სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას ყველა პრობლემასთან გამკლავება მოუწევს.
მინისტრმა ფეხბურთის ფედერაციაში არსებულ მენეჯმენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ბევრი პრობლემა არსებობს.
„წლების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ბიუჯეტი და ციფრები ხელმიუწვდომელი იყო. სანაცვლოდ ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული მენეჯმენტთა ჯგუფი, რომელიც ახორციელებდა ფედერაციის მართვას და არანაირი ვალი არ ჰქონდათ. უეფას წარმომადგენლობამაც დაინახა, თუ რამდენად გაუმართავი იყო იურიდიულად მათი ადმინისტრაცია, თუ რამდენად არღვევდა უეფას წესებს. ვწუხვარ, რომ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველოდება, როდესაც მენეჯმენტი შეიცვლება. ახალ მენეჯმენტს მოუწევს ყველა პრობლემასთან გამკლავება, რაც ქართულ ფეხბურთში დახვდა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი გუნდი თავს ღირსებულად გაართმევს. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით, რათა ფეხბურთმა ნელ-ნელა დაიწყოს იმ კრიზისიდან გამოსვლა, რაც დღეს არის. მონიტორინგი აუცილებელია, რათა გაირკვეს, თუ რატომ ეპოტინებოდნენ და ცდილობდნენ აღმასკომის წევრები და ძველი ხელმძღვანელობა ყველა წესის დარღვევით შეენარჩუნებინათ თანამდებობა", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.