შუალედური საპარლამენტო არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილში გადამწყვეტ ფაზაში შედის. 31 ოქტომბრამდე ორი კვირაა დარჩენილი. მარტვილისაგან განსხვავებით, საგარეჯოს არჩევნები მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკური წრეების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. აქ ერთმანეთს „პატრიოტთა ალიანსი" და რესპუბლიკური პარტია უპირისპირდებიან. ირმა ინაშვილი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი და თამარ ხიდაშელი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის წევრი.
ინაშვილი ხიდაშელს მიზანმიმართულად მიჯნავს კოალიცია „ქათული ოცნებისაგან", ხოლო თამარ ხიდაშელს მუდმივად უწევს მტკიცება, რომ მისი კანდიდატურა პრემიერმა წარადგინა, რომ ის სახელისუფლებო კანდიდატია.
ინაშვილი საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, მოსახლეობის დაშინების ფაქტებზე საუბრობს, ხიდაშელი აცხადებს, რომ გააგრძელებს თინა ხიდაშელის დაწყებულ საქმეებსა და გზას. ინაშვილის ძალისხმევით, საგარეჯოს პოლიციის უფროსი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
ხელისუფლებას, რომელსაც „GDS"-ის ეთერში „სააკაშვილი-2" უწოდა, ინაშვილი (საგარეჯოს პოლიციის უფროსის გათავისუფლების გამო) მადლობას უხდის. ხიდაშელი ამტკიცებს, რომ ინაშვილს ფაქტები არ წარმოუდგენია და პოლიციის უფროსი (ფაქტების გარეშე) გაათავისუფლეს.
ცნობილია, რომ საგარეჯოს პოლიციის უფროსი თინა ხიდაშელის კადრად მოიაზრებოდა. მართალია, ის სისტემიდან არ გაუშვიათ, მაგრამ საგარეჯო დაატოვებინეს, ანუ ამ შემთხვევაში, თინა ხიდაშელს ინაშვილმა მოუგო. დავით ჭიაბერაშვილის გათავისუფლების ფაქტს მთელი საგარეჯო პოზიტიური განწყობით შეხვდა.
არჩევნების პერიოდში ინაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ მისი კონკურენტები იორმუღანლოში აზერბაიჯანული მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და მოტყუებას უწესო, უზნეო მეთოდებით ცდილობდნენ. არწმუნებდნენ აზერბაიჯანელებს, რომ ინაშვილს არ უყვარს ისინი და ინაშვილი ებრძვის მეჩეთებს. ამ ტყუილის საპირისპიროდ ინაშვილმა ყველა სტერეოტიპი დაანგრია, როცა იორმუღანლოს ერთ-ერთ ცნობილ მეჩეთში ადგილობრივ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ინაშვილი სათანადოდ შემოსილი შევიდა მეჩეთში და ისე მოკალათდა იატაკზე, როგორც მუსლიმების წესია, ანუ ამით პატივი სცა მუსლიმების რელიგიურ გრძნობებსა და ტრადიციას. პარალელურად, მუსლიმებმაც დიდი პატივისცემა გამოიჩინეს ინაშვილისადმი, რომელიც მეჩეთში შეიპატიჟეს. ცნობილია, რომ მანდილონებს მეჩეთში მხოლოდ განსაკუთებულ შემთხვევაში ეპატიჟებიან. მეჩეთში გადაღებული ფოტოების გავრცელების შემდეგ, ირმა ინაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მისმა საქციელმა, პირველ რიგში, ე.წ. ლიბერალები გააოცა, რომლებიც ინაშვილს წლების მანძილზე ბრალს სდებენ მუსლიმების სიძულვილში. „პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა აქაც მოიგო. როგორც პიარ-სპეციალისტები აცხადებენ, ის თვითნაბადი პოლიტიკოსია. თავისი უშუალობითა და გულწრელობით ადვილად პოულობს საერთო ენას ყველა ადამიანთან, მათი თანასწორია, მათი ტკივილისა და სიხარულის გამზიარებელია და სწორედ ამ თვისებების გამო, ინაშვილისადმი ხალხის სიყვარული დღითი დღე ძლიერდება. მასში ამომრჩეველი ხედავს არა უბალოდ კანდიდატს, არამედ გულშემატკივარს, შვილს, დედას, ნათესავს. სიძლირე და სიხისტე ინაშვილში შეწყმულია უბრალოებასა და გულჩვილობასთან.
