„რომაელებს ჰქონდათ გამოთქმა - „MEMENTO MORI" - „გახსოვდეს სიკვდილი!" მე კი ასე ვიტყოდი - „გახსოვდეს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი!"
- სანამ კითხვებს დამისვამდეთ, მინდა, შევუერთდე „ასავალ-დასავალის" მილოცვას ჯანსუღ ჩარკვიანისადმი, რომელიც 84 წლის გახდა. თქვენი გაზეთის წინა ნომერში ბატონი ჯანსუღის შესახებ ძალიან თბილი სარედაქციო წერილი გამოქვეყნდა და მეც მსურს, ჩემი სიყვარული და პატივისცემა დავადასტურო ჩვენი დიდი თანამედროვის მიმართ, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ასოციაცია „კულტურათა დიალოგი - XXI"-ის ხელმძღვანელმა ვალერი ასათიანმა, რომელსაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინტერვიუს ჩასაწერად ვესტუმრეთ.
- ბატონო ვალერი, სულ რამდენიმე დღის წინათ 3 წელი შესრულდა, რაც საქართველოს სათავეში ახალი ხელისუფლება იმყოფება და საინტერესოა, „ქართული ოცნების" საქმიანობას როგორ შეაფასებთ - რა შეძლო და რა ვერ შეძლო ბიძინა ივანიშვილის მიერ მიყვანილმა გუნდმა?
- ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ძალამ 2012 წელს საქართველოში ისტორიული გარდატეხა მოახდინეს, როცა ქვეყანას სისხლიანი და დანაშაულებრივი რეჟიმი მოაშორეს!
დიახ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის წყალობით, ქვეყანაში ჟანგბადი გაჩნდა და ქართველმა ხალხმა ამოისუნთქა, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა, არადა, ქართველი საზოგადოება ახალი ხელისუფლებისაგან ყველაზე მეტად სწორედ ამას ითხოვდა და ელოდა!
„რომაელებს ჰქონდათ გამოთქმა - „MEMENTO MORI" - „გახსოვდეს სიკვდილი!" მე კი ასე ვიტყოდი - „გახსოვდეს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი!"
როგორც ძველი თებე ვერ ისვენებდა, სანამ გამძვინვარებული ჭირისა და ავი სენის მიზეზი - ლაოს მეფის მკვლელი არ გამოვლინდებოდა, ისე საქართველო ვერ დაწყნარდება, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არ გასამართლდება!
- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა იმ სახით, როგორც ამას საქართველოს მოსახლეობა ელოდა?
- ჩვენს ხელისუფლებაში გამოვლენილი ადამიანური სისუსტეების გარდა, სამართლიანობის აღდგენას გარე ფაქტორებმაც შეუშალეს ხელი!
დიახ, „ქართული ოცნება", რომლის აპოლოგეტიც ნამდვილად ვერ ვიქნები, იძულებულია, ანგარიში გაუწიოს და დაემორჩილოს ძალიან ძლიერ საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურას.
და მაინც, ახალმა ხელისუფლებამ მართლაც შეძლო ქვეყანაში ბევრი კარგი რამის გაკეთება, თუმცა, ეს მოსახლეობამდე ისე ვერ მიაქვთ, როგორც საჭიროა, რადგან სახელისუფლო პიარმანქანა გამართულად ვერ მუშაობს.
სამაგიეროდ, „რუსთავი-2"-ის სახით მუშაობს ბოროტების ტელემანქანა, რომელიც წლების განმავლობაში წამლავს და შხამავს საქართველოს მოსახლეობას!
- აქტიურად მიდის ლაპარაკი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ქვეყნის მართვაში კვლავ აქტიურად ჩაერთოს. თქვენი პოზიცია როგორია?
- არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, რადგან მან მკაფიოდ განაცხადა, პოლიტიკა არ არის ის სფერო, რომელშიც თავს კარგად ვგრძნობო.
გულწრფელად ვისურვებდი, რომ ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფოს მართვაში მეტ პროფესიონალიზმს ამჟღავნებდეს და მაღალი კვალიფიკაციისა და ავტორიტეტის მქონე ადამიანებს ეყრდნობოდეს, რისი რესურსიც საქართველოში ნამდვილად არსებობს.
თუნდაც, ერთ მაგალითს გეტყვით - როგორ შეიძლება, ქვეყანაში გყავდეს მინდია უგრეხელიძე და მისი უზარმაზარი ცოდნა, გამოცდილება და ავტორიტეტი სახელმწიფოს მართვაში არ გამოიყენო?!
კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის დასახელება შემიძლია, მაგრამ დაკონკრეტებას აღარ შევუდგები.
ძალიან გამიხარდა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრად კახა კახიშვილი დანიშნეს, რადგან იგი შესანიშნავი პროფესიონალი და საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტის მქონე პიროვნებაა!
- და მაინც, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს?
- ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი სამშობლო უყვარს და ეს მის მიერ გაკეთებულ საქმეებში ჩანს! გადავხედოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღდგენილ ტაძრებს, გადავხედოთ მის მიერ გადარჩენილ ოჯახებს, გადავხედოთ მის ამაგს ქართული ხელოვნებისა თუ მეცნიერების მიმართ... ეს კაცი, სადაც უნდა იყოს, ქართულ საქმეს აკეთებს და უმთავრესი სწორედ ეს არის!
- ნაციონალები მუდმივად აპელირებენ, ივანიშვილი ქვეყანას კულუარებიდან მართავსო...
- ვინც ამას ამბობს, კარგად გადახედოს დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებს, რომელთა ხელისუფლებებიც ყოფილ ლიდერებს მუდმივად ეკითხებიან რჩევებს და მათ აზრებსაც ძალიან ხშირად ითვალისწინებენ.
თუ საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს რჩევას ეკითხება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ეს ძალიან კარგია, მით უფრო, რომ ბიძინა ივანიშვილს სრული მორალური უფლება აქვს, რჩევა მისცეს და ჭკუა დაარიგოს მის მიერ მოყვანილ ხელისუფლებას!
- პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას როგორ შეაფასებთ?
- ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან ვგულშემატკივრობ და მასში ბევრი რამ მომწონს, მათ შორის ის, რომ ეროვნულობის განცდა აქვს და უწესობას ვერ ეგუება!
ვხედავ, რომ ამ ახალგაზრდა კაცს საქართველოსათვის უძგერს გული. პირდაპირ გეტყვით, ამაყი ვიყავი, როცა გაერო-ში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ვუსმენდი. ძალიან მომეწონა მისი ინტონაციაც, თავდაჭერილობაც და მოზომილი სიტყვაც, რითაც ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა!
რაც შეეხება შეცდომებს, ამისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ მთავარია, შეცდომის დანახვა შეგეძლოს და მისი გამოსწორების სურვილი გქონდეს, რასაც ნამდვილად ვხედავთ და ფაქტია, რომ ჩვენი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი თავს არ ზოგავს, რომ ქვეყანა წინ წასწიოს!
- ნაციონალები უკვე აღარც მალავენ,რომ პოლიტიკური რევანშისთვის ემზადებიან და ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ. როგორ ფიქრობთ, ამისი რესურსი აქვთ?
- ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს, ისე, როგორც ნიურნბერგის პროცესზე ნაცისტები გასამართლდნენ!
ნაციონალების სახით ჩვენ საქმე გვაქვს ვერშემდგარ ადამიანებთან! მაგალითად, ჩემთვის სააკაშვილი არის ადამიანურობის კრიზისი და ეროვნული კატასტროფა!
გამიგია, უზნეობასაც ფსკერი აქვსო, მაგრამ ნაცხროვის უზნეობა უფსკეროა!
- ბატონო ვალერი, თქვენთვის ძალიან მძიმე თემას უნდა შევეხო, მაგრამ ამას გვერდს ვერ ავუვლი - მთელმა საქართველომ იცის, რა გაუკეთა თქვენს ოჯახს „რუსთავი-2"-მა და მისმა გადაცემამ „60 წუთი", რომელმაც ავადმყოფი შვილის გადასარჩენად სატანისტური მკვლელობის ჩადენაში დაგადანაშაულათ. დღეს „რუსთავი-2" საკუთარ თავს თავისუფალი სიტყვის მებაირახტრედ აცხადებს და საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს - დამიცავით, რადგან ხელისუფლება დახურვას მიპირებსო. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- მიუხედავად იმისა, რომ 14 წელი გავიდა, ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს და თითქმის არც ვლაპარაკობ!
დიახ, სატანისტური რიტუალური მკვლელობა დამაბრალეს, რომელიც ვითომ ავადმყოფი შვილის გადასარჩენად ჩავიდინე და „რუსთავი-2"-ის მიერ გავრცელებულ ამ გაუგონარ სიბილწეს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულმა ჩემმა 28 წლის ვაჟმა ტელევიზორში უყურა!
