„ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ინტერნეტ-გამოცემა for.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და „რუსთავი 2"-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესს ეხმიანება და ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი გამვლელი არ არის და რაღაცა ისტორია აკავშირებდა ამ ტელეკომპანიასთან, ირჩევს ყველაზე ცივილიზებულ ფორმას და სასამართლოს გზით იწყებს სამართლებრივ დავას.
„ბანდიტური პრინციპით, ქუჩაში ან ტყეში არ იწყებს საქმის მოგვარებას, არამედ ცივილიზებული ფორმით მივიდა სასამართლოში. თურმე, ნუ იტყვით და, ადამიანს, რომელსაც გარკვეული წვლილი აკავშირებდა „რუსთავი 2"-თან, არ შეუძლია, დავა აწარმოოს სასამართლოში! თურმე, ნუ იტყვით და, ამ ტელეკომპანიის დირექტორს, რომელიც იწყევლება უკვე და ლამის ყველაფერი დაიპუტოს, პასუხი არ უნდა გასცე. იცით, მე უკვე ვამჩნევ, რომ ფიზიკურად მთლად ჯანმრთელად ვეღარ უნდა გამოიყურებოდეს ეს კაცი. ბედავს და აქეთ კარნახობს მოსამართლეს, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - აბა, თქვენ იცით, მოსამართლეებო, თუ ისეთ განაჩენს არ დადებთ, როგორიც ჩვენ გვაწყობს, მაშინ ვიტყვით, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა - აი, ასეთ თავხედობას იყვნენ მიჩვეული წლების განმავლობაში. დღეს ეს დაკარგეს და ვერ ეგუებიან ამას", - აცხადებს ინტერნეტ-გამოცემა for.ge-სთან საუბარში ზაზა პაპუაშვილი.
დეპუტატის თქმით, ადამიანებმა, რომლებიც შევარდნენ სხვა ტელევიზიაში, სხვას რა უნდა უთხრან?
„ქიბარ ხალვაში - ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანი სასამართლოში აწარმოებს დავას და წერტილი. დანარჩენი, რა იქნება ფინალი, ვნახოთ სასამართლოს განაჩენი, ეს არის და ეს. „რუსთავი 2" არ არის სიტყვის თავისუფლების ტრიბუნა!" - ამბობს პაპუაშვილი.