომის თანამშრომლები მისულან. მათ ბაღში სახლის ჩადგმა განუზრახავთ. ლეილა ბუკია ორლულიანი თოფით გამოჰკიდებია - „ჰაერში ვისროლე. ღობეზე გადახტნენ. მერე მიჩივლეს, სადამდე იყოს დედაბერი შეიარაღებული?! მთელი მსოფლიო განიარაღდაო".


ლეილა ბუკია: „ვცხოვრობდით დიდუბეში, დიდუბის N24-ში. 3 ჰექტარი ბაღი გვქონდა. კოლექტივიზაცია რომ დაიწყო, მაშინ 10 წლის ვიყავი, ჩემი და - 14 წლის. მშობლები სახლში არ იყვნენ. მე და ჩემი და ურემზე დაგვსხეს და ზოოპარკთან ვიღაცის ეზოში დაგვყარეს. წიგნები და ავეჯი წაიღეს.


მამაჩემი მირიან ბუკია აგრონომი იყო. უმაღლესი განათლება იალტაში ჰქონდა მიღებული. დედა ანა დოლიძე პედაგოგი გახლდათ, ხელგარჯილობას ასწავლიდა. 1933 წელს საბურთალოზე გადმოვედით. აქ არც წყალი იყო, არც გაზი და არც სინათლე. ამ ტერიტორიაზე ორმოები ცარიელი დაგვხვდა. ზოოპარკთან რომ დიდი სახლია, მაშინ შენდებოდა. მამაჩემმა მიწა იქიდან მოიტანა და ორმოები ამოავსო. ამ ბაღში ნიადაგიც ხელოვნურადაა შექმნილი.


გორის რაიონიდან ხეხილის ნერგები ჩამოიტანა. 15 ჯიშის ატამი გვქონდა. დიდუბეში რომ ვცხოვრობდით, იქიდან ალვის ტოტები წამოიღო და გაახარა. ამ ვარდებს რომ უყურებთ, ჩემი გაშენებულია - ნალჩიკიდან მაქვს ჩამოტანილი. ბაზარში რომ წავიდოდი, ნერგები იქ მოჰქონდათ ხოლმე.


ხანდახან ოჯახს უსადილოდ ვტოვებდი და ნერგებს ვყიდულობდი. ახლა კი მოდიან და მთხოვენ - სასაფლაოზე დასარგავად ვარდი მომყიდეო. აბა, ეს შეიძლება?! დედაჩემი მეტყოდა ხოლმე, მამაშენიც ასე იყო და გააციმბირეს. ახლა შენც მიგაყოლებენო.


ბაღის წართმევა უნდოდათ და რა არ მოუგონეს. ომის დროს სტალინს აგინებდაო. სტალინი და ბუდუ მდივანი 1904 წელს ჩვენთან, გურიაში (ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ბუკნარი, „გურული ბუკიების რეზიდენცია") ერთი ღამე სარდაფში იმალებოდნენ. აბა, სტალინს როგორ შეაგინებდა მამაჩემი?! 1943 წელს ბრალდების წაყენების გარეშე დააპატიმრეს. ყაზახეთში, აკმოლინსკის რაიონში გადაასახლეს, მიმოწერის უფლების გარეშე. 10 წელი ჰქონდა მისჯილი. მამა იქ ცეროზით გარდაიცვალა. უკანდაბრუნებული ამანათი სხვენზე გადავმალე, დედას რომ არ ენახა.


ბუკიას ბაღში 3 000 ძირი მცენარეა. მათ შორის უნიკალური მცენარეები: კლემატისი, პასიფლორა, ჰიბისკუსი. ნალჩიკიდან ვერცხლისფერი ნაძვი ჩამოვიტანე, ბაღში დავრგე. ღამის თორმეტ საათამდე ვიჯექი და ვყარაულობდი ხოლმე. 31 დეკემბერს დედამ მითხრა - შვილო, ახალ წელს ქუჩაში ხომ არ უნდა შეხვდეო?! სახლში შევედი. იმ ღამეს ვერცხლისფერი ნაძვი მოიპარეს. შემდეგ ბაღთან ახლოს ქუჩაში ვნახე, გამხმარი ეგდო.


