„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილ „პელეს თასზე" ოთხთა ტურნირის გამართვასთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს განცხადებით მიმართავს. აღნიშნული განცხადება სპორტის სამინისტროს უკვე გადაეცა.
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან ა/წ 11 აგვისტოს (#60234) თქვენს სამინისტროს განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე მიმართული „არგენტინის სახლის" ა/წ 18 ივნისის #1-8 წერილი რომელშიც ერთ-ერთი საკითხი ეხება საქართველოში ფეხბურთის განვითარების მიზნით, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი - „პელეს თასზე" ოთხთა ტურნირის გამართვას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს (21 წლამდე) ახალგაზრდული ნაკრები გუნდები.
ა/წ 7 სექტემბერს, არგენტინის სახლის მიერ (წერილის #1-19) საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეცნობა ოთხთა ტურნირის ნაცვლად, ექვსთა ტურნირის გამართვის შესაძლებლობების შესახებ და მასში პარაგვაისა და საქართველოს მეზობელი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრები გუნდებისა და ტურნირის საზეიმო გახსნაში, - ქ.სოხუმიდან აფხაზეთის ხალხური ცეკვის ანსამბლის მოწვევის თაობაზე- ბ-ნ კანდიდ თარბას ხელმძღვანელობით.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ შარშან, 2014 წლის 11 თებერვალს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა ბ-ნმა კახი კალაძემ განაცხადა: „ვფიქრობ, რომ ტურნირის გამართვაში თანამშრომლობაზე სახელმწიფოს პასუხი დადებითი იქნება, რადგან მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში მსგავსი ღონისძიების გამართვა ფეხბურთის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია". (სტილი დაცულია)
მოგეხსენებათ, ზემოაღნიშნული ტურნირის ჩატარების ვადებია ა/წ 26 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე და საქართველოს უნდა ეწვიოს ედსონ არანტეს დო ნასიმენტო- პელე. მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, ა.წ. 11 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან თქვენს სამინისტროში გადმოგზავნილი „არგენტინის სახლი საქართველოში" (#60234) წერილი, დღეის ჩათვლით, რეაგირების გარეშეა და საქმის კურსში არ არის არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!
გთხოვთ, აღნიშნული წერილი დროულად განიხილოთ და თქვენთვის ჩვეული გულისხმიერებით მიუდგებით არა მარტო ქართული ფეხბურთისთვის მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარების საქმეს.
პატივისცემით, „არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი", - ნათქვამია განცხადებაში.