„ქართულ ოცნებას" საბედისწერო შეცდომები არც დღემდე დაუშვია და დარწმუნებული ვარ, ასეთ შეცდომებს არც მომავალში დაუშვებს
„ქართული ოცნება" საარჩევნო რინგზე განახლებული შემადგენლობით გავა. გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, უკვე მიღებული და გაცხადებულია. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი თემაა, რომელიც შესაძლოა, კულისებში უკვე მოლაპარაკებულია, მაგრამ არ საჯაროვდება. მაგალითად, მმართველ კოალიციაში კვოტების გადანაწილების პრინციპი. ის, თუ რას შესთავაზებს „ქართული ოცნება" ამომრჩეველს და რით შეეცდება მისი ყურადღების მიქცევას.
მთელ ამ რთულ პროცესში მმართველი პარტიის ახალგაზრდა სახეა ჩართული. ის პოლიტიკურ კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამს. ამბობს, რომ ივანიშვილთან, კალაძესთან და სხვა გავლენიან ფიგურებთან ურთიერთობა არ უჭირს და აინტერესებს.
ირაკლი კობახიძის გამოჩენა პარტიაში ბევრს არ ესიამოვნა, ზოგიერთებმა, საერთოდაც, პარტიიდან წასვლა არჩიეს. რთულ პროცესებზე მედიაშიც დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, თუმცა, თავად ირაკლი მიიჩნევს, რომ როცა მაღალი პოზიცია ჩაიბარა, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეჰპარვია.
„პრაიმტაიმს" პარტია „ქართული ოცნების" ახალგაზრდა პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძე ესაუბრა:
- დღემდე მე ძირითადად სხვა სფეროში - უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მიწევდა საქმიანობა. როცა პარტიული თანამდებობა დავიკავე, ბუნებრივია, ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდა. თუმცა, ადაპტაციის პერიოდი საკმაოდ ადვილად გავიარე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის წევრებთან და ლიდერებთან ურთიერთობა არ მიჭირს.გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და პროდუქტიული თანამშრომლობა და ამ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას.
რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ „ბექგრაუნდს", პოლიტიკასთან შეხება დიდი ხანია მაქვს. თუმცა ჩემი აქტიური პოლიტიკური ცხოვრება პირველად სწორედ „ქართულ ოცნებას" დავუკავშირე. 2011 წლიდან, მისი დაფუძნებიდან აქ ვარ... თავიდანვე საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი ვიყავი და ერთ-ერთ სამუშაო ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, შემდეგ პარტიაში გავწევრიანდი... დამფუძნებელი კრების მონაწილე გახლდით... შესაბამისად, „ქართულ ოცნებაში" მუშაობის მაქსიმალური სტაჟი მაქვს.
საკვანძო თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით გეტყვით - მიმაჩნია, რომ ამ კუთხით შესაფერისი გამოცდილება მქონდა. ასე რომ არ ჩამეთვალა, ასეთ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე არ ავიღებდი.
- „ქართული ოცნება" რომ არ ყოფილიყო, შესაძლებელია, თქვენი პოლიტიკური კარიერა ბურჯანაძის პარტიისთვის დაგეკავშირებინათ?
- 2011 წლიდან „ქართულ ოცნებაში" ვარ და ეს პარტია დღევანდელ ქართულ რეალობაში უალტერნატივო პოლიტიკურ ძალად მიმაჩნია. შესაბამისად, სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი.
- მამათქვენი ცნობილი და გამოცდილი პოლიტიკოსი იყო და გარკვეული ღირებულებების გამო ჩვენთვის მიუღებელი გახლდათ მისი ბურჯანაძის პარტიაში გადასვლა. თქვენ ეს რაიმე დისკომფორტს გიქმნიდათ?
- შემიძლია გითხრათ, რატომ მიიღო მამაჩემმა თავის დროზე ბურჯანაძის პარტიაში შესვლის გადაწყვეტილება. მაშინდელ ხელისუფლებასთან იმ პერიოდში ყველაზე მკვეთრად ეს პარტია იყო დაპირისპირებული და სწორედ ეს გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი. მამაჩემის მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ მძიმე კრიმინალურ რეჟიმთან დაპირისპირება იყო...
- რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას?
- საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩვენ აქაც ერთნაირი პოზიცია გვაქვს. ჩვენ ვართ საქართველოს დასავლური კურსის მომხრე. ეს არის „ქართული ოცნების" მიერ გაცხადებული მიზანი და პრიორიტეტი, რომელსაც მე სრულად ვიზიარებ.
