reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: „ისლამური ხალიფატი“ საქართველოს ტრანზიტულ კორიდორად გამოიყენებს - ქვეყანა არის რეალური საფრთხის წინაშე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:24
ინტერვიუ
ვახტანგ მაისაია: „ისლამური ხალიფატი“ საქართველოს ტრანზიტულ კორიდორად გამოიყენებს - ქვეყანა არის რეალური საფრთხის წინაშე
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2015. 18:56



სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეპორტიორთან"  ინტერვიუში სირიის კონფლიქტზე საუბრობს და ამ მიმართულებით საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას:


- ვიცით, რომ სირიაში სიტუაცია გართულებულია, ლოკალური ომიდან გადავიდა რეგიონალური ომის დონეზე. ფაქტობრივად, პროცესში ჩაერთნენ დიდი დონის გეოპოლიტიკური მოთამაშეები. რუსეთის ინტერვენციის შედეგად სიტუაციამ კიდევ უფრო მძაფრი ხასიათი მიიღო. იქ იმდენად რთული ვითარებაა, რომ ყველა ყველას ებრძვის. ყველა საკუთარ ინტერესებს იცავს, ამერიკაც, ევროკავშირიც, რუსეთიც, ირანიც, თურქეთიცა და ჩინეთიც. ჩინეთსაც აქვს თავისი ინტერესები და აპირებს, სამხედრო ტიპის ჩართულობაში მიიღოს მონაწილეობა. ჩინეთს ასადის რეჟიმთან გააჩნია საკმაოდ დიდი თანამშრომლობა, მათი იდეოლოგიური ურთიერთობებიდან გამომდინარე. ჩინეთი მთლიანად არის დამოკიდებული აღმოსავლეთის ენერგომატარებლებზე. ბუნებრივია, რომ ჩინეთს აქვს საკმაოდ პირდაპირი ინტერესი ამ რეგიონში და ასევე სურს, თავისი ძალა აჩვენოს, როგორც მთავარმა გეოსტრატეგიულმა მოთამაშემ. რუსეთთან ჩინეთის ალიანსი, რომელიც ფაქტობრივად უკვე შედგა და შემდგომი ურთიერთობები, მათ შორის ერთობლივი წვრთნები, ინდიკაციას უკეთებს, რომ ჩინეთი, ირანი და რუსეთი არიან ერთი გაერთიანების ქვეშ.


ასადის რეჟიმის წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს გაერთიანებული ალიანსი და ახორციელებენ ორი ტიპის ოპერაციას, ჰაერი-ხმელეთი და ზღვა-ხმელეთი. უახლოეს მომავალში დაიწყებენ სახმელეთო ოპერაციებს, სადაც, როგორც ჩანს რუსებიც მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას. ამჟამად ირანის რეგულარული ნაწილები ღიად არიან ჩაბმული ამ კონფლიქტში.


ევროკავშირმა დაიწყო ცალკე ოპერაცია. საფრანგეთმა რომ დაიწყო დაბომბვები „ისლამური ხალიფატის" წინააღმდეგ, ესეც საინტერესო გარემოებაა, რადგან ფაქტობრივად, ევროკავშირი გამოდის ცალკე აქტორად. ევროკავშირი სირიის კონფლიქტში ჩაერთო როგორც ცალკე გეოპოლიტიკური ძალა. საფრანგეთის დაბომბვების სერია ამის რეალური გამოხატულებაა. მითუმეტეს, რომ სირიისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებით ევროკავშირსა და ამერიკას განსხვავებული პოზიციები აქვთ. შესაბამისად, თუ ევროკავშირის ძირითადი ქვეყნები, გერმანია და საფრანგეთი ემხრობიან რუსეთთან საერთო შეხების წერტილის მონახვასა და ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანებას „ისლამური ხალიფატის" წინააღმდეგ, ამერიკელები ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ სირიის კონფლიქტმა მიიღო გლობალური დაპირისპირების კონფიგურაცია. შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს.

 

- როდის გაჩნდა საქართველოსთვის პირველი საფრთხე?


- თურქეთის ნაბიჯებმა გამოიწვია ამ კონფლიქტის ესკალაცია. როდესაც თურქეთი შეიჭრა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, რათა იქ შეექმნა უსაფრთხოების ზონა, ამით ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ორ მიმართულებას - ქურთების პარტიასა და „ისლამური ხალიფატის" დაჯგუფებას. ამ პერიოდში საქართველომ მიიღო პირველი დარტყმა, როდესაც ფაქტობრივად, გავხდით ენერგომოწყვლადი ქვეყანა, როდესაც ორ გაზსადენზე განხორციელდა ტერაქტი. ამაზე პასუხისმგებლობა აიღო ქურთების მუშათა პარტიამ. რამდენიმე ხნის განმავლობაში, ამის გამო, ფაქტობრივად, შეწყდა ენერგომატარებლების მიწოდება სამხრეთკავკასიური გაზსადენის მეშვეობით.