ადრე ბაღს ხის ღობე ერტყა. მეტრო რომ ამოვიდა, ღობე შიგნით შემოწიეს, რკინის მესერი შემოავლეს. მანამდე ეს ღობე ვაკის პარკს ჰქონდა შემორტყმული. ბაღში არის განადგურებული საბანკეტო დარბაზი. აქ რაიკომის მდივნები უცხოელი სტუმრებისთვის სუფრებს შლიდნენ ხოლმე. მერე ვიღაცამ დედაბოძი გამოაცალა და დარბაზი განადგურდა.


ბაღის მომსახურება და წესრიგში მოყვანა საბურთალოს გამწვანების სამსახურს ევალება. ახლა ბაღი მოუვლელია. აქ აგრონომიც მე ვარ, მებაღეც და დარაჯიც.


ერთხელ თბილისის აღმსაკომიდან ექვსი კაცი მოვიდა. სახლის ჩადგმა უნდოდათ. ორლულიანი თოფით გამოვეკიდე. ჰაერში ვისროლე. ღობეზე გადახტნენ. მერე მიჩივლეს, სადამდე იყოს დედაბერი შეიარაღებული?! მთელი მსოფლიო განიარაღდაო. გამომიძახეს და ვიუარე, არ მისროლია-მეთქი.


ამ ბაღში მჟავანაძეც არის ნამყოფი. შევარდნაძე აქ სამჯერ იყო. ამ ბაღს ჩეხავდნენ და შევარდნაძემ გადაარჩინა".


ლეილა ბუკია პროფესიით მეყვავილე-დეკორატორია. 28 სექტემბერს 80 წელი შეუსრულდა. ტელეფონის ხაზი გადაუხდელობის გამო ჩაუჭრეს.

„ცუდად ვარ. გუშინ ექიმთან ვიყავი. იმდენი წამალი გამომიწერა, ის რომ შევიძინო, სახლი უნდა გავყიდო. ჩემი სიკვდილის შემდეგ, ვიცი, ბაღს გაჩეხენ. რაღაც ჩავიფიქრე... იქნებ ბაღი გადავარჩინო", - მითხრა და ჩანაფიქრი საჯაროდ არ გაამხილა.


როდესაც ბაღს ფოტოებს ვუღებდით, ჩვენთან შუა ხნის მანდილოსანი მოვიდა - შვილო, რას შვრებითო?! ავუხსენით, რომ ფოტოები საგაზეთო სტატიისთვის გვესაჭიროებოდა. „გვიშველეთ რამე, ბავშვები ვეღარ გამოგვყავს ბაღში, საშინელი სიბინძურეაო", - გვითხრა.


ბუკიას ბაღის იმ ნაწილში, რომელიც შემოღობილი არ არის, ადრე ორი პატარა აუზი, ბავშვებისთვის კი საქანელები ყოფილა. დღეს კი დომინოს, ნარდს თამაშობენ. იქვე ახლოს ქოლგები ჩადგეს - ლუდს, ნაყინს შეექცევიან. ქაღალდებს, სიგარეტის ცარიელ კოლოფებს ღობის იქით, ბაღში ისვრიან. ამბობენ, ბუკიას ბაღი გაყიდულია და ცოტა ხანში მშენებლობასაც დაიწყებენო.


2000 წელი. 6-12 მაისი. გაზეთი „რეზონანსი"



ბოლოთქმა - დღეს 2015 წლის 2 ოქტომბერია. 15 წლის წინ ლეილა ბუკიამ მთხოვა, საჯაროდ არ გამემხილა როგორ გეგმავდა ბუკიას ბაღის გადარჩენას. საპატრიარქოში ვიყავი, მინდა, აქაურობა საპატრიარქოს გადავცე, ნანული შევარდნაძის თანადგომის იმედიც მაქვსო. ამ საუბრის შემდეგ ლამარა ბუკიას აღარ შევხვედრივარ, რაზეც დღეს გული მწყდება - ამას ჰქვია შუა გზაზე მიტოვებული საქმე. მე მთებს ვერ გადავატრიალებდი, მაგრამ ჩემი წილი გასაკეთებელი შემეძლო გამეკეთებინა. დღეს თავის მართლება იმით შემიძლია, რომ მაშინ დამწყებ ჟურნალისტად ვითვლებოდი და ახლა რომ მაქვს, ამდენი გამოცდილება არ მქონდა; არც ბოლომდე ჩაყოლა ვიცოდი ისე, ახლა რომ ვიცი. ლამარა ბუკიას გარდაცვალების შემდეგ ბუკიას ბაღში ძმებმა კუბლაშვილებმა სახლი აიშენეს და დღესაც იქ ცხოვრობენ.




ნინო მიქიაშვილი



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016