reportiori.ge - მოყვარული მომღერლები – რომელთა მიერ შესრულებულ სიმღერას youtube-ზე ათიათასობით მნახველი ჰყავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:25
ინტერვიუ
მოყვარული მომღერლები – რომელთა მიერ შესრულებულ სიმღერას youtube-ზე ათიათასობით მნახველი ჰყავს
06 ოქტომბერი, 2015. 17:07


ინტერნეტ-პორტალ „YOUTUBE-ზე" ხუთი წლის წინ, ლაშა იანვარაშვილისა და გვანცა სირაძის შესრულებული სიმღერის ვიდეო გავრცელდა. ეს სიმღერა არჩილ სულაკაურის ლექსზე „მხოლოდ ერთხელ" შეიქმნა. ახალგაზრდების ვიდეოს ათიათასობით ნახვა აქვს. მათ ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურეს, რასაც კომენტარებიდანაც ვიგებთ. „რეპორტიორმა" გადაწყვიტა, ლაშა და გვანცა საზოგადოებას უფრო ახლოს გააცნოს.


გვანცა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ახლა ვამთავრებ. ჩემი პროფესიით ვმუშაობ. დაოჯახებული ვარ და მალე პატარასაც ველოდები.

 

ლაშა: „სეუ"-ში ბიზნეს-ადმინისტრირებაზე ვსწავლობ და ამავე განხრით ვმუშაობ.


- თქვენს ვიდეოს, სადაც დუეტში ძველ ქართულ სიმღერას ასრულებთ, საკმაოდ დიდი მოწონება აქვს... რამდენად ელოდით ხალხისგან ასეთ გამოხმაურებას?

 

გვანცა: ეს ვიდეო „YOUTUBE"-ზე დასადებად არ გადაგვიღია. ლაშა ჩემი ბავშვობის მეგობარია და შევთავაზე, რომელიმე სიმღერა ბოლო ზარისთვის ერთად შეგვესრულებინა. ჩემთან სახლში ვმეცადინეობდით და ვიდეო ჩემმა დამ გადაიღო. შემდეგ ჩემს მეგობარს აუტვირთავს. მერე მანახეს, რომ ვიდეო „youtube-ზე" იყო დადებული... გაოგნებული დავრჩი, ხალხის ასეთი მოწონება რომ დაიმსახურა. ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი... ჩემი ნებით არ დავდებდი ამ ვიდეოს.

 

ლაშა: ეს სიმღერა მოყვარულის დონეზე იყო შესრულებული, არც მე ველოდი ხალხის ასეთ გამოხმაურებას.

 

- გაქვთ რაიმე მუსიკალური განათლება?

 

გვანცა: ამ მხრივ განათლება არსად მიმიღია, არც არასდროს მოვმზადებულვარ სადმე. ერთ-ერთი კონკურსისთვის სოფო ბედია მეხმარებოდა გარკვეული ხანი. 2011 წელს თურქეთში, სტამბოლში ბავშვთა ფესტივალი იმართებოდა, საქართველოს სახელით გავედი და გავიმარჯვე. სოფოსთან ერთად ვიყავი წასული. რუსა მორჩილაძის ერთ-ერთი სიმღერა შევასრულე და აუდიტორია ჩემს ნამღერზე ატირდა. მახსოვს, ჟურნალშიც ეწერა - ქართველმა გოგომ თურქები აატირაო. ძალიან მიხაროდა ეს ყველაფერი. საოცარი წელი იყო ის ჩემთვის, თან ამ ფესტივალით, ქართველ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც ვეხმარებოდით, ისინიც იყვნენ წამოსულები. ეს მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი არ იყო, სხვადასხვა წარმოდგენები იმართებოდა, სადაც თავად ეს ბავშვებიც მონაწილეობდნენ.


ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარს მიჭერდა, რომ სიმღერას გავყოლოდი, განსაკუთრებით მამაჩემი. ერთხელ თამრიკო ჭოხონელიძესთან მიმიყვანა, „იავნანა" ვიმღერე, მომისმინა, შემაფასა და მითხრა, მივსულიყავი, მაგრამ რატომღაც აღარ მივედი... ახლა მამა ჩემს პატარა დას გულშემატკივრობს, ისიც მღერის; მე მასთან შედარებით მართლა მოყვარული ვარ. სულ შრომობს, რომ რაღაცას მიაღწიოს... ზოჯერ არ უფასდება, მაგრამ მაინც არ ნებდება...


ზოგადად, ყველა ჟანრი მიყვარს, განსაკუთრებულად მაინც ქართული სიმღერის შესრულება. მიცდია გალობაც, მაინტერესებდა, რამდენად გამომივიდოდა, ვცადე და გამომივიდა.


ლაშა: ბავშვობაში ერთი წელი პიონერთა სასახლეში, თემურ ქევხიშვილთან დავდიოდი. გიტარაზე ვუკრავ, ხუთწლედი დავამთავრე. მერე გიტარაზე ოდნავ გული ავიცრუე... ძირითადად კლასიკას ვსწავლობდი, ჩემითაც ვაწყობდი რაღაცეებს. ასევე ფანდურზე ვუკრავ. მიმღერია ანსამბლში, ძირითადად ქართული ხალხური სიმღერები... კონცერტებშიც მიმიღია მონაწილეობა. კონსერვატორიაშიც გამოვსულვარ, მთაში, ჩარგალში კონცერტებზე ფანდურით... უნივერსიტეტებში  ფშავურ საღამოებზე, საქველმოქმედო კონცერტებშიც მიმიღია მონაწილეობა.


ჩემს ოჯახსაც სურდა, რომ მომღერალი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემგან ინიციატივა არ წამოსულა... სურვილი არ მქონდა, ამ გზას გავყოლოდი.


ხევსურული, ფშავური სიმღერები ვისაც მოსწონდა, ბევრს ვასწავლე. ვინც დაინტერესებული იყო, ისინი გამხდარან პოპულარულები, წარმატებულები... ბიძაჩემი სულ მეუბნება, შეხედე მათ, შენ რატომ არ მოინდომეო.. არ ვიცი, უბრალოდ არ მოვინდომე.... მხოლოდ მეგობრების წრეში, მოყვარულის დონეზე ვუკრავ და ვმღერი.


- ხომ არ გიცდიათ, რომელიმე მუსიკალურ კონკურსში მიგეღოთ მონაწილეობა?

 

გვანცა: საქართველოში არა... სამწუხაროდ, კონკურსების მხრივ ჩვენი ქვეყანა ოდნავ ჩამორჩება. საქართველოში და საზღვარგარეთ გამართულ პროექტებს შორის ყოველთვის შედარებას ვაკეთებ. ვფიქრობ, იქ უფრო აფასებენ ადამიანის ნიჭს, ვიდრე ჩვენთან... თუ მაგალითად, ცნობილი პედაგოგის მოსწავლე ხარ, მაგალითად რუსა მორჩილაძის, აუცილებლად აგიყვანენ... მგონია, რომ პროექტები იმისთვის არის, განავითარო სმენა, ხმა, უფრო მეტად დაიხვეწო, სამწუხაროდ, ამას მნიშვნელობა ყოველთვის არ ექცევა.


ლაშა: მეგობრებს არაერთხელ ურჩევიათ, რომ სადმე გავსულიყავი, მაგრამ სურვილი არც მე მქონია არასდროს. სიმღერას კვლავ მოყვარულის დონეზე გავაგრძელებ.  


- როცა ნიჭი გაქვს, თუნდაც სიმღერის, რთულია, არ იბრძოლო მის განსავითარებლად...

 

გვანცა: მომღერლობა ბავშვობაში მინდოდა, მაგრამ რაღაცეები რომ აღმოვაჩინე, რისი დაკონკრეტებაც არ მსურს, უარი ვთქვი, ამ გზას გავყოლოდი. ამ ვიდეოს შემდეგ გარკვეული შემოთავაზებებიც იყო, მაგრამ ინიციატივა აღარ გამოვიჩინე.