იმ დღეებში ოთარ მეღვინეთუხუცესმა ხმამაღლა განაცხადა - ჩემთვის რომ ვინმეს ასეთი რამ დაებრალებინა, შუბლში ტყვიას დავახლიდიო, მაგრამ მე სამართლებრივი გზა ავირჩიე და „რუსთავი-2"-ს სასამართლო პროცესი მოვუგე.
ქალბატონი მადი ჩანტლაძე - მოსამართლე, რომელმაც ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა და „რუსთავი-2" გაამტყუნა, მეორე დღესვე მოკვეთეს სასამართლო სისტემიდან და, საერთოდ, იურიდიული სამყაროდან გააქრეს!
მაშინ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო და ბუნებრივია, მისი რუპორის - „რუსთავი-2"-ის დამარცხება ვერ აიტანა!
- სასამართლომ „რუსთავი-2"-ს რა დააკისრა?
- გარკვეული თანხა (რასაც ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა) და ბოდიშის მოხდა, თუმცა, 14 წელი გავიდა და „რუსთავი-2"-ს ჩემთვის დღემდე ბოდიში არ მოუხდია!
გადაცემა „60 წუთის" ავტორ გოგიჩაიშვილზე ლაპარაკიც არ მინდა, რადგან სრული არარაობაა! თამაზ წივწივაძემ მას „აფერისტი კლეტკებში" უწოდა, მწერალმა ილია ბარამიძემ კი, რომელიც უშიშროების ორგანოებში მუშაობდა, გოგიჩაიშვილი „კაგებეს" აგენტობაში ამხილა და დაწერა, რომ მისი მეტსახელი „ბეთჰოვენა" იყო!
- თქვენმა ვაჟმა ამ საშინელ გადაცემას რომ უყურა, რა რეაქცია ჰქონდა?
-როგორც კი ეს გადაცემა გავიდა, ჩემთან სახლში მოვიდა ჯანსუღ კახიძე თავის შვილთან ვატოსთან ერთად, მოვიდა ჯანსუღ ჩარკვიანი თავის ძმასთან ჯიმისთან ერთად, მოვიდნენ ჟანრი ლოლაშვილი, მიხეილ ლოლაძე, მერაბ მახარაძე, თემო გოცაძე, გვერდით მედგნენ თედო ნინიძე, ქეთი დოლიძე, კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, რისმაგ გორდეზიანი, როინ მეტრეველი, გოგი თოფაძე და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო...
ორი წლის წინათ ერთ-ერთ გაზეთში ნანა დევდარიანმა დუმილისათვის ბოდიში მომიხადა და დაწერა - მე, როგორც მაშინდელ სახალხო დამცველს, ხმა უნდა ამომეღოო. ნანას ეს სიტყვები ჩემთვის უდიდესი შვება იყო.
თქვენ მკითხეთ, თუ რა რეაქცია ჰქონდა ჩემს შვილს, როცა ეს გადაცემა ნახა? ნიკა ძალიან ეკლესიური იყო და საოცარი გარეგნული სიმშვიდით შეხვდა ამ სიბინძურეს!
- ბოდიშს გიხდით ამ შეკითხვისთვის - რით იყო დაავადებული თქვენი ვაჟი?
- ნიკას ჰქონდა უმძიმესი დიაგნოზი - ნერვულ-კუნთოვანი დაავადება მიოპათია. მხოლოდ 29 წლის ასაკამდე იცოცხლა.
მინდა მივმართო „რუსთავი-2"-ის დღევანდელ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელიც ამასწინათ ამბობდა, ჩემი თავი კვალიფიციურ იურისტად მიმაჩნიაო - ტკივილს, შეურაცხყოფასა და სიტყვით ადამიანის მკვლელობას ხანდაზმულობის ვადა არა აქვს!
- ბატონო ვალერი, დღეს რას საქმიანობთ და რითი ხართ დაკავებული?
- რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ და, ასევე, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვასწავლი. რამდენიმე წიგნზეც ვმუშაობ. ჩემს მეგობრებთან ერთად ასოციაცია „კულტურათა დიალოგი - XXI" დავაარსე, რომლის ეგიდით რამდენიმე წიგნი და მუსიკალური ალბომი გამოვეცით, გამოფენებსაც ვაწყობთ და ა.შ. უცხოეთშიც ხშირად მიწევს ყოფნა, რადგან საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში ვმონაწილეობა.
მოკლედ, აქტიურად ვარ ჩართული სამეცნიერო-პედაგოგიურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ვცდილობ, სხვადასხვა თაობის მეცნიერებსა და ხელოვანებს სტიმული მივცე.
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"