reportiori.ge - დიმიტრი ხუნდაძე: ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა ნაჩქარევი განცხადება, როდესაც თქვა, რომ 2016 წელს პენსიები არ გაიზრდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:30
ინტერვიუ
დიმიტრი ხუნდაძე: ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა ნაჩქარევი განცხადება, როდესაც თქვა, რომ 2016 წელს პენსიები არ გაიზრდება
ავტორი:
09 ოქტომბერი, 2015. 19:00


„მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი", - აცხადებს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და „რეპორტიორთან" ინტერვიუში ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე საუბრობს.


ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე:


- ჩვენმა ოპონენტებმა დაამკვიდრეს ტერმინი, თითქოს 10 ლარით მოხდა პენსიის ზრდა. მინდა, განვმარტო, რომ 2012 წლიდან 2015 წლის ჩათვლით 400 მლნ-ით გაიზარდა საპენსიო გასაცემელი და ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, რომ მხოლოდ 10 ლარით გაიზარდა პენსია. 10 ლარით გაიზარდა პენსია მესამედ. თავდაპირველად იყო 110-125 ლარი, ასაკის მიხედვით. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის კი პენსია იყო 100 ლარი. შშმ პირების 100-ლარიანი პენსია გაიზარდა 160 ლარამდე. შშმ ბავშვებისთვის 100-ლარიანი პენსია ასევე გახდა 160 ლარი. 110 ლარი პენსია ვისაც ჰქონდა, ანუ 65-67 წლის პენსიონერებს, აქვთ დღეს 160 ლარი პენსია. ასევე, ვისაც ჰქონდა 125 ლარი პენსია, გაუხდა 160 ლარი. არსად არ არის 10-ლარიანი მატება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს უზრუნველ სიბერეს თითოეული ხანდაზმულისათვის, მაგრამ ყველაფერი დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ რესურსებთან.


ასევე სოციალურად დაუცველთათვის არსებობს დამატებითი შემწეობები. სოციალურად დაუცველი პენსიონერისათვის ეს შემწეობა, ერთად აღებული, არის 160+60 ლარი. არც ეს არის საკმარისი, მაგრამ აქაც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები.

 

- ფიქრობთ, რომ 2016 წლის ბიუჯეტი პენსიის გაზრდის საშუალებას იძლევა?


- ჩვენს ქვეყანაში არის დაახლოებით 800 000 პენსიონერი, ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი. ეს საკითხი გარკეულწილად საყურადღებოა, რადგან არ ბალანსდება შობადობით. ჩვენს ქვეყანაში შობადობა არის საკმაოდ დაბალი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრად მაღალი იყო შობადობა, ვიდრე დღეს არის. თუმცა, აქაც შეინიშნება გარკვეული დადებითი დინამიკა 2012 წლის შემდეგ. გაერო-ს აღიარებით, 2014 წლის მეორე ნახევრის მონაცემებით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი მაღალი შობადობის ქვეყნად ითვლება. დადებითი დინამიკაა, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.


რაც შეეხება პენსიას - პირდაპირი გაგებითაც, ეს არ არის პენსია, ეს არის შემწეობა. პენსია რეალურად იქნება მაშინ, როდესაც გადავალთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე.


ვფიქრობ, იმ რესურსით, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია, შეიძლება მოძებნა და უნდა მოიძებნოს რესურსი, რომ მომავალ წელსაც მოხდეს პენსიების ზრდა. მიმდინარეობს ამ საკითხზე კონსულტაციები. ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა ნაჩქარევი განცხადება, როდესაც თქვა, რომ 2016 წელს პენსიები არ გაიზრდება. აღნიშნული საკითხი პარლამენტში, ყველა კომიტეტში ჯერ არ განხილულა. ამიტომ, ჯერ ასეთი განცხადების გაკეთება არასწორად მიმაჩნია. რამეთუ, პრაქტიკაც გვაქვს, რომ კომიტეტებში როდესაც შემოდის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, ხდება შენიშვნების მიწოდება და კორექტირება. ვფიქრობ, შეიძლება ამ რესურსის მოძებნა. ეკონომიკური მაჩვენებლები არ გვაძლევს საშუალებას, რომ ეს იყოს დიდი განაცხადი. მაგრამ, ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია უკვე შეინიშნება, ქვეყანას წინა წელთან შედარებით 1 %-ით ნაკლები ვალი აქვს გადასახდელი, 10-მილიარდიან ბიუჯეტში შეიძლება მოინახოს რესურსი, რომ ჩვენს პენსიონერებს შევუმსუბუქოთ ყოფითი მდგომარეობა. ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალი.


