reportiori.ge - გია დვალი: ადრონული თერაპია ანადგურებს კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 13:00
პრეს-დაიჯესტი
გია დვალი: ადრონული თერაპია ანადგურებს კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად
ავტორი:
12 ოქტომბერი, 2015. 11:39


მეცნიერი გია დვალი, რომელიც ჯგუფთან ერთად საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ პროექტზე მუშაობას იწყებს, „ნეტგაზეთთან" საუბარში განმარტავს, თუ რას ნიშნავს ადრონული თერაპია და როგორ განხორციელდება ეს საქართველოში.


„სიმსივნის ადრონული თერაპია,  ეს არის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე  დაფუძნებული თერაპიის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად ანადგურებს კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად. 

 

ეს დარგი ეფუძნება ნაწილაკების ამაჩქარებელზე წარმოებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის კვლევებს, მაგრამ მას ასევე გააჩნია უმნიშვნელოვანესი სამედიცინო გამოყენება. პროექტის იდეაა, რომ საქართველოში შეიქმნას ადრონული თერაპიის კვლევებისთვის აუცილებელი ამაჩქარებელი შესაბამისი ინფრასტრუქტურით და კვლევის ამ მიმართულების გარშემო აეწყოს საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახით, რომელიც ერთგვარი ლოკომოტივის როლს შეასრულებს ზოგადი მეცნიერული და სასწავლო დონის ამაღლებისთვის ქვეყანაში. პროექტი უნიკალურია ასევე იმით, რომ მას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად: 1) სამეცნიერო-კვლევითი 2) საგანმანათლებლო 3) ინტერდისციპლინარული  4) სამედიცინო 5) სოციალური  6) ჰუმანური 7) რეგიონალური.  ეს პროექტი ბუნებრივად შეასრულებდა ერთ-ერთ წამყვან როლს საქართველოს CERN -თან თანამშრომლობაში და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაციაში.

 

რაც შეეხება რეალისტურობას, გასაკვირი არაა, რომ ქვეყნისათვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ურთულესი განსახორციელებელია. იდეამ პროგრამის სახე მიიღო ბიძინა ივანიშვილის აქტიური მონაწილეობით, რომელიც ამას გარდა თავის თავზე იღებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას. თუ ამას დავუმატებთ, რომ არსებობს მეცნიერ ლიდერთა ჯგუფი, აუცილებელი პირობა, რაც პროექტის წარმატებისთვის განმსაზღვრელი რჩება, არის მთავრობის და პარლამენტის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა.

 

პროექტის პრე-კონცეფცია შემუშავდა დოქტორ თემურ ლომთაძესთან ერთად, რომელიც უმაღლესი დონის და უამრავი საერთაშორისო დამსახურების მქონე ექსპერიმენტატორია მაღალი ენერგიების ფიზიკაში. ასევე პროფესორ მარიამ ცაცანაშვილთან ერთად, რომელმაც კონცეფციის იურიდიული კუთხით გამართვა მოახდინა. ასევე, პროექტის გააზრებისთვის გადამწყვეტი იყო და არის ჩვენს შესანიშნავ კოლეგებთან ურთიერთობა საერთაშორისო სამეცნიერო საზოადოებიდან", - ამბობს დვალი.


თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა.


კომისიის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  თანათავმჯდომარე კი - ფიზიკოსი გია დვალი.

 

„კომისიის შემადგენლობაში შედიან: „ქართუ ჯგუფის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, „ქართუ ჯგუფის" წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერიმენტატორი თეიმურაზ ლომთაძე, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი. საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროებში მომუშავე ექსპერტები", - წერია მთავრობის განცხადებაში. 




წყარო: netgazeti.ge, ნინო კახიშვილი 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016