მალაიზიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 41 მედალი მოიპოვეს - მსოფლიოს 37-ე ჩემპიონატს 26 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მალაიზიის დედაქალაქმა კუალა-ლუმპურმა უმასპინძლა. შეჯიბრებები სასტუმრო „ბერჯაია ტაიმს სქუერში" ჩატარდა.
ქართველი სპორტსმენები 18 და 21-წლამდელებში, ვეტერანებში და უფროსთა შორის ასპარეზობდნენ. საერთო ჯამში მათ 41 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 13 ოქროსი!
ეროვნულმა გუნდმა 4 ოქროს, 6 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიგო; 21-წლამდელების აქტივში 5 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა, ხოლო 18-წლამდელთა მონაგარი 4 ოქროს და 9 ვერცხლის მედალია. ვეტერანთა ანგარიშზე ერთი ვერცხლია.
შეგახსენებთ: 1-7 ივნისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა, 21 და 18-წლამდელთა ნაკრებმა 33 მედალი მოიგო: 8 ოქრო, 16 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.