- მსგავსი ვიდეოებით მაინც არ აპირებთ, ის ხალხი ასიამოვნოთ, ვისაც თქვენი ნამღერი მოსწონს?

 

ლაშა: ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მსგავსი ვიდეოების დადებას, რადგან მე მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვმღერი, არც ხალხისთვის განმისაზღვრავს... შეიძლება ვიმღეროთ კიდეც, არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია...


გვანცა: ამაზე მიფიქრია... არ ვიცი, შეიძლება ასეც მოხდეს, თუ ლაშა არ იქნება წინააღმდეგი... რომ გითხრათ, საოცრად ვმღერი იმ ვიდეოში-მეთქი, ასე ნამდვილად არაა, ამაზე უკეთესადაც შემიძლია. უბრალოდ, იქ ჩვენთვის ტკბილად, შინაურულად ვმღერით, ძალიან საყვარელ და საოცარ სიმღერას. სხვათაშორის, ქუჩაში ბევრჯერ უთქვამთ, შენ ის გოგო არ ხარ „ჟღალი მიმინო"..., რა თქმა უნდა, სასიამოვნოა მსგავსი ფაქტები. თუნდაც სალომე ტეტიაშვილი ვიდეოებით გახდა პოპულარული, რატომაც არა... სასიამოვნოა პოპულარობაც, მაგრამ მერე?.. რა ხდება ამის შემდეგ? არც არაფერი...

 

- რა აზრის ხართ თანამედროვე ქართულ მუსიკაზე, თქვენი აზრით, რატომ არის ეს სფერო ნაკლებად განვითარებული?

 

გვანცა: გარდა იმისა, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ არის ამ სფეროს განვითარებისთვის, მგონია, რომ რაღაც სიახლეა საჭირო... „საქართველოს ვარსკვლავი", „VOICE", და ა.შ... საოცარი პროექტებია, მაგრამ დროებითი... მასში მონაწილე ნიჭიერი მომღერლები მხოლოდ ერთი წელი შეიძლება იყვნენ პოპულარულები, მაგალითად თორნიკე ყიფიანი, ნინა სუბლატი, შემდეგ განვითარება ვეღარ ხდება და პოპულარობა კლებულობს.

 

ლაშა: გარკვეულწილად მომღერლების ბრალიც არის ეს ყველაფერი, რადგან თავადაც არ ცდილობენ განვითარებას და ერთ ადგილზე ყოფნით კმაყოფილდებიან. მითუმეტეს, ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუნდაც კლიპების გადაღება, რისი საშუალებაც ახალგაზრდებს ხშირად არ აქვთ.


გვანცა: სამწუხაროდ, პროექტებშიც ისე ხდება, რომ ადამიანის საწყის ნიჭს გასაქანს არ აძლევენ... შემდგარ მომღერლებს ითხოვენ... ზოგადად, თუ შემდგარი ვარ, საქართველოში არ ვიმღერებ... უფრო ფართო მასშტაბებზე გავალ... არ გამოვალ ისეთ პროექტებში, ნინო ჩხეიძე და ანრი ჯოხაძე რომ აფასებენ. ჩემთვის ისინი არ არიან სამაგალითო მომღერლები...


ცუდია ისიც, რომ უსასყიდლოდაც არავინ გეხმარება. მაგალითად, მე რომ ვიღაც გვერდში დამდგომოდა, ალბათ, სურვილიც გამიჩნდებოდა, ამ გზას გავყოლოდი... ერთმა პედაგოგმა მითხრა, თვეში 700 ლარი გადამიხადეო, მის ვინაობას ვერ დავასახელებ, ძალიან მეწყინა და ამანაც იქონია გავლენა, რომ საერთოდ დამენებებინა ფიქრი მომღერლობაზე.


