reportiori.ge - მოქალაქეებს „სითი პარკისთვის“ გადახდილი ჯარიმა-საურავები უკან უნდა დაუბრუნდეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 17:25
პრეს-დაიჯესტი
მოქალაქეებს „სითი პარკისთვის“ გადახდილი ჯარიმა-საურავები უკან უნდა დაუბრუნდეთ
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 16:38


თბილისის მერიაში აუდიტის სახელმწიფო სამსახური ფართომასშტაბიან რევიზიას ახორციელებს. მათ შორის, „სითი პარკსა" და გიგი უგულავას მერობის დროს გაფორმებულ კაბალურ ხელშეკრულებასაც სწავლობს. რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ „სითი პარკთან" დაკავშირებით კონკრეტული მასალები პროკურატურას გადაუგზავნა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ეს აუდიტის მიერ ზემოხსენებულ ხელშეკრულებაში მოძიებული კანონდარღვევის ფაქტებია, თუ თავად მერიის მიერ მოკვლეული საქმე.


„ალია" რამდენიმე ნომრის წინ წერდა, რომ, როცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დავით ნარმანია კანცელარიაში შეხვდნენ ფარულად, პრემიერმა ნარმანიას ახალ წლამდე მისცა „სითი პარკის" თბილისიდან გაშვების ვადა - თუ ეს ვერ გააკეთე, მაშინ ამ საქმეში მე ჩავერევიო, - უთქვამს ღარიბაშვილს. დავით ნარმანიას გააქტიურება და „სითი პარკის" წინააღმდეგ მასალების პროკურატურისთვის გადაცემა, „ალიას" წყაროთა მიერ მოწოდებულ ამ ინფორმაციას, ფაქტობრივად, ადასტურებს.


კონკრეტულად რა სახის სამართალდარღვევის შესახებ გადასცა მასალები დავით ნარმანიამ პროკურატურას და ვის მიერ არის აღმოჩენილი ეს დარღვევები?


„ალიას" სამართლის დოქტორი, ავთანდილ კახნიაშვილი ესაუბრა:


- ბატონო ავთო, ხომ არ იცით, რა იგულისხმა კონკრეტულად დავით ნარმანიამ, როცა განაცხადა, რომ „სითი პარკთან" დაკავშირებით მასალები პროკურატურას გადავეციო? რა მასალებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

 

- მოგეხსენებათ, ვინც „სითი პარკის" მიერ გამოწერილ 10-ლარიან ჯარიმას არ გადაიხდის, მას ვადაგადაცილებისთვის, საურავის სახით 150 ლარს აკისკრებს და ახდევინებს ეს კომპანია. ჩემი და ასევე, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ვიტყვი, რომ, სავარაუდოდ, როცა „სითი პარკის" მენეჯერმა ბენიამიან ლაჰალიმ ამ 150-ლარიანი საურავების დარიცხვის შესახებ გამოსცა განკარგულება, ეს კაცი იმ დროს თბილისში არ იმყოფებოდა, ისრაელში იყო. გამოდის, რომ მის ნაცვლად ხელი ამ განკარგულებას სხვამ მოაწერა, რადგან ლაჰალი ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდა, ისრაელში იყო. ეს თუ ასეა, შესაბამისად, აღნიშნული განკარგულება არის ყალბი, უკანონო და გასაუქმებელი. გარდა ამისა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - დოკუმენტის გაყალბება, გაყალბებული დოკუმენტით სარგებლის მიღება და თაღლითობა. სხვა დეტალები არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ ამ 3 მუხლით უნდა იყოს აღძრული საქმე პროკურატურაში. ლოგიკურად, ეს ჯგუფური თაღლითობაა, რადგან ბენიამინ ლაჰალი ისრაელში იყო და მის ნაცვლად სხვამ მოაწერა ხელი განკარგულებას, მაშინ ლაჰალიც და ხელის მომწერიც, ორივენი დამნაშავენი გამოდიან, მათი მოქმედება კი - ურთიერთშეთანხმებული. აქვე დავსძენ, რომ ეს ლაჰალი ზურაბ ადეიშვილის მეგობარია და თუ ეს დანაშაული მართლა ჩაიდინა, მაშინ ნათელია, რატომ შერჩა.


- ხომ შეიძლება, ბენიამინ ლაჰალიმ არ იცოდა, განკარგულებაც სხვამ გამოსცა და ხელიც სხვამ მოაწერა?

 

- ეს როგორ? ლაჰალი ხომ დაბრუნდა ისრაელიდან და წლების მანძილზე ის კომპანია, რომლის მენეჯერიც გახლავთ, ამ 150-ლარიან საურავებს ახდევინებდა ხალხს, სავარაუდოდ, სწორედ იმ გაყალბებული  განკარგულების საფუძველზე. კომპანიის მენეჯერი ხომ მოიკითხავდა იმ განკარგულებას, რომლის საფუძველზეც ამხელა ფული შედიოდა კომპანიაში? შესაბამისად, აღმოაჩენდა ყალბ ხელმოწერასაც, თუმცა მასზე რეაგირება არ ჰქონია. ლოგიკას იქითკენ მივყავართ, რომ ეს ჯგუფური თაღლითობა იყო. ახლა უკვე პროკურატურამ უნდა გამოიჩინოს ფხა და გამოიძიოს საქმე.


