reportiori.ge - საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:22
რელიგია
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2015. 21:58


რელიგიური უმცირესობის ნაწილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„რეპორტიორი" განცხადებას უცვლელდ გთავაზობთ:


"როგორც გუშინ საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, რელიგიური უმცირესობის ნაწილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ისინი ითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების გაუქმებას, რომელიც სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს ჩვენს ეკლესიას. კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერი დისკრიმინაციულია სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში.

ერთი ან რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისათვის საგადასახადო ან სხვა სახის შეღავათების მიცემა ჩვეულებრივი პრაქტიკაა ევროპის კავშირის წევრი მრავალი ქვეყნისთვის. ამ სივრცეში არსებობს სხვადასხვა მექანიზმები რელიგიური გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერისათვის: იქნება ეს პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება, საგადასახადო შეღავათები თუ საეკლესიო გადასახადები. დანიის, საბერძნეთის, ფინეთის, ესპანეთის თუ სხვა ქვეყნების მაგალითები ამის ნათელი დადასტურებაა. საერთაშორისო აქტებსა თუ რეკომენდაციებშიც ამგვარი პრაქტიკა დისკრიმინაციად არაა მიჩნეული. მაგალითად, 2004 წლის ,,რეკომენდაციებში რწმენისა და აღმსარებლობის სფეროში კანონმდებლობის ანალიზისათვის", რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისაგან და მოწონებულია ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის მიერ, აღნიშნულია: "ბევრ ქვეყანაში გარკვეულ რელიგიურ ინსტიტუტებს შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფოს მიერ დაწესებული მრავალი შეღავათი - გადასახადების გადახდა იქნება ეს თუ პირდაპირი სუბსიდიები. როგორც წესი, არც ერთი ზემოაღნიშნული პრივილეგიის უბრალო მინიჭება არ ეწინააღმდეგება რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უფლებას". ამასთან მითითებულია, რომ მისაღებია ქვეყნის ისტორიაში ამა თუ იმ რელიგიის განსაკუთრებული როლის აღნიშვნა: "კანონმდებლობა რომელიც აღიარებს სხვადასხვა რელიგიის ისტორიულად განპირობებულ როლს გარკვეული ქვეყნის ისტორიიის ჩამოყალიბებაში, დასაშვებია იმ პირობით, რომ ეს არ იქნება დისკრიმინაციის საბაბი".

ყოველივე ამის გათვალისწინებითაა, რომ გერმანიაში, ავსტრიაში, ლიტვაში სახელმწიფოს მხრიდან შეღავათები დაწესებულია მაღალი და არასაბაზისო სტატუსის მქონე რელიგიური გაერთიანებებისათვის, ხოლო სხვა რელიგიური გაერთიანებებისათვის ეს დაშვებული არ არის.

შეგახსენებთ ეუთოს 1999 წლის საცნობარო დოკუმენტსაც "რელიგიისა და რწმენის თავისუფლება: კანონი, რომელიც გავლენას ახდენს რელიგიური გაეთიანებათა სტრუქტურაზე", სადაც წერია რომ: "დღეისათვის ამგვარი განსხვავება არ არღვევს თანასწორი მოპყრობის კანონებს, ალბათ, იმის გამო რომ თვით ასეთ სისტემაში არსებული შეხედულებები ბუნებრივად გამომდინარეობს ისტორიიდან, ტრადიციებიდან, დაგროვილი გარემოებებიდან...".

ასევე შეგახსენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე - "იგლესია ბაუტისტა და ორტეგა მორატილა ესპანეთის წინააღმდეგ", სადაც სასამართლომ დისკრიმინაციად არ მიიჩნია ის საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ესპანეთში სარგებლობს მხოლოდ კათოლიკური ეკლესია. მაგალითების მოყვანას აღარ გავაგრძელებთ.

ყოველივე ეს ვფიქრობთ თვალნათლივ მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ჩვენთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათები რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს, არამედ ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკას და ბუნებრივია, დისკრიმინაციასთან საერთო არაფერი აქვს.

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ რელიგიური უმცირესობებისათვის კომუნისტურ პერიოდში მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების საკითხს. დიდი ხანია საუბარია ტრადიციული რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში გარკვეული, მათ შორის საგადასახადო, შეღავათების მინიჭებაზეც.

ამ ფონზე სრულიად გაუგებარია რიგი რელიგიური უმცირესობების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, რომელიც მიზნად კი არ ისახავს მათთვის მსგავსი შეღავათების დაშვებას, არამედ ჩვენი ეკლესიისათვის შეღავათების გაუქმებას. საქართველოს საპატრიარქო მომავალ კვირას ამ საკითხის განსახილველად ინტერრელიგიური საბჭოს ფორმატში დიალოგისათვის იწვევს რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს", - ნათქვამია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016