- 2012 წელს თქვენი მთავარი საარჩევნო სლოგანი იყო: „საქართველო მიშას გარეშე". 2016 წელი „ქართული ოცნებისთვის" ის პირველი არჩევნებია, როცა მიშა აღარ არის... რა არის ახალი სლოგანი, რას მიიჩნევთ აქტუალურ საკითხად, რომ ელექტორატი მოიზიდოთ?..
- ჩვენი მთავარი ამოცანაა ძალიან დახვეწილი და კარგად გათვლილი საარჩევნო პროგრამის შექმნა. ამაზე მუშაობას უკვე მიმდინარე თვეში ვიწყებთ. პროგრამაზე მუშაობის დროს გამოიკვეთება „ქართული ოცნების" მთავარი პრიორიტეტები. ვაპირებთ, დეტალურად გავაანალიზოთ ის ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან განხორციელდა, სწორედ ამას დაეფუძნება სამომავლო ხედვაც. სლოგანი უკვე შემდგომი მუშაობის საქმეა და ის გამოიკვეთება იმ ხედვიდან, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამაში ჩამოყალიბდება.
- რაზე იქნება პარტია სამომავლოდ ფოკუსირებული - უფრო საგარეო კურსზე თუ სოციალურ საკითხებზე?
- ვფიქრობ, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ რომელიმე ერთს მივანიჭოთ უპირატესობა და ეს ორი თემა ერთმანეთისგან ასე მკვეთრად გავმიჯნოთ. სამუშაო გვაქვს ყველა მიმართულებით და ყველა მიმართულება პრიორიტეტულია. ჩვენ მძიმე მემკვიდრეობ მივიღეთ არა მხოლოდ წინა ხელისუფლებისგან, არამედ მისი წინამორბედებისგანაც. შესაბამისად, ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ძალიან ბევრ სირთულესთან უწევს დღეს გამკლავება „ქართულ ოცნებას". აქედან გამომდინარე, ყველა სფერო ერთნაირად პრიორიტეტულია. ამიტომაც ყველაფერს შევეხებით სიღრმისეულად და ამომრჩეველსაც კარგად გათვლილ, კონკრეტულ დაპირებებს წარვუდგენთ.
- კარგი სიტყვა ახსენეთ, „ქართულ ოცნებას" ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე არარეალური დაპირებების გამო, ძირითადად სოციალური კუთხით, რომელიც არ შესრულდა. საუბარია კომუნალური გადასახადების გაიაფებაზე, პენსიების გაორმაგებაზე და ასე შემდეგ. ამ არჩევნებზე კოალიცია რეალისტურ დაპირებებს გასცემს? ზომიერი იქნება მმართველი კოალიცია?
- როგორც გითხარით, თავიდანვე ვიყავი საზოგადოებრივ მოძრაობაში ჩართული და ვიცი, როგორ მზადდებოდა წინასაარჩევნო პროგრამა და გაიცემოდა დაპირებები. თავიდან ეს პროცესი საკმაოდ ნორმალურად წარიმართებოდა. თუმცა ბოლოს, როცა უკვე არჩევნების თარიღს მივუახლოვდით, დევნამ, შანტაჟმა და დაშინებამ უმძიმესი ფორმა მიიღო. კოალიცია პრაქტიკულად ომის მდგომარეობაში გადავიდა, რამაც ძალზე გაართულა პროგრამის შემუშავების პროცესი.
შესაბამისად, ზოგიერთი დაპირება, რომელიც პროგრამაში შევიდა, არ ეფუძნებოდა პრაგმატულ და რეალისტურ გათვლებს. გარდა ამისა, მაშინ დახურული იყო თითოეული სამინისტროს კარი და კოალიციისთვის ინფორმაციის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელიც კი გახლდათ, რაც დაპირებების შემუშავებას სერიოზულად ართულებდა, ანუ იმას, რომ გარკვეული დაპირებები არარეალისტური იყო, ობიექტური საფუძველი ჰქონდა. ეს არ უნდა განმეორდეს 2016 წლისთვის. დღეს უკვე გვაქვს იმის საშუალება, რომ არაემოციურ გარემოში მოვამზადოთ წინასაარჩევნო პროგრამა და მასში ჩავდოთ მხოლოდ ისეთი დაპირებები, რომლებიც კონკრეტულ გათვლებზე დაფუძნებული და შესრულებადი იქნება.
- ამ პროგრამაზე ვინ მუშაობს?
- მუშაობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, დაიწყება ამ თვეშივე. ჩვენ ინოვაციურ მეთოდს მივმართეთ და საპროგრამო დოკუმენტზე სამუშაოდ ექსპერტები ღიად მოვიწვიეთ. რამდენიმე ასეული განაცხადი შემოვიდა. გვინდა, მაქსიმალურად მოვიზიდოთ ექსპერტები, ისეთი ადამიანები, რომლებსაც თავის დარგში შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება, კვალიფიკაცია და უნარები აქვთ, რომლებსაც შესწევთ უნარი, სათანადო წვლილი შეიტანონ „ქართული ოცნების" პროგრამის შემუშავებაში. ჩვენი ინტერესია ამ ადამიანების მობილიზება. ბუნებრივია, ჩვენ შიდა რესურსიც გვაქვს, რომელსაც ასევე აქტიურად გამოვიყენებთ... პროცესი ამ თვეში დაიწყება და სიტუაციის ანალიზზე მუშაობა უკვე წლის ბოლოსთვის დასრულდება, მომავალ წელს ჩამოყალიბდება სამომავლო ხედვაც, რომელსაც შემდგომ პარტიის პოლიტიკური საბჭო განიხილავს და რომელზეც კოალიციურ რეჟიმშიც ვიმსჯელებთ.
- ანალიზი ახსენეთ, ანუ შეცდომებზეც იქნება საუბარი?
- ბუნებრივია, ჩვენ თვითკრიტიკულიც უნდა ვიყოთ. ნებისმიერ ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს შეცდომები, არც ერთი ხელისუფლება არსად იდეალური არ არის. თვითკრიტიკის უნარი არის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება,რომელიც ჩვენ წინა ხელისუფლებისგან განგვასხვავებს... „ქართულ ოცნებას" საბედისწერო შეცდომები არც დღემდე დაუშვია და დარწმუნებული ვარ, ასეთ შეცდომებს არც მომავალში დაუშვებს. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას მართავენ, გადაწყვეტილებებს იღებენ და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ნამდვიად არ არის მიდრეკილი მძიმე შეცდომების დაშვებისკენ, აღარაფერს ვამბობ დანაშაულის ჩადენაზე.
- ვინ მიგაჩნიათ 2016 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების" კონკურენტად!
- პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ კონკურენტი არ გვყავს. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკური სისტემა დღემდე ორპოლუსიანია...
- ეს ცუდია?
- ცუდია იმიტომ, რომ მეორე პოლუსზე ჯერ კიდევ დგას კრიმინალური წარსულის მქონე „ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა არალეგიტიმურად მიიჩნევს. იმისთვის, რომ სრულფასოვანი პოლიტიკური სისტემა შედგეს, მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში შემავალი ყველა პოლიტიკური სუბიექტი მოსახლეობის მხრიდან ლეგიტიმურად იქნეს აღქმული. ევროპის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში კონკრეტულ ელექტორატს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია შეიძლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ამ ყველა პარტიას, რომელიც პარტიულ სისტემაშია წარმოდგენილი, მთელი მოსახლეობა ლეგიტიმურად აღიქვამს. ჩვენთან სხვა ვითარებაა, პოლიტიკური სისტემის მეორე პოლუსზე არის პარტია, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არალეგიტიმურად აღიქვამს. ეს მთლიანად პოლიტიკური სისტემის განვითარებას აფერხებს. დარწმუნებული ვარ, 2016 წლისთვის ვითარება პრინციპულად შეიცვლება. ამის თქმის მყარ საფუძველს „ნაციონალური მოძრაობის" ძალიან დაბალი რეიტინგი მაძლევს...
- თქვენ რეიტინგებს იცნობთ?
- ჩვენ გვაქვს შიდა მოხმარების რეიტინგები და ვიცით საერთო სურათი; გარდა დაბალი რეიტინგისა, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ნაციონალურ მოძრაობას ზრდის ნულოვანი შანსი აქვს.
- როცა ამბობთ „ძალიან დაბალს", ერთნიშნა რეიტინგს გულისხმობთ?
- ეს უკვე დეტალებია... მთავარია, რომ რეიტინგი ძალიან დაბალია და ეს არის იმ ყველაფრის შედეგი, რასაც ეს პარტია წლების განმავლობაში აკეთებდა.
- ითქვა, რომ მზარდი რეიტინგი მხოლოდ ინაშვილს აქვს, ეს თქვენს კვლევებშიც ასეა?
