reportiori.ge - თამაზ მეჭიაური: „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში და ცდილობს არიოს სიტუაცია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:28
ინტერვიუ
თამაზ მეჭიაური: „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში და ცდილობს არიოს სიტუაცია!
ავტორი:
09 ოქტომბერი, 2015. 16:27


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური „რეპორტიორთან" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.


- ბატონო თამაზ, „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ხედავთ თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საჭიროებას?


- მიმაჩნდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ალბათ 6 თვის გასვლის შემდეგაც კი უნდა ჩატარებულიყო. რადგან ეს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, აბსოლუტურად არ ასახავდა ძალთა იმ თანაფარდობას, რომელიც რეალურად არსებობდა ქვეყანაში. კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გაცილებით მეტი მანდატი, ვიდრე მისი მიღებული ხმები გახლდათ. უბრალოდ, იმ პერიოდში, დღევანდელმა მმართველმა ძალამ საერთაშორისო ორგანიზაციების აზრის გათვალისწინებით, საჭიროდ არ ჩათვალა სიღრმეებში ჩასვლა, მშვიდობიანი გზით ხელისუფლების ჩაბარება არჩია და „ნაციონალურ მოძრაობას" დაუტოვეს საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა პარლამენტში. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი მაშინ აქტუალური იყო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რა შემთხვევაში და რა მექანიზმით შეიძლება ამის გაკეთება, საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და რაც დრო გადის, უფრო და უფრო რთული ხდება ამის გაკეთება.


რამდენიმე მიზეზი უნდა არსებობდეს, რის გამოც შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუნდაც ახალი ბიუჯეტის განხილვა. რომ ჩავარდეს ბიუჯეტი, ვერ შეძლოს პარლამენტმა მისი დამტკიცება, ეს ერთ-ერთი მიზეზი იქნება. თუმცა, აქაც ბოლო სიტყვა ეკუთვნის პრეზიდენტს, რომელსაც შეუძლია, დაითხოვოს ან მთავრობა, ან პარლამენტი. ჩვენ ჯერ არ ვიცით თავად პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე - არის თუ არა მოტივირებული, რომ მართლაც ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ ეს ასეა, მაშინ მანაც უნდა შემოგვთავაზოს ის მოდელი, როგორ წარმოუდგენია ამის გაკეთება. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტი ძალიან ახლო იდეურ თანხვედრაშია „ნაციონალურ მოძრაობასთან", ალბათ, მას ნაფიქრი უნდა ჰქონდეს უკვე ამაზე.


უფრო მგონია, რომ ეს ყველაფერი პიარის ნაწილია. ძალიან კარგად ესმის „ნაციონალურ მოძრაობას", რომ მისი რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. ზოგი გვეტყვის, რომ ჩვენი რეიტინგიც ეცემა. ასეც რომ იყოს, ჩვენგან განაწყენებული ამომრჩეველი მათთან არ მიდის, ის მიდის უფრო რადიკალურ ძალასთან. რადგან, ჩვენზე განაწყენებული თუა ვინმე, განაწყენებულია სამართლიანობის აღდგენის არასაკმარისი ტემპისთვის. აქედან გამომდინარე, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და რაც დრო გადის, მათი რეიტინგი კიდევ და კიდევ ეცემა. ისინი ცდილობენ, სხვადასხვა მეთოდით არიონ სიტუაცია, რადგან თეორიულად, მხოლოდ არეულ სიტუაციაში შეუძლიათ, არჩევნების გარეშე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.


ასე რომ, ვერ ვხედავ შანსს, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.


- როგორ შეაფასებთ ლარის კურსის გარშემო არსებულ პროცესს და რა პროგნოზები გაქვთ სამომავლოდ?


- ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზებისგან დიდი ხანია თავს ვიკავებ.  საჭირო იყო, რომ დამოუკიდებელ და ნდობით აღჭურვილ ორგანოს ჰქონოდა წვდომა ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც იწვევს ლარის კურსის ცვლილებებს. ამიტომ შეიქმნა ზედამხედველობის სააგენტო და რადგან ახლა მიმდინარეობს გადაბარების პროცესი, თავად არ მივცემ თავს უფლებას, ღრმად შევიდე მათ ფუნქციებში და დაველოდები მათ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. პრემიერის მოწოდებაა, რომ პოლიტიკოსები ნაკლებად ჩაერიონ თავიანთი პროგნოზებით ამ საკითხში, რათა პროცესებს ხელი არ შეეშალოს. ამიტომ თავს ვიკავებ ზედმეტი შეფასებებისგან. კურსი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, თუმცა შედარებით მაინც დასტაბილურდა. დაველოდები მოვლენების განვითარებას. თუ დავინახავ, რომ მოვლენები კვლავ არაადეკვატური იქნება, რა თქმა უნდა, არ მოვერიდები არცერთ მხარეს.


- 2016 წლის ბიუჯეტზეც გკითხავთ. შესაძლებელია თუ არა დღეს არსებული რესურსებით 2016 წელს პენსიის გაზრდა?


- 3-4 დღის წინ გვქონდა ძირითადი პარამეტრების მოსმენა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, კომიტეტზე. ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავიდეთ რეგიონებში ე.წ. სამხარეო სტრუქტურების მიხედვით, შევხვდეთ მუნიციპალიტეტებს და მათთან განვიხილოთ თითოეული დეტალი. რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებენ ფინანსთა სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებების ხელმძღვანელებიც. პარალელურად მიმდინარეობს საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში. ყველა ინფორმაცია, წინადადება, შენიშვნა თავს მოიყრის ჩვენთან. 20 ოქტომბერს ჩავატარებთ შემაჯამებელ საკომიტეტო მოსმენას და იქ უკვე გვექნება საშუალება, შეფასებები გავაკეთოთ.


ახლა არის რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კრიზისის ფონზე, მეტისმეტად სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი დააქცევს ეკონომიკას. მეორე მხარე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალურად ორიენტირებული უნდა იყოს. ერთი მეორესთან შეუთავსებელია. უნდა მოვისმინოთ ყველა არგუმენტი და შემდეგ ჩამოვყალიბდებით. პენსიის ზრდა რომ კარგია, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ არ მინდა, ცრუ მოლოდინი გავუჩინოთ ვინმეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ ბიუჯეტზე, რომელიც გვაქვს. ეს რომ გავაკეთოთ, უნდა ამოვიღოთ გარკვეული თანხა საიდანღაც და მოვაკლოთ რომელიმე რგოლს. რას გამოიწვევს ეს ყველაფერი, ჯერ არ ვიცით. დავუშვათ, ჯანდაცვიდან რომ ავიღოთ და წამოვიღოთ თანხა პენსიებში, რას გამოიწვევს ეს ხომ უნდა ვიცოდეთ.


პენსიებისთვის გამოყოფილი თანხის საერთო სიდიდე დაახლოებით 7-8 %-ით გაიზარდა, მაგრამ პენსიები არ გაზრდილა. რამ გამოიწვია ეს? თავად პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა 40 000-ით, რადგან წინა პერიოდთან შედარებით გარდაცვალება შემცირდა 40 000-ით. ეს ზუსტად იმ ჯანდაცვის პროგრამის დამსახურებაა, რომელიც ჩვენ გვაქვს. როდესაც ადამიანს უბრალო გამოკვლევის თანხაც კი არ ჰქონდა, შესაძლოა, ძალიან მარტივად მორჩენად დაავადებას შეეწირა მისი სიცოცხლე. ახლა ასე აღარ არის. მედიცინაში დაბანდებულმა თანხებმა  გამოიწვია ეს შედეგი და ფაქტობრივად გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამან კი მეტი ფინანსები და მეტი რაოდენობის პენსია მოითხოვა. რა თქმა უნდა, გაიზარდა პენსიებისთვის გამოყოფილი თანხა, მაგრამ ერთ კაცზე იგივე დარჩა. ახლა თუ პენსიას გავზრდით - ან ეკონომიკას უნდა მოვაკლოთ, ან ჯანდაცვას. ჯანდაცვას რომ მოვაკლოთ, ხვალ შესაძლოა, პენსიონერთა რიცხვი ისევ შემცირდეს. ამიტომ ყველაფერი კარგად არის გასათვლელი. მსჯელობის პროცესში წინასწარ რამის თქმა რთულია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016