reportiori.ge - იშლება თუ არა „თავისუფალი დემოკრატები“ – კიდევ ვინ დატოვებს ალასანიას გუნდს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 17:12
პრეს-დაიჯესტი
იშლება თუ არა „თავისუფალი დემოკრატები“ – კიდევ ვინ დატოვებს ალასანიას გუნდს
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 13:55


ირაკლი ალასანიას პარტიის რღვევა დაწყებულია. „თავისუფალმა დემოკრატებმა" პოლიტიკურად წონადი ფიგურა გუშინ დაკარგეს. „ალიას" ექსკლუზიური ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა „თავისუფალი დემოკრატები" დატოვა და ეს ინფორმაცია მან ჩვენთან ინტერვიუში დაადასტურა.


კულუარული ინფორმაციით, ზალკალიანის პარტიიდან წასვლის მიზეზი ირაკლი ალასანიას „ნაციონალურ-მოძრაობასთან" თანამშრომლობაა. პარტიიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებით დავით ზალკალიანმა ალასანიას ოფისს უკვე მიმართა. ზალკალიანს „თავისუფალი დემოკრატების" საერთაშორისო მდივნის პოზიცია ეკავა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ის პარტიის გამგეობის წევრი იყო. როგორც ინფორმირებული წყარო გვარწმუნებს, ზალკალიანი ბოლო არ იქნება, ვინც ირაკლი ალასანიას გუნდს პარტიის თავმჯდომარის „ნაციონალებთან" თანამშრომლობის გამო დატოვებს. „ალიას" ინფორმაციით, ალასანიას პარტიაში ტექტონიკური ძვრები დაწყებულია, ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ალასანიას შორის სერიოზული უკმაყოფილება ყოფილა, რადგან მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა" ჩადგა. დოლიძეს არ უნდა, დაკარგოს პოლიტიკური და ადამიანური სახე, ამიტომაც ის კატეგორიულად ემიჯნება ალასანიას „ნაციონალებთან" თანამშრომლობას, თუმცა ვიქტორ დოლიძე შიდაპარტიულ ბრძოლაში მარტო არ არის, პარტიის შიგნით არის დაჯგუფება ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, სულხან ღლონტის შემადგენლობით, რომლებიც, ამავე წყაროს თქმით, პარტიიდან წამსვლელთა სათადარიგო სკამზე სხედან. ეს ჯგუფი მოვლენებს რეალურად აღიქვამს, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია რაიმე ფორმით „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაწყვილება, რასაც ალასანია არ გამორიცხავს. მათთვის „ნაციონალური მოძრაობა" დამნაშავე ძალასთან ასოცირდება, ისინი არ ივიწყებენ წარსულს, თუმცა ფიქრობენ მომავალზე და თვლიან, რომ მათი „ნაციონალებთან" გაერთიანება „ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დაუშვებელია.


