ერთხელ მამა სილოვანი და მისი მოწაფე ზაქარია ძმათა სანახავად ერთ უდაბნოში მივიდნენ, სადაც მთელი დღე და ღამე დარჩნენ და ძმათაგან კარგად პატივცემულ იყვნენ. წამოსვლისას მათ კიდევ მიართვეს საზრდელი, ისინიც კარგად დანაყრდნენ და თავის უდაბნოსაკენ მიმავალ გზას დაადგნენ. გზაზე ზაქარიამ წყარო დაინახა და წყლის დალევა მოინდომა, მაგრამ სილოვანმა უთხრა:
_ დღეს მარხვაა.
_ აკი ვჭამეთ დღეს, მამაო, - უპასუხა ზაქარიამ.
_ ის იყო სტუმართმოყვარეობის სადილი, ხოლო ჩვენ, შვილო, უნდა შევინახოთ ჩვენი მარხვა, - უთხრა სილოვანმა. - ჩვენ რომ ძმათა სტუმართმოყვარეობისათვის პატივი არ დაგვედო, ორმაგად შევცოდავდით: პირველი იმით, რომ ვაწყენინებდით ჩვენს მასპინძელთ და მეორე იმით, რომ ყველას წინაშე საყვირს დავცემდით, რომ სილოვანი და ზაქარია მარხვის შემნახველნი არიანო... ამის შემდგომ, შვილო ჩემო, იმარხულე ფარულად.
რა ჟამს იმარხვიდე... არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად, და მამამან შენმა , რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად" ( მთ. 6, 17-18).
წყარო: postalioni.com, მარიამ მახნიაშვილი