reportiori.ge - ამოსახევია! - საქართველოს საჯარო სკოლების მე-2 კლასის მოწაფეებს თვლას მარიხუანას ფოთლებით ასწავლიან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:49
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ამოსახევია! - საქართველოს საჯარო სკოლების მე-2 კლასის მოწაფეებს თვლას მარიხუანას ფოთლებით ასწავლიან!
ავტორი:
05 ოქტომბერი, 2015. 15:23


საქართველოს პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს. დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მაიხუანას მოხმარებაზე საპატიმრო სასჯელის გაუქმებას გულისხმობს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულმა კომიტეტებმა თანხმობა მისცეს, ხოლო თამაზ მეჭიაურისადმი რწმუნებულმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.


ვნახოთ, საბოლო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი და დაუპირისპირდება თუ არა „ქართული ოცნების" საკანონმდებლო გუნდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია და საკუთარი პოზიცია მკაფიოდ აქვს გამოხატული:


„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მარიხუანას არავითარი ლეგალიზაცია არ მოხდება. არც განიხილება ეს და სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, დეკრიმინალიზაცია არ მოხდება".


თუმცა, მთავრობის მეთაურის ასეთი პოზიციის მიუხედავად, საქართველოში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემა მაინც დღის წესრიგში დგას და საქმე უკვე იქამდეც მივიდა, რომ ქართულ საჯარო სკოლებში მარიხუანას არცთუ შეფარული პოპულარიზაცია დაიწყო, თანაც, არც მეტი, არც ნაკლები - სასკოლო სახელმძღვანელოების მეშვეობით!


„ასავალ-დასავალის" წინამდებრე გვერდზე თქვენ ხედავთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც მე-2 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოს მე-7 გვერდია გამოსახული.


ნათლად ჩანს, რომ სახელმძღვანელოში, გვირილების, სოკოებისა და პეპლების გვერდით, მარიხუანას ფოთლები ხატია და ბავშვებს ევალებათ, მათი რაოდენობა ზუსტად დაითვალონ!


დიახ,ძვირფასო მკითხველო, არავითარი უტრირება და გადაჭარბება, მხოლოდ ფაქტის კონსტატირება - საქართველოს საჯარო სკოლების მე-2 კლასის მოწაფეებს თვლას მარიხუანას ფოთლებით ასწავლიან!


როგორ ფიქრობთ, რა მიზანი უნდა ჰქონდეს დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოში მარიხუანას ფოთლების დახატვას და ბავშვების დავალდებულებას, რომ დასხდნენ და ეს ფოთლები ითვალონ?


დედამიწის წურგზე მილიონი ჯიშის ხე და ფოთოლი არსებობს და მე-2 კლასის სახელმძღვანელოში რაღა მაინცდამაინც მარიხუანას ფოთლები შეიტანეს?


ვერავინ იტყვის, რომ სახელმძღვანელოს შემდგენლებს ეს შემთხვევით მოუვიდათ და მარიხუანას ფოთოლი რომელიმე სხვა ფოთოლში შეეშალათ, რადგან მარიხუანას ფოთოლს ისეთი ფორმა და მოყვანილობა აქვს, ყოვლად შეუძლებელია, რომელიმე მცენარისა თუ ხის ფოთოლში აგერიოს.


ვინმემ შეიძლება ისიც თქვას, მარიხუანას ფოთოლს მეორეკლასელი ბავშვი მაინც ვერ ამოიცნობს და ამდენად, სახელმძღვანელოში მისი შეტანა საფრთხის შემცველი არ არისო.


ჯერ ერთი, აქ მთავარი ის კი არ არის, მეორეკლასელი ბავშვი მარიხუანას ფოთოლს ამოიცნობს თუ არა, არამედის, რომ მეორე კლასის სახელმძღვანელოს შემდგენლებს თავში აზრად მოუვიდათ, სასკოლო წიგნში მარიხუანას ფოთლები დაეხატათ.


ნორმალურ ადამიანს რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, რომ სახელმძღვანელოში მარიხუანას ფოთლები „გამოფინო" და ისინი ბავშვებს სათითაოდ ათვლევინო?