როცა ირაკლი ალასანია სიტყვის თავისუფლების გადარჩენაზე საუბრობს და „რუსთავი-2"-ის დასაცავად თავს წირავს, ამ ჯგუფს ისიც ახსოვს, როგორ დაარბია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ტელეკომპანია „იმედი", ახსოვთ, რა ბინძური მეთოდებით ებრძოდათ მათ „რუსთავი-2"; ახსოვთ, როგორ შექმნა ვანო მერაბიშვილმა „რეალ ტვ" და რას სჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი - როგორ კლავდა სიტყვის თავისუფლებას. არ შეიძლება, ნამუსზე ხელი აიღო და ასე ურცხვად, არაკაცურად ამტკიცო, რომ შავი თეთრია... ალასანიას მიმართ პარტიაში პრეტენზიები ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა, როცა მან საკუთარი პარტიის წევრების „გადაგდება" და აკრძალული თამაშები დაიწყო, ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან „ნაციონალებთან" გარიგებებს თავი რომ დავანებოთ, ალასანია თავისი საპრეზიდენტო ამბიციებით, პარტიზანული მოქმედებებითა და ვირეშმაკობით, პარტიის ზოგიერთი წევრისთვის ძალიან ამორალური იყო. 2012 წელს ალასანიამ მაჟორიტარულ არჩევნებში ზუგდიდში ვერ და არ დაამარცხა ისეთი ბოროტება, როგორიც არის როლანდ ახალაია. მას ჩაბარებული ჰქონდა სამეგრელოს რეგიონი, სადაც სამარცხვინოდ წააგო და ამ წაგების უკან მისი გუნდის წევრებმა „ნაციონალებთან" გარიგება დაინახეს. ალასანიას საარჩევნო ოფისს ყველაზე დიდი ფული ჰქონდა გადარიცხული, საუბარია რამდენიმე მილიონზე, მაგრამ დღემდე არავინ იცის, სად წაიღო ალასანიამ ეს ფული. კაცმა, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიცია ჰქონდა, ციხის სკანდალური კადრების რეჟისორების მამასთან, როლანდ ახალაიასთან წააგო არჩევნები. ამით ყველაფერი ნათქვამია. ამიტომაც მისი ამბიციები ყველას ყელში აქვს ამოსული!


პარტიაში ხედავენ, რომ ირაკლი ალასანია საკუთარი ფეხით ადის გილიოტინაზე და სხვებსაც ძირავს. ირაკლი ალასანიას ლიდერი დღემდე გიგა ბოკერიაა, რაც პარტიის ჯანსაღად მოაზროვნე წევრებისთვის ამაზრზენია. მათთვის მიუღებელია მუდმივად პოლიტიკური ინსტრუქციების მიღება გიგა ბოკერიასგან. „ნაციონალებთან" გარიგებებზე წასული ალასანია პერმანენტულად კარგავს წევრებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მიზეზით დატოვეს თბილისისა და რამდენიმე რეგიონის საკრებულოში „თავისუფალმა დემოკრატებმა" ალასანიას პარტია. ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა" თბილისის საკრებულოში საქმიანობა შეწყვიტა, რადგან ჯახველაძე, მუსხელიშვილი, ახვლედიანი და ჯიშკარიანი ალასანიას „ნაციონალებთან" გარიგებას გაემიჯნენ და ეს მას მოღალატეობრივ ნაბიჯად ჩაუთვალეს. თუმცა ალასანია თავისას არ იშლის - ის აქტიურადაა ჩართული „ნაციონალებისა" და საკუთარი თავის გადარჩენის სპეცოპერაციაში.


ამ დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონია გიგა ბოკერიასთან და „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან, რევოლუციური გეგმების ერთად განხორციელების მიზნით. შეგახსენებთ, რომ აქტიურად განიხილება ხალხის ქუჩაში გამოყვანის და ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობის სცენარი. „ნაცებმა" იციან, რომ საკუთარი აქტივისტების გარდა, ხალხი მათ მიტინგზე არ მივა, მით უფრო ვადამდელი არჩევნების მოსათხოვნად, ამიტომაც ვითარების დამძიმების მიზნით ჩანაფიქრია, რომ „რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა გათიშონ და ხალხს ქუჩაში საშველად მოუხმონ, ლოზუნგით - „თავისუფალ სიტყვას კლავენ, ყველანი ქუჩაში"! ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს, შესაძლოა, ის ხალხი მივიდეს ამ აქციაზე, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ „ნაცებმა" და ალასანიამ რევოლუცია მოახდინონ თბილისის ქუჩებში... ირაკლი ალასანიას პარტია, ფაქტობრივად, ორადაა გაყოფილი.


