„სწორედ უკრაინიდან მოდის ის დეზინფორმაცია ან ვიღაცის სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმაა მოსალოდნელი", - ამის შესახებ „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელი დავით ფურცხვანიძე აცხადებს. მისი თქმით, ამ ინფორმაციის გასავრცელებლად სწორად იქნა შერჩეული ირაკლი ბათიაშვილი. „ის არის პოლიტიკური ფიგურაც და საქართველოს სპეცსამსახურების ყოფილი შეფიც, რომლის სიტყვაც წონადია", - აღნიშნა ფურცხვანიძემ.
„უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ, ბათიაშვილის წყაროც წონადი ფიგურაა.
„მაგრამ ერთ რამეს ვკითხულობ - ხომ არ იყო ვიღაც დაინტერესებული იმით, რომ ეს ინფორმაცია ივანიშვილამდე მისულიყო ისე, როგორც მივიდა? ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსი ინფორმაციების გავრცელება ქვეყანაში ქაოსის, პანიკის დანერგვას ემსახურება და თუ ბატონი ბიძინა ბანკების მიერ გამოცხადებულ საბოტაჟს, ვიღაცების მიერ ქვეყანაში არეულობის გამოწვევის სურვილსა და ყველა დანარჩენ საფრთხეს პანორამულად, ერთიან პლანში შეხედავს, ის ერთ რამეს აუცილებლად დაინახავს - ჩვენ არ გვაქვს უშიშროების სისტემა და სწორედ ეს არის მთავარი საფრთხე", - განაცხადა ფურცხვანიძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)