„ვერსიის" ინფორმაციით, უკრაინის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქი, მილიარდერი იგორ კოლომოისკი და სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა შვეიცარიაში, კერძოდ, ძველი ჟენევის ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ „ვერსიას" ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა აცნობა. მისივე ინფორმაციით, კოლომოისკის კიდევ ორი შუახნის მამაკაცი ახლდა, რომლებიც გვერდით მაგიდასთან ისხდნენ და საუბარში არ ჩართულან.
ჩვენ ვთხოვეთ ინფორმატორს, დეტალურად გაეხსენებინა, სად და როდის მოხდა შეხვედრა და რატომ მიაქცია მათi ყურადღება. მისი თქმით, ერეკლე კოდუასა და კოლომოისკის შეხვედრა დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა:
„თავდაპირველად, კოდუა ვიცანი და ჩემი ყურადღება მან მიიქცია. მერე რომ დავაკვირდი, მოგვიანებით მივხვდი, რომ დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორთან ერთად იყო. ისინი სადილობდნენ და მშვიდად საუბრობდნენ... ეს ჰგავდა მეგობრულ შეხვედრას. დავაკვირდი, რომ კოლომოისკის კიდევ 2 მამაკაცი ახლდა, თუმცა ისინი სხვა მაგიდასთან ისხდნენ... არ ვიცი, ვერც ერთი მათგანი ვერ ვიცანი, მახსოვს, კოლომოისკის ყავისფერი ზამშეს პიჯაკი ეცვა... ეს დამამახსოვრდა. განსაკუთრებული ყურადღებაც არ მიმიქცევია. იქვე, ახლოს ვმუშაობ და შემთხვევით შევესწარი, დაახლოებით, ალბათ, 40 წუთი გაგრძელდა მათი შეხვედრა. მეტს ვერაფერს გეტყვით", - იხსენებს ქართველი ემიგრანტი.
რაც შეეხება ერეკლე კოდუას, იგი ჟურნალისტებმა ბოლოს ბუდაპეშტის აეროპორტში ნახეს... მის სახელს სულ უფრო იშვიათად ახსენებენ ყოფილი თანაგუნდელები „ნაციონალური მოძრაობიდან". შესაბამისად, ადვილად სავარაუდოა, რომ კოდუასა და ექს-პრეზიდენტის გუნდს შორის „შავმა კატამ გაირბინა". ახლა კი, ის ან ახალ კავშირებსა და ძალებს ეძებს, ანდა ამ „ძალებმა" იგი თავად იპოვეს. თუ ეს ასეა, ჟენევაში მილიარდერ იგორ კოლომოისკის კოდუასთან კონფიდენციალური შეხვედრა სწორედ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეიძლება მოვიაზროთ.
თავის მხრივ, უკრაინული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის უცხო არ არის კოლომოისკის ინტერესები. ადგილობრივი მედია ჯერ კიდევ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ოდესის გუბერნატორად დანიშვნისას წერდა, რომ პოროშენკომ სააკაშვილი მისი უმთავრესი მტრის წინააღმდეგ დაგეშილ ნაგაზად გამოიყენა. პოროშენკოს ბრძანებით, უკრაინის პროკურატურამ დაიწყო მოკვლევა და საქმე აღძრა კოლომოისკის მიერ დაფინანსებული გასამხედროებული ფორმირება „აიდარის" მებრძოლების წინააღმდეგ. პოროშენკომ ამით კოლომოისკის ღია ომი გამოუცხადა. იგი მის ჩაძირვას ცდილობს.
თავად კოლომოისკი წარმოშობით დნეპროპეტროვსკიდანაა. იგი ამ ოლქის გუბერნატორი იყო, მაგრამ პოროშენკოსთან დაპირისპირების გამო თანამდებობის დატოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, ის ამ ქალაქში დღესაც ძლიერ პოზიციას იკავებს და არა მარტო იქ. მისი ყოფილი ხელქვეითი, ოდესის გუბერნატორი იგორ პალიცა სააკაშვილმა შეცვალა. გარდა ამისა, კოლომოისკი აფინანსებს და, ფაქტობრივად, მართავს მოხალისეთა რამდენიმე ბატალიონს, „აიდარის", „დნეპრს" და „შტურმს".
კოლომოისკი უკრაინაში უმსხვილესი სამრეწველო-საფინანსო ჯგუფ „პრივარის" დამფუძნებელია. მას აქვს ბიზნესი და გავლენა საბანკო სექტორში, ნავთობის, მეტალურგიის, კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, საჰაერო ტრანსპორტის, სპორტისა და მედიის სფეროებში. ის უკრაინის უმდიდრეს ადამიანთა ოფიციალურ რეიტინგებში მეორე ადგილს იკავებს. 2013 წლის მონაცემებით, კოლომოისკის ქონება 3,645 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
გაზეთი „ვერსია"