- შეიძლება კონკრეტულ პარტიებს ჰქონდეთ გარკვეული პოზიტიური ან ნეგატიური ტენდენციები, თუმცა დღეს მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი „ჭერი", რომელსაც ვერ გადასცდება. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ჩვენს პარტიას აქვს ზრდის ყველაზე დიდი რესურსი და პოტენციალი და ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ. აქამდე პარტია პასიურად მოქმედებდა და ამას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. ჩვენ სამი არჩევნები გამოვიარეთ და მუდმივად საშტაბო რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. დღეს პარტიის გაძლიერებაზე აქტიურად ვმუშაობთ.
- თქვენ თქვით, რომ პარტია არ დაუშვებს ხელისუფლებაში მძიმე გადაცდომებს, როგორც ეს ნაციონალებმა გააკეთეს... თუმცა, თუკი ნაციონალების მსგავსად, ოპოზიციაში არ გეყოლებათ სერიოზული და ძლიერი ძალა, ხომ არ დადგებით თქვენც სერიოზული ცდუნების წინაშე?
- ზოგადად, ძლიერი და ჯანსაღი ოპოზიციური ძალების აღმოცენება არის ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა. წინა ხელისუფლებები პირდაპირ ებრძოდნენ ამ პროცესს, შედეგად ძლიერი ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა. დღეს პროცესები სხვაგვარად, ღიად და დემოკრატიულად წარიმართება, რაც ახალი და ძლიერი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების იმედს იძლევა. სამომავლოდ, ახალმა ძალებმა უნდა დაიკავონ ოპოზიციური ნიშა.
- ვინმეს ხედავთ, ვინც შეიძლება „ქართული ოცნების" ალტერნატივა გახდეს?
- დღეს ასეთი ძალის გამოკვეთა ძალიან ძნელია, ამას დრო გვიჩვენებს... სუბიექტურად, „ქართული ოცნებისთვის დღევანდელი ვითარება მომგებიანი შეიძლება იყოს, თუმცა ჩვენ სახელმწიფოებრივად ვუდგებით ამ საკითხს და წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, ახალი, ძლიერი და ლეგიტიმური ძალების ჩამოყალიბებას ხელს არ ვუშლით. ჩვენი ამოცანაა, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდეს.
- მოდით, ნაციონალების არგუმენტი ვნახოთ. ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები არასოდეს დაუჭერიათ. არ დაუკავებიათ არც სარიშვილი, როცა მისი პარტიის წევრები აიყვანეს, და არც ბურჯანაძე, როცა, ასევე, დააპატიმრეს მისი თანაპარტიელები. თქვენ კი უგულავაც ციხეში გიზით და მერაბიშვილიც. რას ფიქრობთ ამაზე?
- რაც შეეხება ლიდერების დაკავებას, ეს ერთი მხარეა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ, რა მეთოდებით ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციას. ყველანაირ ბინძურ მეთოდს მიმართავდნენ: კომპრომატებს, დაჭერებს... სრული ტერორი იყო...
ახლა თითოეული საქმე, რომლის საფუძველზეც „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები არიან დაკავებული, გამჭვირვალეა. არ არის მისაღები, ვინმეს პოლიტიკოსის იმუნიტეტი მიენიჭოს მაშინ, როცა აშკარა დანაშაული აქვს ჩადენილი. პირადად ჩემთვის შერჩევითი სამართალი პრინციპულად მიუღებელია, სამართლიანობის აღდგენას პოლიტიკურმა კონიუნქტურამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუშალოს ხელი. პრობლემას იმაში ვხედავ, რომ გარკვეული საქმეების განხილვა ზედმეტად დიდხანს გაიწელა. თეთრი ძაფით ნაკერი საქმეების განხილვას 9 თვეზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდა...
- ანუ პროკურატურით უკმაყოფილო ხართ?
- რა იყო, ამის მიზეზი - პროკურატურა, სასამართლო თუ რაიმე სხვა, ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია, რომ ამ კონკრეტული საქმეების განხილვა ბევრად უფრო ხანმოკლე ვადებში იყო შესაძლებელი...
- არჩევნების თემას დავუბრუნდეთ... კვოტები, ალბათ, ერთ-ერთი ცხელი თემა იქნება, კოალიციისთვის. არის უკვე განსაზღვრული მისი განაწილების პრინციპი?
- კვოტების გადანაწილებაზე საუბარი ჯერ არ დაწყებულა. მთავარია, კვოტები სამართლიანად განაწილდეს და სამართლიანი განაწილების კრიტერიუმები სწორად განისაზღვროს. სამართლიანობაში ვგულისხმობ, როგორც პარტიების რეიტინგებს, ისე ნებისმიერ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც მხედველობაში შეიძლება იქნეს მიღებული.
ქეთი ხატიაშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"