- „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებზეც რომ ვისაუბროთ. როდიდან შევა ძალაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პენსიონერები საჯარო სამსახურიდან ასაკის გამო აღარ გათავისუფლდებიან?


- 108-ე მუხლიდან ამოვიღეთ საჯარო სამსახურიდან ასაკის გამო მოხელის გათავისუფლების ნორმა. მიმაჩნია, რომ მხოლოდ საპენსიო ასაკის გამო საჯარო მოხელე სამსახურიდან არ უნდა თავისუფლდებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ მოხელე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც ისევე კვალიფიციურად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, როგორც მანამდე, ასაკი არ უნდა გახდეს სამსახურიდან გათავისუფლების განმსაზღვრელი.


2013 წლის 20 აგვისტოდან დღემდე პენსიონერები საჯარო სამსახურიდან მხოლოდ ასაკის გამო აღარ თავისუფლდებიან. მაგრამ, „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში, რომელიც 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს, ეს ნორმა ისევ გაჩნდა, რომ ასაკის გამო შესაძლოა პენსიონერები გათავისუფლებულიყვნენ სამსახურებიდან. კომიტეტის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს ნორმა ამოღებულიყო. მთავრობა დაეთანხმა ამას და ისევე როგორც დღეს, არც მომავალში პენსიონერები ასაკის გამო სამსახურიდან აღარ გათავისუფლდებიან.


- ტუბერკულოზის მკურნალობა სავალდებულო ხდება. რომ განგვიმარტოთ, რატომ დადგა საჭირო აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენება და რა მეთოდებით განხორციელდება პაციენტების მკურნალობა?


- სახელმწიფო აგრძელებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ეს არის სწორად განსაზღვრული პრიორიტეტი, რადგან ქვეყანაში არის დემოგრაფიული პრობლემები. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. არ გადავაჭარბებ, თუ ამ თემატიკას პირდაპირ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დავაკავშირებ.


ქვეყანაში ტუბერკულოზის გავრცელების კუთხით პრობლემაა, რადგან საქართველო ტუბერკულოზის მაღალი გავრცელების ქვეყანად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ ტუბერკულოზის შემთხვევები ქვეყანაში შემცირდა, საქართველო ამ კუთხით მაინც ითვლება მაღალი ტვირთის ქვეყანად. საგანგაშო და საფრთხის შემცველია შემდეგი ფაქტორი, რომ 2012 წლის შემდეგ წამალმდგრადი ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შეწყვეტის მაჩვენებელმა მოიმატა. 2012 წლის შემდეგ 12 %-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვინც უარს აცხადებს მკურნალობაზე. ეს განპირობებულია სოციალური და მენტალური ფაქტორებით. მაგრამ ეს ადამიანები საფრთხეში აყენებენ თავის თავს და წარმოადგენენ საფრთხეს გარშემომყოფთათვის.


ამიტომ შემოვიტანეთ „ტუბერკულოზის შესახებ კანონი", რომელიც მანამდე არ არსებობდა. ამ კანონზე ვმუშაობთ ერთი წელია. ეს არის საბაზისო დოკუმენტი, რომელმაც ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა უნდა აღმოფხვრას.


პაციენტს, რომელიც წყვეტს მკურნალობას, რამდენჯერმე შესთავაზებენ მკურნალობას, რომლის საფასურსაც სახელმწიფო გადაიხდის. პაციენტს ყველა პირობა შეექმნება, რომ მკურნალობა ჩაიტაროს. მაგრამ, თუ იგი არ უფრთხილდება საკუთარ ჯანმრთელობას და არ ადარდებს გარშემომყოფთა რისკის ქვეშ დაყენება, მკურნალობის პროცესი წარიმართება მისი ნების გარეშე. არავინ უნდა გაიგოს, რომ ეს იქნება ძალადობრივი მეთოდები. ეს მექანიზმიც იქნება გაწერილი. აღსრულებას შეასრულებენ შესაბამისი სტრუქტურები. იუსტიციის სამინისტრო აიღებს ამ ვალდებულებას და ცივილიზეული ფორმებით იქნება დაცული ასეთი პაციენტების უფლებები და ამით დაცული იქნება საზოგადოებაც.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016