ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ევროპარლამენტის წევრის პედრო აგრამუნტის მხრიდან ადგილი ჰქონდა ქართულ სასამართლოზე პირდაპირ პოლიტიკურ ზეწოლას.
„აგრამუნტის გამოსვლას რომ ვუსმენდი, მეგონა, „ნაციონალური მოძრაობის" რომელიღაც წარმომადგენელი ლაპარაკობდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის ტექსტსაც აშკარად ეტყობა, რომ იგი ევროპის სახალხო პარტიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთობლივად შეადგინეს. ისიც ფაქტია, რომ ევროსაბჭოში საქართველოს სახელისუფლებო დელეგაციამ ისე ვერ იმუშავა, როგორც საჭირო იყო", - განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, საქართველოს შესახებ მომზადებულ კრიტიკულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა არამარტო „ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორმა ევროპის სახალხო პარტიამ, არამედ „ქართული ოცნების" პარტნიორმა ევროპის სოციალისტურმა პარტიამაც.
„ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ" საკუთარ მოკავშირეებთანაც კი ვერ იმუშავა სათანადოდ და საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით რეალური ინფორმაცია ვერ მიაწოდა", - განაცხადა არეშიძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)