„ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი მტერი ეყოლება, თავისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში", - ამის შესახებ ახალგაზრდა პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე აცხადებს. როგორც მან „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში აღნიშნა, ყოფილი პრემიერის მტრების სიაში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც არიან.
„ამ მტრებს, ბუნებრივია, კონკრეტული ინტერესები ჰქონდეთ ივანიშვილის წინააღმდეგ. ვერ გეტყვით, ეს გეგმები არის თუ არა მის ლიკვიდაციაზე ორიენტირებული, ვერ გამოვრიცხავ ამის შესაძლებლობას, მაგრამ ცხადია, არც არანაირი დოკუმენტი არ მაქვს, რომ ბატონი ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა არსებობს. შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რა მოხდება მისი ლიკვიდაციის შემთხვევაში - ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან მძიმე. ის გახლავთ ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა თავისუფალ ველზე, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, აქვს საკმარისი გავლენა, რომ ქვეყნის მართვის პროცესი წარმართოს. მისი არარსებობის შემთხვევაში, საქართველოში ქაოსი გარდაუვალი იქნება. რადგან სხვა ძალა, რომელიც პოლიტიკურ ძალებს გააერთიანებს, არ არსებობს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი ბათიაშვილმა უკრაინაში ემიგრირებული „ნაციონალების" მიერ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე ინფორმაცია გაახმაურა. როგორც ბათიაშვილმა განაცხადა, მას ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. ის უკვე დაჰკითხა პროკურატურამ.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)