უკრაინის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქი, მილიარდერი იგორ კოლომოისკი და სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა შვეიცარიაში, კერძოდ, ძველი ჟენევის ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ. ინფორმაციას გაზეთი „ვერსია" ავრცელებს. მედიის განმარტებით, ამ შეხვედრის შესახებ მათ ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა აცნობა.
სტატიის ავტორი წერს: ამ ფაქტს ყურადღებას არც მივაქცევდი და, როგორც ბევრ სხვა შემთხვევას, არც ამას გავხდიდი საქართველოში საჯაროდ, რომ არა კოლომოისკის ღია და მტრული დამოკიდებულება საქართველოს ექს-პრეზიდენტის, შესაბამისად, მისი თანაგუნდელების მიმართ. ახლახან უკრაინულმა მედიამ ინფორმაციაც გაავრცელა, რომ ოლიგარქი სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს. ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს საკმარისი მტკიცებულება ოდესის პორტში კონტრაბანდასთან იგორ კოლომოისკის კავშირის შესახებ. ასევე მან აღნიშნა, რომ საქართველოში მისი პრეზიდენტობის პერიოდში კოლომოისკი მისი გუნდის წევრებს ქრთამს სთავაზობდა. მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს ასევე განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი გადაწყვეტილებებს იღებს არა უკრაინელი ხალხის, არამედ ადგილობრივი ოლიგარქების, კერძოდ კი, იგორ კოლომოისკისა და რენატ ახმეტოვის სასარგებლოდ. თავის მხრივ კი, კოლომოისკიმ ბრალდებებზე მწვავე რეაქცია გამოხატა და განაცხადა, რომ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს, რადგან „ეს ძალზე სერიოზული ბრალდებაა" და მისი დასაბუთება მოუწევს.
დნეპროპეტროვსკის ყოფილმა გუბერნატორმა ოდესის გუბერნატორს „მკბენარა ძაღლიც" უწოდა და მისი საქართველოში გაგზავნა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
„როდესაც უალიკაპო ძაღლი ვიღაცას კბენს, საჭიროა ძაღლის დასჯაც და პატრონისაც", - აღნიშნა უკრაინელმა ოლიგარქმა და დასძინა, რომ ასეთ ცხოველებს, მსგავს შემთხვევაში, აძინებენ ხოლმე. კოლომოისკის თქმით, მან „იქ (საქართველოში) დაკბენილი ხალხისთვის პასუხი უნდა აგოს". „რაც შეეხება პატრონს, ჩვენ გვესმის, ვინ არის ის", - განაცხადა ოლიგარქმა. კოლომოისკიმ მიხეილ სააკაშვილი ნარკოტიკების მოხმარებაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოდესის გუბერნატორმა თავისი სიტყვებისთვის სასამართლოს გზით ფულით უნდა აგოს პასუხი. ცოტა უფრო ადრე, კოლომოისკიმ უკვე დააანონსა, სააკაშვილი სულ მალე ოდესას კრემლს ჩააბარებსო და საკუთარ ტელეარხ „1%1"-ზე სააკაშვილის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ფილმიც გაუშვა.
კოლომოისკი წარმოშობით დნეპროპეტროვსკიდანაა. იგი ამ ოლქის გუბერნატორი იყო, მაგრამ პოროშენკოსთან დაპირისპირების გამო თანამდებობის დატოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, ის ამ ქალაქში დღესაც ძლიერ პოზიციას იკავებს და არა მარტო იქ. კოლომოისკი აფინანსებს და, ფაქტობრივად, მართავს მოხალისეთა რამდენიმე ბატალიონს, „აიდარის", „დნეპრს" და „შტურმს", - წერს სტატიის ავტორი.
გაზეთი „ვერსია"