გაზეთ „ალიას" ინფორმაციით, „ნაციონალები" უკვე ნერვებზე სხედან.
„რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ზოგიერთმა ე.წ. ლიდერმა და რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ „ევროპის სახალხო პარტიის" წევრებმა დასავლეთიდან, ისინი მაინც ხედავენ, როგორ იპარებიან პარტიიდან „მოაზროვნეები" და როგორ ეშლებათ პარტია ცხვირწინ", - წერს „ალია".
„მელია-ფარულავას დაპირისპირება არც პირველია და არც უკანასკნელი, „ნაციონალებში" თითქმის ყველა შეკრებაზე ხდება მსგავსი ინციდენტი. ის კი არა, ამას წინათ თქვენ დაწერეთ, მათი დაცვის უფროსმა ოფისიდან ავეჯიც კი მოიპარა. ეტყობა, ეგონა, გადაბარგების დრო მოვიდა და ვერაფერს გაიგებენო, მაგრამ უკან მიატანინეს.
გაიხსენეთ, როცა „ოთხეული" წავიდა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ეს ჯერ კიდევ არაფერია, „ნაციონალური მოძრაობა" კიდევ სამ ჯგუფად დაიშლება, გასაკვირიც იყო, აქამდე რომ არ დაიშალნენო. რამდენიც არ უნდა იტრაბახონ, პარტიის შიგნით დიდი პრობლემებია, იქიდან, ფაქტობრივად, გაძევებულია ბაჩანა ახალაიას „სასტავი" მისი მეუღლის, ანი ნადარეიშვილის მეთაურობით. ალბათ, ამჩნევთ, ეს ქალბატონი საერთოდ აღარ აქტიურობს. მათდა სამწუხაროდ, საქმეს არ შველის მიშა მაჭავარიანის განცხადებები ბრძოლის კიდევ უფრო მეტი ენერგიით გაგრძელებაზე. როდესაც გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ყვირის, საზოგადოებასთან შევთანხმდით, მილიარდერი საქართველოდან უნდა წავიდესო, მისივე აქტივისტები კულუარებში ბუზღუნებენ, გზის ფული მაინც მოგვეცით, თორემ სახლებიდან ფეხს აღარ გამოვადგამთო. ძალიან ბევრი მათი აქტივისტი უკვე აღარ დადის აქციებზე. მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ინტერნეტში „თავისუფალმა ზონამ", ანუ კობა ხაბაზმა, ყველას, ვინც ცოტა მაინც აზროვნებს, საკუთარი გვერდი გაუხსნა და ასე ვთქვათ, იქ უნდა იაქტიურონ დაუსწრებლად. თან თემებს აძლევენ, კონკრეტულად რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. „ნაციონალების" ჭკუით, ასე აპირებენ საინფორმაციო ომის მოგებას. სხვათა შორის, ეს რომეო ფარულავა ხშირად ჩაჰყავთ ხოლმე უკრაინაში, ის პარალელურად „თავისუფალი ზონის" წევრიც გახლავთ და ბოლო დროს პარტიაში საკმაოდ „გაბლატავდა". ნიკა მელიას ცემა „გამოაჯანმრთელებს" თუ არა, ვერ გეტყვით", - წერს „ალია".
„ალია" კომენტარისთვის ნიკა მელიას დაუკავშირდა, რომელმაც რომეო ფარულავას ცემის ფაქტი არ დაადასტურა:
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ საკითხზე, მართლა არ ვიცი. ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ვის მოაქვს ასეთი ამბები, ადამიანურად მაინტერესებს. თუ მაინცდამაინც ამბის შეთხზვაა, რატომ უნდა მეცემა რომეო და არა ირაკლი ან სხვა ვინმე? მართლა საინტერესოა, ვინ აბაზრებს ასეთ ამბებს"?
ნიკა მელია არ აკონკრეტებს, „ირაკლი"-ში ვის გულისხმობს - ღარიბაშვილს, სესიაშვილს თუ ფირცხალავას. ამ ქვეყანაში ბევრი ირაკლია...
კახელების თქმისა არ იყოს, თუ ბატონი აუცილებელია, მაშინ ამ „თანამდებობაზე" ჩვენი შაქრო დავნიშნოთო, თუ ცემა აუცილებელია, მაშინ ისევ „ჩვენ" რომეოს ვცემოთ - ჯერ ერთი, ამის გაკეთება იოლია და მეორეც - ერთი ადგილით რომ ჩამოვკიდოთ, მაინც არ იჩივლებს და შარში არ გაგვხვევს", - წერს სტატიის ავტორი.
წყარო: „ალია"