და კიდევ - მეორე კლასის მოწაფეები, ანუ 7-8 წლის ბავშვები, დღეს კომპიუტერს თავისუფლად ფლობენ და ინტერნეტში ისე „დასეირნობენ", როგორც თევზი წყალში, ამიტომაც ვერავინ იტყვის, რომ მარიხუანას ფოთოლი მათთვის ვიზუალურად უცხოა და სახელმძღვანელოში მის ამოცნობას ვერ შეძლებენ.


გარდა ამისა, მე-2 კლასის მოწაფეები ტელევიზორსაც უყურებენ და ხედავენ, ზოგიერთ ტვინგახურებულ ახალგაზრდას მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციებზე როგორ დაჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებლსაც თავზე მარიხუანას ფოთლის გამოსახულებიანი „ბენდენები" აქვთ წაკრული!


ასე რომ, „არგუმენტები" - მეორეკლასელი ბავშვები მარიხუანას ფოთოლს ვერ იცნობენო, ვერანაირად ვერ გაამართლებს იმ მარაზმს, რასაც მე-2 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოში მარიხუანას ფოთლების დახატვა ჰქვია!


და მაინც,  რას ისახავს მიზნად ეს ყოველივე?


ალბათ, იმას, რომ ქართველ ბავშვებს თავიდანვე ჩაუბეჭდონ გონებაში, თითქოს მარიხუანა სრულიად უვნებელი და უწყინარი მცენარეა, ისეთივე ჩვეულებრივი და ბუნებრივი რამ, როგორიც გვირილა, სოკო ან პეპელა!


ბავშვის ცნობიერებაც ამ ყველაფერს თავისთავად შეისრუტავს, გონება კი დაასკვნის - „რადგან სკოლის წიგნში შეიტანეს, ე.ი. კარგია!"


ერთი რამ თამამად შეიძლება ითქვას - ის, ვინც მე-2 კლასის სახელმძღვანელოში მარიხუანას ფოთლები დახატა და მოსწავლეებს მათ დათვლას ასწავლის, ბავშვების ისეთივე მტერია, როგორიც ის, ვინც მცირეწლოვნებს მარიხუანას სიმბოლიკით მოსავს და „პლანაქეშების" აქციებზე დაატარებს!


დიახ, სასკოლო სახელმძღვანელოში მარიხუანას ფოთლების დახატვა სხვა არაფერია, თუ არა საჯარო სკოლებში მარიხუანას პოპულარიზაცია და ლეგალიზაცია!


საინტერესოა, რას აკეთებს საქართველოს განათლების სამინისტრო და თამარ სანიკიძეს რა ყურთბალიშზე სძინავს, რომ ამ მარაზმზე რეაქცია არ აქვს?!


როგორც გავარკვიე, საქართველოს საჯარო სკოლებში მე-2 კლასის მოწაფეებს მათემატიკას სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებით ასწავლიან.


იმ სახელმძღვანელოს ავტორები, რომელშიც მარიხუანას ფოთლები ხატია, თინა ბექაური და ავთანდილ საგინაშვილი არიან. მათთან დაკავშირება ბევრჯედ ვცადე, მაგრამ საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს ვერსად მივაკვლიე.


ბოლოს „ფეისბუქში" ავთანდილ საგინაშვილის გვერდი ვიპოვე და პირადი შეტყობინება გავუგზანე, თუ ის ავთადნილ საგინაშვილი ბრძანდებით, რომელიც მეორე კლასის სახელმძღვანელოს ავტორია, გთხოვთ, ვინაობა დამიდასტუროთ, რადგან ჟურნალისტი ვარ და მინდა, რამდენიმე კითხვა დაგისვათ-მეთქი, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიმიღია.


კარგი იქნება, ამ პუბლიკაციის შემდეგ ხსენებული სახელმძღვანელოს ავტორები თუ დაგვიკავშირდებიან, რადგან მათთან ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა გვაქვს - რატომ მიაჩნიათ, რომ მე-2 კლასის მოწაფეებმა თვლა და ანგარიში „პლანის" ფოთლებით უნდა ისწავლონ?


რაც შეეხება მშობლებს, რომლებსაც არ სურთ, რომ მათმა შვილებმა სკოლასა თუ სახლში მარიხუანას ფოთლები ითვალონ, ალბათ, ერადერთი გამოსავალიღა დარჩენიათ - მე-2 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოდან მე-7 გვერდი უნდა ამოხიონ!




 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016