პირველი ნაბიჯი გადადგეს ანტიხალიფატურმა ძალებმა. ახლა „ხალიფატის" ძალების ჯერია. „ხალიფატი" საკმაოდ სერიოზული და გავლენიანი ერთგვარი სახელმწიფოა, რომელსაც გააჩნია  აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ხედვა. „ისლამურ ხალიფატში" გაწევრიანებულია დაახლოებით 44 რადიკალ-ისლამისტური დაჯგუფება. მათ შორის თალიბანი და სხვა. „ხალიფატმა" ფაქტობრივად გამოაცხადა „ჯიჰადი" ამერიკისა და რუსეთის წინააღმდეგ. ამის პირველი ნიშნებია ის, რომ მოსკოვში დააკავეს 5-კაციანი დაჯგუფება, რომელიც ტერაქტების მოწყობას აპირებდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ „ისლამურ ხალიფატს" გააჩნია სპეციფიკური საქმიანობის უნარი და „ხალიფატში" მოქმედებს დაახლოებით 5 სპეცსამსახური, შეიძლება ითქვას, რომ „ხალიფატმა" სპეციალურად „დაწვა" ეს ჯგუფი. ეს იყო ერთგვარი სიგნალი მოსკოვისთვის, რომ სხვა ჯგუფებიც მოქმედებენ. მოსკოვში ამის გამო საკმაო მღელვარება უკვე შეიმჩნევა.


ასევე იზრდება „ისლამური ხალიფატის" წევრების დაბრუნების ტენდენცია ჩრდილოეთ კავკასიაში. მათ უკვე გააკეთეს შესაბამისი ვიდეორგოლი, სადაც პირდაპირ აღნიშნეს, რომ მოქმედებას იწყებენ. ეს ორი მესიჯი აღნიშნავს, რომ „ისლამური ხალიფატი" გააქტიურდება რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში, ჩრდილოეთ კავკასიაში.


- რა ადგილი უკავია ამ კონფლიქტში საქართველოს?

 

- ბუნებრივია, „ისლამური ხალიფატი" საქართველოს გამოიყენებს როგორც ტრანზიტულ კორიდორს. მათ დასჭირდებათ მებრძოლების გადასროლა რუსეთში და ყველაზე მოკლე და უხიფათო გზა მათთვის, როგორც თავად თვლიან, არის ეს სატრანზიტო მონაკვეთი. აქედან გამომდინარე, საშიშროების დონე როგორი შეიძლება იყოს ჩვენთან, მგონი, ეს ისედაც გასაგებია. მითუმეტეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანში არის მიძინებული ქსელები, რომლებიც კარგად არიან გადასული იატაკქვეშეთში და როდის მიიღებენ ბრძანებას, რომ აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ, არავინ იცის. ესეც ძალიან საშიშია ჩვენთვის. მითუმეტეს, საქართველო დღეს ისეთი რთული პოლიტიკური ურთიერთობების დონეზეა, ერთი ნაპერწკალიც საკმარისია, თუნდაც ეთნიკური კონფლიქტის დასაწყებად. ამან ძალიან მარტივად შეიძლება მიიღოს გლობალური გეოპოლიტიკური დაპირისპირების სახე.


ახლა შიიტებსა და სუნიტებს შორის არის დაპირისპირება და ამ მიმართულებით „ხალიფატის" იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული მანქანა ამოქმედებულია, რათა ამ კუთხითაც წარმოაჩინონ პროცესები და განავითარონ კიდევ ერთი კონფლიქტური ინსპირაცია. საქართველოში საქმის ასეთმა მიმართულებამ შესაძლოა გამოიწვიოს კიდევ უფრო რთული ვითარება. თუმცა, „ისლამური ხალიფატი" თავისი იდეოლოგიური მრწამსით სალაფიტურ რელიგიურ-იდეოლოგიურ პოსტულატებს ეფუძნება. სალაფიზმი არის სექტანტური მიმდინარეობა და უფრო შეესაბამება იდეოლოგიას, ვიდრე რელიგიას. ტერმინიც გაჩნდა „პოლიტიკური სალაფიზმის" სახით, როგორც იყო ფაშიზმი და ნაციზმი.


- რა პრევენციული ზომები უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში სახელმწიფომ?


- სახლმწიფომ მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამოიჩინოს. საფრთხეების პრევენცია მოითხოვს სპეციფიკურ მიდგომას და არა იმ მეთოდებით მოგვარებას, რომელსაც მიჩვეულნი არიან ქართველი სპეცსამსახურები. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ეს არის გლობალური დონის საფრთხე და, ბუნებრივია, ჩვენ ამ შემთხვევაში ცალკე მოთამაშე ვერ ვიქნებით. რეგიონულ დონეზე უნდა მოხდეს სპეცსამსახურების საქმიანობის მჭიდრო კოორდინაცია და საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი უნდა შეიქმნას.


აუცილებელია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა. ზოგადად დროა, რომ გლობალურ დონეზე შეიქმნას ტერორიზმთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრი. ქვეყანა არის რეალური საფრთხის წინაშე და აუცილებელია ასეთი ცენტრის შექმნა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016