ზოგადად, ჩვენი თაობა მართლა ძალიან ნიჭიერი და განათლებულია, მაგრამ საწუხაროდ, მფარველი თუ არ გყავს, ნიჭს რეალიზების საშუალება არ ეძლევა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ვინც შემდგარ მომღერლად ითვლება, საკმარისი შესაძლებლობებით, მათ ჰგონიათ, რომ ობიექტურად აფასებენ ახალბედა მომღერლებს, რეალურად კი ის ახალბედა შეიძლება უფრო კომპეტენტურიც იყოს, ნიჭიერიც... უბრალოდ, მათ ნაკლები შესაძლებლობა მიეცათ ცხოვრებაში...


ლაშა: მომღერლები სხვა ქვეყნებში კარიერის გასაგრძელებლად ხშირად იმიტომაც მიდიან, რომ მხარდაჭერას ვერ გრძნობენ სამშობლოში. შესაბამისად, საკუთარი თავის განვითარების შანსს ვერ ხედავენ.


- ქართველ მსმენელს როგორ შეაფასებდით?


გვანცა: ჩემი ვიდეოს მაგალითი რომ ავიღოთ, კომენტარებს როდესაც ვკითხულობდი, დიდი მოწონება დავიმსახურეთ, მაგრამ იყო ნეგატიური კომენტარებიც... ერთზე განსაკუთრებით გავბრაზდი - ეს გოგო რა მოსაწონია, ქართველი ქალის სილამაზე გრძელი თმა არის და კაბა უნდა ეცვას, ამ გოგოს კი მოკლე თმა აქვს და შარვალი აცვიაო... გამაბრაზა მისმა არაადეკვატურობამ. რა შუაშია იყო თმა და კაბა. მგონია, რაც უფრო უჩინარი, ხარ მით უფრო ობიექტურად გაფასებენ... თავდაპირველად კი გავბრაზდი, მაგრამ მივხვდი, რომ რაც არ უნდა ისაუბრო, ხალხი ყოველთვის გაგაკრიტიკებს ან შეგაქებს, და ამაზე ნერვიულობა არ ღირს.


ლაშა: მოკლედ, საქართველოში თუ ვიდეოში არ ჩანხარ და მღერი, მაშინ ხმას აფასებენ და თუ ვიდეოში ჩანხარ, მხოლოდ ვიზუალს უყურებენ, ჩაცმულობიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერს... ხმას ყურადღებას აღარ აქცევენ. ის დამოკიდებულებაც არის, რომ გვანცას უმეტესად გოგოები აკრიტიკებენ, „რა მოსაწონია ეს გოგო“ და ა.შ... ბიჭების მხრიდან უფრო პოზიტიური დამოკიდებულება მოდის, ასეც ხდება...


- რას ეტყოდით იმ ხალხს, ვისაც თქვენს მიერ შესრულებული სიმღერა მოეწონა და თბილი სიტყვა არ დაიშურა თქვენთვის?

 

გვანცა: უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი მათ და იმ ადამიანებსაც, ვისაც არ მოეწონა და ეს კომენტარებითაც გამოხატეს... კრიტიკა აუცილებელია, რათა შეცდომები გამოასწორო, საკუთარ თავზე იმუშაო... არ უნდა გეწყინოს. ის ადამიანები სტიმულს გაძლევენ, რომ უფრო მეტი გააკეთო და შემდეგში საკუთარი შესაძლებლობები უკეთ წარმოაჩინო. როცა დრო მაქვს, ვკითხულობ, ვინ რა დაწერა ვიდეოს კომენტარებში, სასიამოვნოა ტკბილი სიტყვები... ვნახოთ... მეც და ლაშამაც ერთ დღეს შეიძლება, ისევ მოყვარულის დონეზე, უფრო კარგი ვიდეო დავდოთ...


ლაშა: დიდ მადლობას ვუხდი მათ, ვინც ობიექტურად შეგვაფასა. დიდი მადლობა კრიტიკისთვისაც, ეს საჭიროა... მომღერლობას ფართო მასშტაბებით არ ვაპირებ, თუ მოვისურვებ, მხოლოდ მსგავსი ვიდეოებით შეიძლება შემოვიფარგლო...

 

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016