ერთ მხარეს დგას ჯანსაღად მოაზროვნე ჯგუფი, „ნაცებთან" ლაქიობას კი მხარს უჭერენ ალექსი-ბუკა პეტრიაშვილი და ნინო გოგუაძე. ალექსი-ბუკა პეტრიაშვილის რა მოგახსენოთ, სულ თრობასა და ნირვანაში მგონია ეგ კაცი და მის არასერიოზულ განცხადებებს ჩიტის ბუმბულის წონა აქვს, მაგრამ რაც შეეხება ნინო გოგუაძეს, ის „ნაცქალების" დაქალია და ამის დამადასტურებელი ფოტომასალა არაერთხელ გამოქვეყნებულა მედიაში. ეს ხალხი ნამდვილად არასოდეს გაფრინდება ალასანიას ორბიტიდან, მათთან ერთად თუ დაამხობს ხელისუფლებას ირაკლი ალასანია, მაშინ ირაკლი კი არა, ბრიუს-ლი ყოფილა...


ირაკლიმ კვირა ბრახუნია განცხადებით დაიწყო. გავრცელებულ ინფორმაციას, ვიქტორ დოლიძის პარტიიდან წასვლის შესახებ, 10 ოქტომბერს ასე უპასუხა: „ვიქტორ დოლიძე ჩვენთან ერთად შევა პარლამენტში და დაამხობს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას. ჯერ კიდევ კოალიციაში რომ ვიყავით, ბიძინა ივანიშვილს ოცნება ჰქონდა, „თავისუფალი დემოკრატები" კოალიციაში ყოფილიყვნენ ალასანიას გარეშე. „რესპუბლიკელების" შემთხვევაში პირიქით იყო". ალასანიამ, ფაქტობრივად, ღიად დააანონსა, რომ ხელისუფლების დამხობას ნებისმიერ ფასად აპირებს. ეს ტერმინოლოგია კი მის ფრაზეოლოგიაში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ის „ნაციონალებს" სარეველასავით გადაეფსკვნა. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ამ კაცზეა ნათქვამი.


საინტერესოა, დავით ზალკალიანის შემდეგ, ვინ იქნება, ვინც ირაკლი ალასანიას პარტიას დატოვებს? თუკი ვიქტორ დოლიძის მორალური მახასიათებლებიდან გამოვალთ, ის ვერ შეეგუება ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გათავხედებას და არ დაუშვებს „ნაციონალებთან" რაიმე ფორმით ალიანსის გაფორმებას.


„ალიასთან" საუბარში კი აი, რას აცხადებს დავით ზალკალიანი:


- ბატონო დავით, ადასტურებთ რომ პარტია „    თავისუფალი დემოკრატები" დატოვეთ?

 

- დიახ, ვადასტურებ.


- რა იყო პარტიიდან თქვენი წამოსვლის უმთავრესი მიზეზი?


- ჯერ არ მინდა ამ თემაზე საუბარი... დიდი ხანია ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ვარ, არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურად მიუკერძოებელია, შეუთავსებელია პარტიულ საქმიანობასთან.


- ბატონო დავით, თუ აქამდე არ იყო შეუთავსებელი, ახლა რა მოხდა? ალასანიას „ნაციონალებთან" თანამშრომლობას ემიჯნებით?


- ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ძალიან გთხოვთ...


- რამდენად სავარაუდოა, რომ ვიქტორ დოლიძემ და ზურაბ აბაშიძემაც დატოვონ პარტია?

 

- მათი საქმიანობის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, არც ირაკლი ალასანიაზე და არც პარტიის წევრებზე.


- ბატონო დავით, როცა ირაკლი ალასანიამ საქართველოს ხელისუფლების ევროატლანტიკური კურსი ეჭვქვეშ დააყენა, თქვენ განაცხადეთ, რომ ამ საკითხზე კითხვები გაგიჩნდათ, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მაია ფანჯიკიძესთან ერთად დატოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამ კითხვებს პასუხი გაეცა?


- ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან ძალიან გულდასმით ვაკვირდები იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში მიდის და ცოტა მოგვიანებით გავცემ ამ კითხვებზე პასუხს.

 



ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016