არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის" ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ფოცხვერიას ირგვლივ მიმდინარე ამბებს ეხმაურება.
„მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას ყოველთვის მნიშვნელოვანია, კანონის უზანაესობის პრინციპით იხელმძღვანელონ შესაბამისმა უწყებებმა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტარიელ ფოცხვერია არის ე.წ. კანონიერი ქურდი და აღიარებს ქურდულ სამყაროს, რაც საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია.
გახსოვთ ალბათ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ტარიელ ფოცხვერია ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს და მას სასამართლომ გასულ წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დროს, ცნობილია, რომ იგი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვისაცაა ნასამართლევი. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს ადამიანი არის არა რიგითი პატიმარი, არამედ კრიმინალურ სამყაროში დღემდე გავლენიანი ფიგურა და მისი გამოშვების საკითხი მარტივი თემა არაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ადვოკატები ამბობენ, გაუარესებულია.
ასევე, კარგად გამოსაკვლევია, რამდენად შეესაბამება ადვოკატების განცხადება სიმართლეს, რამდენად სახიფათოა მისი ჯანმრთელობისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაჩენა.
მე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იმ არასამთავრობოსი, რომელიც ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის პატიმრის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მზად ვარ, დავიცვა ეს უფლებები, მაგრამ არა კანონის გვერდზე გადადების და იგნორირების ხარჯზე",-აცხადებს ადამაშვილი.