თუმცა, ჩემი აზრით, პროკურატურა აქ არ უნდა გაჩერდეს და ყველა იმ ადამიანს უნდა მოჰკითხოს პასუხი, ვინც თავის დროზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა ცვლილებები და კერძო კომპანიას მისცა უფლება, ეს საურავები და საერთოდ, ჯარიმები დაეკისრებინა მოქალაქეთათვის. იმას რა დიდი გათვლა უნდოდა, რომ კერძო შპს მოგებაზე იქნებოდა ორიენტირებული და მისთვის ხელსაყრელი არა წესრიგის დამყარება, არამედ პირიქით, უწესრიგობა, ქაოსი და კანონის დარღვევა იქნებოდა, რადგან ჯარიმებს ამის საფუძველზე წერენ. ამ საქმეში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან გარეულნი, ამ საქმის სათავეში  გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი და მერიის მაღალჩინოსნები იდგნენ, ასევე, როგორც ამბობენ, პარლამენტარები და მათაც და სხვებსაც უნდა მოჰკითხოს პროკურატურამ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ჯგუფური თაღლითობა, რომლითაც სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქეები აზარალეს ერთი კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ. ეს ხალხი უნდა დაისაჯოს და ძალიან მკაცრად. გარდა ამისა, როცა კონკურსი ჩატარდა და „სითი პარკმა" გაიმარჯვა, ეს იყო კორუფციული კონკურსი, ამ კომპანიისა და მერიის მაღალჩინოსნების ინტერესებს მორგებული. არ ვიცი, დავით ნარმანიამ ამის შესახებაც გადაგზავნა თუ არა მასალები პროკურატურაში, მაგრამ ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. ეს რომ გააკეთოს, აუცილებლად აღმოაჩენს კანონდარღვევათა მთელ კასკადს და „სითი პარკი" თბილისიდან წავა კი არა, მის მესვეურთ დასაჭერად და აქედან გასასწრებად გაუხდებათ საქმე.


მეტსაც გეტყვით. მე მივმართე მთავარ პროკურატურას განცხადებით. დეტალურად შევისწავლე მერიის მიერ გამართული კონკურსი, „სითი პარკისა" და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მათში არაერთი კანონდარღვევა აღმოვაჩინე, ეს იყო კორუფციული კონკურსი და კორუფციული ხელშეკრულება. პროკურატურას სწორედ ამ კანონდარღვევებზე მივუთითე, ადექით და გამოიძიეთ ეს საქმეები-მეთქი. პროკურატურიდან მომწერეს, რომ ამ საქმეებს 2013 წლის ივნისიდან ფინანსური პოლიცია უკვე იძიებსო. ხელისუფლება შეიცვალა, 2013 წლის ივნისში ფინანსურ პოლიციაში „სითი პარკის" წინააღმდეგ აღძრეს საქმე, ამ დროს თბილისის მერი ისევ გიგი უგულავაა, მაგრამ ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია. რად უნდა ამის გამოძიებას ორწელიწადნახევარი? საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ „სითი პარკს" ერთად ლობირებენ ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები. არ გამოვრიცხავ, რომ მათ საერთო ფინანსური ინტერესებიც ჰქონდეთ ამ საქმეში. ამიტომაც გაჯანჯლდა საქმის გამოძიება ფინანსურ პოლიციაში. სიმართლე გითხრათ, არც იმის იმედი მაქვს, რომ დავით ნარმანიას გადაცემულ მასალებს გამოიძიებს პროკურატურა. ვფიქრობ, ამ საქმესაც გააჭიანურებენ და მერე თაროზე შემოდებენ. ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ „სითი პარკის" თავგასულობა და თავხედობა და ამის ფონზე ჩვენი სამართალდამცველების უმოქმედობა, ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ მაძლევს. ყველაფერი, რაც „სითი პარკთან" დაკავშირებით მოხდა, ეს იყო შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ, ეს იყო უდიდესი დანაშაული წინა ხელისუფლებისა, თუმცა ამ დანაშაულის გამოსააშკარავებლად დღევანდელი ხელისუფლება ხელს არ ანძრევს, ანუ, სავარაუდოდ, ხელს აფარებს დამნაშავეებს. აი, ეს არის სახე ჩვენი ხელისუფლებისა.


- თუ ბენიამინ ლაჰალის ხელმოწერა და შესაბამისად, განკარგულება ყალბი აღმოჩნდა, იმ მოქალაქეებს, ვინც ეს 150-ლარიანი საურავები გადაიხადეს, ეს თანხა უკან დაუბრუნდებათ?

 

- თუ ეს განკარგულება ყალბი, უკანონოა, ცხადია, ყველა მოქალაქეს უკან უნდა დაუბრუნდეს უკანონო გადახდილი საურავები, ეს ცალსახაა. ლოგიკურად, არა მხოლოდ ეს საურავები, „სითი პარკისთვის" გადახდილი არც ერთი სახის ჯარიმას არ უდევს კანონიერი საფუძველი და შესაბამისად, ყველა სახის გადახდილი ჯარიმა გადამხდელს უკან უნდა დაუბრუნდეს და იმ ხალხმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, ვინც უკანონობა დააკანონა და ხალხს ეს ჯარიმები ახდევინა „სითი პარკისთვის". თუ კანონი და სამართალი გნებავთ, სწორედ ასეა!

 

 

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016