საზოგადოებამ იხილია ფოტოები, სადაც საგარეჯოს გლეხობა ინაშვილთან ერთად ტირის. მეტიც, ერთ-ერთი გლეხი ინაშვილს ცრემლებს თავისი ცხვირსახოცით წმენდს. პიარ-სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს ან რჩევების ათვისების დიდი ნიჭის შედეგია, ან პიროვნული თვისებების. რადგან ფოტოებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა ორი კანდიდატის საარჩევნო ფოტომასალის ანალიზიც. სახელისუფლებო კანდიდატი დისტანცირებულია ამომჩეველთან. არაა ემოცია, დაკარგულია კონტაქტი. ბოლო ფოტოებზე (როგორც ჩანს, კონსულტანტების რჩევის შედეგად) შეინიშნება ადამიანებთან კონტაქტის დამყარების მცდელობა. მაგ. ხელის გადახვევა, ხელის ჩამორთმევა, ზომიერი ღიმილი, მაგრამ ეს არაა ის, რაც ჩანს ინაშვილის ფოტოებიდან: გულწრფელი სიყვარული, სითბო. საგარეჯოში ინაშვილს უკვე მედიკო მეზვრიშვილსაც ადარებენ, რომელიც დღემდე დიდი სიყვარულით სარგებლობს ადამიანებში. საბჭოთა დროის რეგიონული ლიდერი მედიკო მეზვრიშვილი მოსახლეობისათვის მზრუნველი დედა იყო და ამიტომაც ხალხში დღემდე ლეგენდები დადის მისი კეთილი საქმეების შესახებ. ინაშვილი თვითონაც აძლიერებს ამ განწყობებს. შეხვედრებისას მუდმივად დადებით კონტექსტში იხსენიებს მის უფროს მეგობარს ლევან თედიაშვილს და მედიკო მეზვრიშვილს. ოპონენტებმა წააგეს - „მუსლიმების მოძულე" ინაშვილს ეს იარლიყი პრაქტიკულად ვერ მიაკერეს. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელებმა მოკლე ვიდეო გაავრცელეს, სადაც აზერბაიჯანელების ქორწილში ინაშვილის ცეკვაა ასახული. ქორწილი, როგორც სათაურიდან ირკვევა, იორმუღანლოში გაიმართა. სულ რაღაც 2 დღეში ინაშვილის აზერბაიჯანულ ცეკვას ინტერნეტში 12 000-ზე მეტი მნახველი ჰყავს. მართალია, კრიტიკოსებმა ინაშვილს ქცევის მანერა და ცეკვის ილეთები დაუწუნეს, მაგრამ ამ კრიტიკას ინაშვილისთვის ხელი არ შეუშლია,- უპირობოდ გამხდარიყო აზერბაიჯანელების საყვარელი ქართველი პოლიტიკოსი ქალი. იორმუღანლოში ინაშვილს „უბრალო ქალს, ანუ ჩვენიანს" უწოდებენ. „პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა აქაც მოიგო. ამასობაში, თამარ ხიდაშელის სტილი მედიისა და კრიტიკოსების ყურადღების მიღმა დარჩა. ის არავის გაუკრიტიკებია და არც შეუქია. არ გაულანძღავს და არ მოფერებია. როგორც პიარ-სპეციალისტები ამბობენ,- სტანდატრული კანდიდატია! სტანდარტული კანდიდატი, ირმა ინაშვილთან შედარებით, რომელიც ყოველდღიურად აოცებს პოლიტიკურ წრეებსაც და საზოგადოებასაც, ანგრევს ამ სტერეოტიპებს.
სხვადასხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ ინაშვილს კონსულტაციას ისრაელიდან მოწვეული ლობისტები უწევენ, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს გოლდა მეირის გამოცდილებას უზიარებენ. აკი ცნობილია, რომ ინაშვილისთვის გოლდა მეირი და სუ ჩჟი მისაბაძი პოლიტიკოსებია. მოკლედ, 31 ოქტომბამდე 2 კვირა რჩება.
ვარაუდობენ, რომ ინაშვილი-ხიდაშელის ბრძოლა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამძაფრდება. თუ საგარეჯოელების განწყობით და ცალკეული კვლევებით ვიმსჯელებთ, ინაშვილს არჩევნები დიდი ხანია, მოგებული აქვს, მაგრამ დარჩენილია მთავარი დღე, არჩევნების დღე, გადამწყვეტი დღე ირმა ინაშვილისთვის.
რეგიონებიდან გავრცელებული ხმების მიხედვით, რასაც ინაშვილი არ ასაჯაროვებს, 31 ოქტომბრისათვის ირმა ინაშვილის მხარდასაჭერად საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან მოემართებიან მოხალისეები, რომლებიც შეკრებას საგარეჯოს მოედანზე აპირებენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
წყარო: frontnews.ge, თამარ ჯორჯიკია